LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წელი გავიდა და მრცხვენია ცოცხალი რომ ვარ…ნამდვილი სიყვარული უკურნებელი სენია – გელა ჩარკვიანის ემოციური ინტერვიუ (ვიდეო)

987
BeFunky-collage (1)

რა არის ნამდვილი სიყვარული, არის თუ არა შესაძლებელი რამდენჯერმე შეყვარება და რა აიძულებს ადამიანს წეროს იმაზე, რაც ერთი შეხედვით ინტიმური ამბავია? – ამ საინტერესო თემაზე გიორგი კეკელიძის მიერ დასმულ კითხვებს მწერალმა გელა ჩარკვიანმა უპასუხა.

როგორია სიყვარულის მუსიკა?

ჩემთვის სიყვარულის მუსიკა უფრო სევდიანია, ვიდრე მხიარული, იმიტომ რომ სიყვარულის მენიუში  სევდაც შედის… მუსიკის წერაზე და კომპოზიტორობაზე დიდი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როცა ვწერ, ჩემი პრინციპია, უცბად, იმ წუთას რაც მაქვს, ის გავაჟღერო…

რას ნიშნავს დამალული სიყვარული?

სიტყვასაც შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს, საზოგადოებისგან მალვას თუ სიყვარულისგან…. მე ვეთანხმები შეყვარებულისგან მალვას, რომ არ გავახმოვანო მასთან ჩემი სიყვარული… მთელი ჩემი ცხოვრება,ადამიანისთვის, რომელიც მიყვარდა და დღესაც ასე ძალიან მიყვარს, არასდროს არ მითქვამს, რომ ის მიყვარდა…

რამდენჯერმე შეყვარება თუ არის შესაძლებელი?

მე მაინც მგონია, რომ არა… სიყვარულსაც ხომ აქვს თავისი ხარისხი, უფრო სწორედ თავისი ძალა…ის სიყვარული, რომელზეც მე ვლაპარაკობ, არ შეიძლება ორჯერ მოვიდეს, მაგრამ დღეს ხომ ყველაფერს სიყვარულს ეძახიან. მე გეტყვით ნამდვილ დეფინიციას სიყვარულის, რომელსაც აქვს უძლიერესი პირველი მუხტი, მაგრამ არ ნელდება მთელი თანაცხოვრების მანძილზე, პირიქით, ძლიერდება… აი, ეს არის ნამდვილი სიყვარული.

პირველი მუხტი წყვეტს ყველაფერს, ამის შეფასება ადვილი არ არის… სიყვარული ისევ მსხვერპლით შეგვიძლია შევაფასოთ… ჩემი მსხვერპლი იყო ის, რომ ლექციებზე  სიარულს შევეშვი, ყველაფერზე ჩავიჭერი, საერთოდ მივანებე თავი, დილით მივდიოდი ნანასთან, რომელიც იჯდა ფორტეპიანოსთან და ემზადებოდა გამოცდებისთვის. მე კი ვიჯექი ტახტზე და ხან ლექსს დავწერდი, ხან მუსიკას… ნუ არის ახლა ეს მსხვერპლი თუ არა?

რა აიძულებს ადამიანს, რომ წეროს იმაზე, რაც ერთი შეხედვით ინტიმური ამბავია?

მე ეს ყველაფერი ტრაგედიამ მაიძულა. ნანა რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება სიყვარულზე ამდენი არ მეწერა. დავრწმუნდი, რომ ნამდვილი სიყვარული უკურნებელი სენია, იმიტომ რომ არ გადის დღე, განსაკუთრებით საღამო, როცა დაბნელდება, არ გადის დრო, რომ მე კვლავ არ ვიფიქრო და სინდისის ქენჯამ არ ამიტანოს…მართალია ჩვენ არ შევპირებულვართ ერთმანეთს, რომ ერთის სიკვდილის შემდეგ, მეორე თავს მოვიკლავდით, მაგრამ ჩვენი ერთობის სიმძლავრე ამას გვავალდებულებდა, მაგრამ მრცხვენია, რვა წელი გავიდა და მე კიდე ცოცხალი ვარ…

 

https://www.facebook.com/GiKekelidze/videos/697630170772658/?v=697630170772658

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები