თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პლაზმის მეთოდით მკურნალობის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთ პაციენტთან ცალსახად დადებითი შედეგი გამოიღო, ხოლო მეორე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა, ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული, სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენეთ ორჯერ, ორჯერ გადავასხით პლაზმა და არამარტო პლაზმა, ჩვენ იქ ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა, მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი”. ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე თქმით, 83 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და რამდენიმე დღეში გაირკვევა ის, თუ რამდენად სტაბილურად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა.
“ჩვენ არ ვჩქარობთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას. ეს არ იქნება სწორი, როდესაც რამდენიმე დღეში საბოლოოდ გახდება ნათელი, ეს პაციენტი სტაბილურად წავიდა გაუმჯობესებისკენ, თუ ეს გაუმჯობესება იყო დროებითი და ის შეიძლება, კვლავ დამძიმდეს, ამის შემდეგ საბოლოო ანალიზის შედეგებს დავდებთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.