LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწყვეტი განათლება, როგორც სამყაროში საკუთარი ადგილის სწორად პოვნის შანსი

520
ნინო ლაგვილავა

ნინო ლაგვილავა წლების წინ ერთ-ერთ მედიატურში გავიცანი. შემდეგ კიდევ რამდენიმე პროექტის ფარგლებში შევხვდით. მე და ჩემს კოლეგებს დედაქალაქს მიღმა მოფუსფუსე საინტერესო ახალგაზრდების, თუ მეწარმე ქალების გასაცნობად მეგზურობას გვიწევდა. თითოეულ მათგანზე ოჯახის წევრივით შეეძლო საუბარი და მათი საქმიანობის ისე წარმოჩენა, რომ მედიის წარმომადგენლები რამპის უკან აპლოდისმენტების პირას მყოფ აუდიტორიას ვემსგავსებოდით ხოლმე.

შეუძლებელია, ნინო ლაგვილავას ერთხელ შეხვდე და შემდეგ სულ არ გინდოდეს მასთან ურთიერთობა, სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, ახალი ამბებისა და ემოციების მიმოცვლა… და რაც უფრო მეტს იგებ მისი ბიოგრაფიისა და საქმიანი ცხოვრების შესახებ, მით უფრო მეტად გიძლიერდება მოტივაცია, შენი საკუთარი ჰორიზონტი იმგვარად გააფართოო, რომ მხოლოდ სასარგებლო და საჭირო იყო საზოგადოებისთვის.

ნინო ლაგვილავა პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია, თუმცა ახალ ათასწლეულში შებიჯებამ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზმა ის ბირმინგემის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) მოახვედრა და ევროპამცოდნეობის მაგისტრად აქცია. ამ მოვლენებიდან 28 წლის თავზე მის კურიკულუმ ვიტაეში (CV) ვკითხულობთ, რომ აქვს სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო განვითარების მიმართულებით, კერძოდ, მუშაობდა: ახალგაზრდების, ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თემებზე; გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის საკითხებზე; დემოკრატიული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობის საკითხებზე; USAID-ის ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად; ეროვნულ კონსულტანტად გაეროს ქალთა ორგანიზაციაში (UN Women), რომლის მონაწილეობით ორი სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნა (სახელმწიფო სამოქმედო გეგმა უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის განხორციელების შესახებ საქართველოში, რომელიც ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებს ეხება და საქართველოში ნდობის აღდგენისა და სახალხო დიპლომატიის განხორციელების სტრატეგია, რომლის შესრულებაშიც ქალები მონაწილეობენ); გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP Georgia), როგორც პროექტის კოორდინატორი და რიგი პროგრამების მენეჯერი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში მიწვეულ სპეციალისტად საერთაშორისო საკითხებში…

ნინო ლაგვილავა ამჟამად თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელია, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

– ნინო, როდის გააცნობიერეთ, რომ სხვა ადამიანების ხელშეწყობაში მდგომარეობდა თქვენი სიძლიერე?

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტუდენტი ვიყავი, როდესაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ უცხოურ ორგანიზაციებთან სწორედ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების საკითხებზე ვთანამშრომლობ, იქნება ეს ქალთა უფლებები, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ქალთა მონაწილეობა მშვიდობის მშენებლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, დაკარგული ტერიტორიები… მაგრამ მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ძლიერი რომ ვარ, როდესაც მივხვდი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება ჩემთვის არ უნდა დავიტოვო და ყველაზე მთავარი – რაც უნდა დაკავებული ვიყო, უნდა ვიყო ადამიანებთან ძალიან ახლოს, გავიზიარო მათი გულის ტკივილი, არ დავიზარო და შუაღამისასაც კი გავცე მათ კითხვებს პასუხი… ერთი გვაქვს სიცოცხლე და როგორმე საინტერესოდ და ნაყოფიერად უნდა განვვლოთ ის.

– რა გაძლევდათ წინააღმდეგობების დაძლევის, დაბრკოლებების გადალახვის ძალას?

– მთელი ჩემი ცხოვრება სამუშაოს დავუკავშირე და მართლაც უამრავ პრობლემას გადავეყარე, მაგრამ ადამიანი ყველაფერს მოერევი, თუ შინაგან ძალასთან ერთად გაქვს განათლება. კითხვა უმნიშვნელოვანესია, მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა, ხელოვნებას ზიარება…

– ვიღაც იკითხავს, ხელოვნება რაღა შუაშიაო?

