„კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
ფრიდონ ინჯიას თქმით, „არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და „ქართული ღირებულებების“ სწავლება ევროპაში დაიწყოს“.
მისივე განცხადებით, „ევროპელი სოციალისტების“ პარტია სრულად ეთანხმება მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციაში წარმოდგენილი ცვლილების პროექტს და იყო ოპოზიციონერი, არ ნიშნავს, იყო ქვეყნის წინააღმდეგი.
„ვფიქრობ, „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“, ვინაიდან „ქართული ღირებულებები“ უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს „ოჯახურ ღირებულებებსაც“, მართლმადიდებლობასა და პატივისცემას ქრისტიანობის წინაშე, სხვა ტრადიციებსაც. სწორედ „ქართულ ღირებულებებშია“ დედაენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემაც“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.