“9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ერთ-ერთი პირველი აგური იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის მყიფე ფასადიდან ჩამოვარდა, რასაც შემდგომში მსგავსი მოვლენების კასკადი მოჰყვა კავშირის მთელი მასშტაბით, მათ შორის ლიეტუვაშიც.” – 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს ლიეტუვის საელჩო და განცხადებას ავრცელებს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა
როგორც გავრცელებულ მიმართვაში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა აღნიშნავს, ლიეტუვას ასევე აქვს თავისუფლების მოსაპოვებლად მსხვერპლის გაღების მტკივნეული გამოცდილება, რის გამოც კარგად ესმის ასეთ თარიღებთან დაკავშირებული მოგონებები და ემოციები.
“ამ დღეს, 1989 წელს ქართველი ხალხი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული პროტესტის მონაწილეების სახით წინ აღუდგა საბჭოთა იმპერიას და დააფიქსირა საკუთარი ლეგიტიმური მისწრაფება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მმართველობისაკენ.
იმპერიამ ამ სამართლიან მოთხოვნებს ძალა და აგრესია დაუპირისპირა, რასაც სამწუხაროდ 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბევრად მეტი კი დაშავდა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ერთ-ერთი პირველი აგური იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის მყიფე ფასადიდან ჩამოვარდა, რასაც შემდგომში მსგავსი მოვლენების კასკადი მოჰყვა კავშირის მთელი მასშტაბით, მათ შორის ლიეტუვაშიც.
ამ მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა, რითაც პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ შეუერთდა თავისუფალ სამყაროს.” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კალინდრამ აღნიშნა, ლიეტუვა პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს და დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად რჩება.