არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა.
ასამბლეაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარება და ა.შ.
საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარგალიტა არაბიძე მოხსენებით გამოვიდა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ. მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) რესურსების მდგრადი ათვისება, ასევე მწვანე წყალბადის მიმართულების განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია.
ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, როგორც განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა, მოდერაცია გაუწია პლენარულ სხდომას სახელწოდებით „პოლიტიკა და უნარები ენერგეტიკული სექტორის დაჩქარებული გარდაქმნისთვის“.