მომღერალმა ლიზა ყენიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” დედაზე – მაია ჯაბუაზე ისაუბრა, ლიზა თითქმის სამი წელია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს. მომღერალი ამბობს, რომ ქვეყანასთან ხანგრძლივი განშორება განსაკუთრებით დედასთან ურთიერთობაში აისახა.
რა შეიცვალა ამერიკაში წასვლის შემდეგ წლების მატებასთან ერთად დედა-შვილის ურთიერთობაში და როგორია მაია ჯაბუა შვილთან მიმართებაში?- ლიზამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველად „დილა მშვიდობისა საქართველო”ეთერში ისაუბრა:
,,მაია ჩემთვის არის ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო, მოტივაციის უდიდესი ნაწილი ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ყველაფერი ნათელი და იმედის მომცემი, რაც შეიძლება წარმოვიდგინო და ვიგრძნო არის მაია. მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე მაიასგან, რომ ადამიანებს არ ვუპასუხო აგრესიით და ვიყო უფრო მეტად სიყვარულით სავსე. მითხრა, რომ ყოველთვის ისწავლე მოთმინება და შემდეგ ამით უპასუხე ადამიანებს, მისგან მაგალითი მაქვს, მან იცის დამშვიდებულ მდგომარეობაში ადამიანებთან ურთიერთობა” – ამბობს მომღერალი.
ლიზა ყენიამ ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ ის დრო, როდესაც დედა სცენაზე იდგა, ხოლო თავად კულისებიდან ადევნებდა თვალს, მისთვის ყველაზე მეტად საამაყო იყო:
,,ყველაზე მეტად ის ეპოქა მიყვარს როდესაც სულ იყო თბილისში კონცერტები და მე სადაც არ უნდა ყოფილიყო, ვიყავი კულისებში, ველოდებოდი დედას, ეს იყო საოცარი პერიოდი იმიტომ,რომ დედაჩემი იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაგარი მომღერალი და ყველაზე მეტად მეამაყებოდა. ამაზე მაგარი საყურებელი არ წარმომიდგენია რა შეიძლება ჩემთვის ყოფილიყო” – ამბობს ლიზა.
მომღერალი ამბობს, რომ ადრე მაია ჯაბუა როგორც დედა მკაცრი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მეგობრებად ჩამოყალიბდნენ:
,,ადრე უფრო მკაცრი იყო, რადგან აქტიური თინეიჯერობის პერიოდი მქონდა,მეგობრობაზე წინ უფრო იყო სიმკაცრე, მაგრამ ასაკთან და ალბათ ჩემს დამშვიდებასთან ერთად მეგობრებად ჩამოვყალიბდით და დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია… ჩემი გარდატეხის ასაკს რომ ვიხსენებ, ალბათ ჩემი და დედას ურთიერთობაში ეს იყო მცირე დროით მაგრამ ის პერიოდი, როცა ვიგრძენი რომ თითქოს დედას არ ვემეგობრებოდი, მაგრამ ალბათ ეს ის ასაკია როცა თვლი, რომ ყველა სიტუაციაში შენ ხარ მართალი, თუმცა სინამდვილეში ყოველთვის ვუსმენდი… დამოუკიდებელ ადამიანად გავიზარდე, მაიამაც ხელი შეუწყო ამას, ეგრე გამზარდა თან ჩემს გვერდშია და თან სულ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო დამოუკიდებელი… სულ ვამბობდი ჩემი ბავშვობიდან რომ მე უნდა წავიდე და სხვა ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო, ამერიკაში მინდოდა მეცხოვრა, როგორც კი მომენტი სამყაროსგან მივიღე,რომ შემეძლო წავსულიყავი არ გაჰკვირვებია, სულ ჯარისკაცურად ითმენდა და არ იმჩნევდა, რომ უჭირს უჩემობა, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე მაგრძნობინა, რომ ვენატრებოდი…. მაიაზე მაგარი მეგობარი არ არსებობს, ეს სულ ვიცოდი, მაგრამ რომ წავედი ამერიკაში, კიდევ ერთხელ გავაანალიზე ეს. დედა ჩემი დაქალია, ყველგან უნდა მყავდეს და ყველგან უნდა ვიაროთ ერთად…რომ არა დედა,ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ოპტიმიზმით სავსე” – ამბობს მომღერალი.