LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

138
ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე “ჩაგდებული” პროექტის იდენტურია.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად” იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. პარალელურად, პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.

მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული.

mazda magti 5g