ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა.
როგორც ლევან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს გადაწყვეტილება ერთგვარი სოლიდარობის ნიშანია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრების მიმართ, რომელთა ინიციატივაც კომისიამ არ გაითვალისწინა.
როგორც შენგელიამ აღნიშნა, მესამე სექტორის ორ წარმომადგენელს გუშინდელ სხდომაზე ჰქონდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები, მუშაობას შეაჩერებდნენ.
ამასთან, შენგელიას თქმით, თავიანთი ეს გადაწყვეტილება დაუკავშირეს იმ გარემოებას, რაც უკავშირდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს.
შენგელიას ინფორმაციითვე, ერთ-ერთმა მათგანმა სხდომების 15 აპრილამდე გადადება ითხოვა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.
„გუშინ იყო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა, რომელიც ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხებს. ამ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა კომისიის ორმა წევრმა განცხადებით მიმართა კომისიას და აღნიშნა შეუძლებლობის შესახებ თავიანთი მონაწილეობისა და თქვეს, რომ სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები, ისინი მუშაობას შეაჩერებდნენ. ასევე თავიანთი ეს გადაწყვეტილება დაუკავშირეს იმ გარემოებას, რაც უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს. მათ მოკლედ აღნიშნეს, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, მიუღებელი სხვადასხვა არგუმენტით და ა.შ. მათი განცხადების შესახებ მე დეტალებში არ შევალ ერთადერთი მიზეზით, რომ საზოგადოებამ ისედაც იცის არგუმენტები, რასაც სამოქალაქო საზოგადოება გამოხატავს ამ აღნიშნული კანონის მიმართ. კომისიის წევრების არგუმენტები არ განსხვავდებოდა ამ მოსაზრებებისგან.
ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ იქნებ 15 აპრილამდე მაინც გადაგვედო სხდომები, რომ იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით მერე მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება მონაწილეობის გაგრძელების ან შეწყვეტის. ამის შემდეგ უკვე მე ვკითხე კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს, რომ მოთხოვნილი ვადა ეტევა თუ არა რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაო ვადაში, ანუ ხომ არ არღვევს ჩვენი მოცდის შემთხვევაში დროის თვალსაზრისით და მათი არმონაწილეობა ხომ არ აფერხებს კომისიის მუშაობას და ართმევს მას კომისიის ძალას. იქ იურისტებმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა განმარტეს, რომ არ არღვევს და შესაძლებელია.
ამის შემდეგ მივმართე მათ წინადადებით, რომ გაგვეთვალისწინებინა ჩვენი კომისიის წევრების ეს შეთავაზება და გვევლო იმ პრინციპით, რომელსაც უმცირესი წინააღმდეგობის გზა, ანუ თეორიულად შენარჩუნება იმ შანსისა, რომ ეს პროცესი ისევე ჰარმონიულად გაგრძელდეს, როგორც აქამდე იყო ჩაფიქრებული. კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის მიზანშეწონილი, რის გამოც, მინდა სინანული გამოვთქვა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს იყო კარგი ჟესტი და გარკვეული შესაძლებლობების გაჩენა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კომისიის ეს გადაწყვეტილება არის კანონიერი და მათ აქვთ უფლება გააგრძელონ მუშობა. დღეს აქ არის მეორე სხდომა. ამის შემდეგ გაიმართა ამ საკითხის განხილვა პრეზიდენტთან და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რადგან ასეთი ელფერი მიიღო ამ კომისიამ, ამ შემთხვევაში მე როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი კომისიის წევრი ასევე ვაჩერებ ჩემს მონაწილეობას კომისიაში და ეს მინდა აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და კონკრეტულად იმ წევრებს, რომლებიც ამ საზოგადოებას წარმოადგენენ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება შინაარსი და მოტივები”, – აღნიშნა ლევან შენგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანდიდატების შესარჩევი კომისიაა შეკრებილი. კომისიის შემადგენლობაში 9 წევრია, ხოლო რაც შეეხება კანდიდატთა რაოდენობას 5-ს შეადგენს: გიორგი კალანდარიშვილი; ლუხუმ ბურჯალიანი; მაია ზარიძე; გიორგი შარაბიძე; გია ცაცაშვილი.