LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მთავარი ფილმი, რომელიც „ოსკარისთვის“ იბრძვის

ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონია 4 მარტს გაიმართება. იქამდე კი კინომოყვარულები მსჯელობენ, ვინ გახდება გამარჯვებული „ოსკარის“ მთავარ ნომინაციაში. ყველაზე დიდი ინტერესი კი, ცხადია წლის საუკეთესო ფილმისკენაა მიმართული. საინტერესოა, რას ფიქრობთ, რომელი მათგანი დაიმსახურებს წლის მთავარი ფილმის წოდებას.

შენი სახელით მომმართე / Call Me by Your Name

17 წლის ელიოს ისტორია, რომელიც ზაფხულის არდადეგებს ვილაზე, მშობლებთან ერთად ატარებს. მთავარი გმირი პლაჟზე სეირნობით, მეგობარ გოგონასთან შეხვედრებით, კლასიკური მუსიკის მოსმენითა და კითხვით ირთობს თავს. ეს იდილია კი მაშინ ირღვევა, როცა მათთან სტუმრად მამის მეგობარი, ამერიკელი მეცნიერი ოლივერი ჩამოდის. ფილმი ბრაზილიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ს კოპროდუქციაა.

მძიმე დროება / Darkest Hour

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის გარი ოლდნმენი წელს  უდაოდ მიიღებს „ოსკარს“. რაც შეეხება ფილმს, ის ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ისტორიას გვიყვება. თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში მას ცხოვრებაში ყველაზე რთული პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს. მან ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობას ხელი უნდა მოაწეროს ან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლება დაიცვას.

დიუნკერკი / Dunkirk

ქრისტოფერ ნოლანის ისტორიული ფილმი, სადაც მთავარ როლებს კენეტ ბრანა, მარკ რაილენსი და ტომ ჰარდი ასრულებენ. თავად ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს, დიუნკერკის ევაკუაციის ისტორიას გვიყვება.

თავს უშველე / Get Out

საშინელებათა ჟანრის ფილმი, სადაც მთავარი როლის შემსრულებელმა, დანიელ კალუიამ უკვე მიიღო ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში. თავად ფილმი ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის ისტორიას გვიყვება, რომელიც თავისი თეთრკანიანი შეყვარებულის ოჯახს სტუმრობს. ოჯახი განმარტოებით მიტოვებულ სახლში ცხოვრობს და დიდ საიდუმლოს მალავს.

ლედი ბერდი / Lady Bird

ჭირვეული მოზარდის ისტორია, რომელიც ცდილობს გაიქცეს მშობლიური ქალაქიდან და ამაში მას ნახევარძმა ეხმარება. გრეტა გერვიგის ფილმში მთავარ როლს სირშა რონანი ასრულებს, რომელიც წელს ასევე ნომინირებულია „ოსკარზე“.

უხილავი ძაფი / Phantom Thread

ტიტულოვანი რეჟისორის, პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი ნიჭიერი დიზაინერისა და ახალგაზრდა გოგონას სიყვარულის ისტორიაზეა დაფუძნებული, რომელიც 50-იანი წლების ლონდონში ვითარდება. კინოსურათში მთავარ როლს დენიელ დეი ლუისი ასრულებს, რომელიც წელს ასევე ნომინირებულია „ოსკარზე“.

საიდუმლო დოკუმენტები / The Post

სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი The Washington Post-ისა და The New York Times-ის ჟურნალისტების დაპირისპირებაზე გვიყვება. კინოსურათი გამორჩეულია იმითაც, რომ მასში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, სარა პოლსონი და ტომ ჰენქსი ასრულებენ.

სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური / Three Billboards Outside Ebbing, Missouri

ეს არის წლის ყველაზე ხმაურიანი კინოსურათი, რომელიც უკვე გახდა „ოქროს გლობუსისა“ და ბრიტანული კინოაკადემიის ტრიუმფატორი. ფილმი გენიალურმა მარტინ მაკდონმა გადაიღო და ის შვილმკვდარი დედის ისტორიას გვიყვება. ფრენდის მაქდორმანის გმირი სამართალდამცავებთან დაპირისპირების ფონზე ცდილობს, მათ შვილის მკვლელობის საქმის გახსნა აიძულოს. ბევრი თვლის, რომ სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდება ამერიკის კინოაკადემიის რჩეული.

წყლის ფორმა / The Shape of Water

გილიერმო დელ ტოროს საოცარი ფილმი, რომელსაც სამი ბილბორდის მსგავსად, „ოსკარის“ მოპოვების ყველაზე რეალური შანსი აქვს. ფილმის მთავარი პერსონაჟი საიდუმლო საბრძოლო ლაბორატორიაში მომუშავე დამლაგებელია, რომელსაც ცოცხალი არსება, ამფიბია შეუყვარდება. მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, დამლაგებელი კი მის გადარჩენას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g