უსინათლოთა კავშირის ყოფილი თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. უსინათლოთა კავშირის შენობაში მე-14 დღეა შიმშილობენ.
უსინათლოთა კავშირის ყოფილი წევრი, ლელა ვეფხვაძე ხელისუფლებას და უსინათლოთა კავშირს მიმართავს.
„მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაჩემს. დედაჩემი ჩვენთვის ყოველ დღე ტირის. ლუკმა ყელში არ გადასდის. გვაპატიე, დე, თქვენ იცით, რომ ჩვენ არასოდეს ვივლით უღირსები.
გვაპატიე, რომ ჩვენ გაგიმეტეთ ნერვიულობისთვის და ტირილისთვის.
მინდა, სახელმწიფოს და ხელისუფლებას მივმართო. მინდა, მივმართო უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობას.
თქვენც ხომ შვილები და დედები ხართ. ნუთუ ერთი ადამიანის მსხვერპლი უნდა გახდეს ამდენი ადამიანი. მარტო ჩვენ არა, ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები.
ხალხო, რა გჭირთ ასეთი რა გული გაქვთ, გამაგებინეთ. როგორ უძლებთ ამ ყველაფერს, როგორ მოძრაობთ, როგორც სუნთქავთ. როგორ გძინავთ, მითხარით, რა “. – ამბობს ლელა ვეფხვაძე „ფორმულასთან“ საუბრისას.
უსინათლოთა კავშირის ყოფილი თანამშრომლების პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება. სამსახურიდან გათავისუფლებულები თითქმის ორი კვირაა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.