– ამ ბოლო დროს სწავლულები სულ უფრო მტკიცედ მოითხოვენ, რომ STEM-ში (Science, technology, engineering, mathematics) A-ც ჩართონ, ანუ Art-ი, ხელოვნება. შემოქმედება არ არის მხოლოდ ვიზუალური ან მხოლოდ სმენითი ტკბობისთვის განკუთვნილი, ის სულისმიერი ძალების მამოძრავებელიცაა, ის გაძლევს დიდ ენერგიას იმ სერიოზულ მეცნიერებებში განვითარდე. ასევე გავსებს შინაგანად, ისე რომ, სხვა ადამიანებთან, სამყაროსთან ურთიერთობის ძალა გეძლევა.

– რა იყო მთავარი იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც საქმემ მათი გზაზე დაყენების, მათთვის ბიძგის მიცემის მიზნით შეგახვედრათ?

– შეიძლება მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას თანალმობის, სიყვარულის გარეშე არ უნდა აკეთებდე. შენ გვერდით მყოფს მეტი დრო უნდა დაუთმო, მოუსმინო, თანაუგრძნო. ესეც ერთგვარი ნიჭია, რაღაც გთხოვს შიგნიდან, რომ ასე უნდა მოიქცე და არა მხოლოდ საქმეზე ორიენტირდე. ამ ენერგიას ვერ ჩაკეტავ, ჯინივითაა, უნდა გამოუშვა და ადამიანებს მიაფრქვიო.. რა თქმა უნდა, სიკეთის გარდა სხვა ბევრი საქმეც შეგიძლია ისე აკეთო, რომ საქმეზე გქონდეს გავლენა და არა ადამიანებზე, მაგრამ როდესაც ინდივიდზე ახდენ ზეგავლენას, ამას სხვა ელფერი აქვს, მიღწეული შედეგი ცოცხალი და ადამიანური ხდება. თუ არ არის რაღაც ღირებულება, ფასეულობა, ღმერთი იქნება ის, იდეა, თუ კოსმოსში არსებული ენერგია, თუ მხოლოდ ცხოველური ინსტინქტებით და ანგარებით იცხოვრებ, მაშინ ჩათვალე, რომ ეს ერთი სიცოცხლე ამაოდ, უაზროდ გაგიტარებია. მარტო საკუთარ თავზე კონცენტრირება, ეგოცენტრულობა არ უნდა იყოს ცხოვრების მიზანი. ფუჭი იქნება ის წლები, რომლებსაც გაივლი, თუ მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურები.

– თქვენს იდეას აქვს ფორმულირება?

– ემსახურო არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ბუნებას, გარემოს, შენს ქალაქს, შენს ადგილსამყოფელს (თუნდაც სადარბაზოს დალაგებით, ეზოს მოწყობით). უნდა იყო აქტიური და შენი თავი მაქსიმალურად გამოიყენო იმისთვის, რომ ყველაფერს ირგვლივ მისცე სილაზათე და სილამაზე.

– განვლილ გზას რომ ავლებთ თვალს, რა გახარებთ?

– როგორც ჩანს, იღბლიანი ვარ, ყოველთვის კარგ ორგანიზაციებში ვხვდებოდი, თუმცა ყოველთვის კონკურსის წესით. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი პროექტების ხელმძღვანელი ვიყავი, რომლითაც ვემსახურებოდი ხალხს და ქვეყანას. გარდა ამისა, შესანიშნავი კოლეგები მყავდა, ისინი, ვინც მხარს მიჭერდნენ, მით უფრო გენდერული თანასწორობის და განვითარების საკითხებზე მუშაობისას, განსაკუთრებით 20 წლის წინ, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ ასაწყობი და დასალაგებელი იყო ქვეყანაში… ზუსტად ის ადამიანები მხვდებოდნენ და ისინი იყვნენ ჩემ გვერდით, რომლებთან ერთადაც მხოლოდ სიამოვნებით ვაკეთებდი საქმეს, ვაშენებდით დემოკრატიულ ინსტიტუციებს, ვაძლიერებდით სამოქალაქო საზოგადოებას, ხელს ვუწყობდით ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას.

– აქვე ვახსენოთ მეწარმე ქალების მხარდამჭერი პროექტები, რას სძენენ ეს ქალები ქვეყანას?

– მეწარმეობა ბოლო დეკადებია, რაც ტრენდული მიმართულება გახდა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, იმიტომ, რომ მხოლოდ მსხვილ და საშუალო ბიზნესებზე ქვეყნის ეკონომიკის აწყობა არ გამოდის. თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, მათ მიაჩნიათ, რომ მეწარმეები დოვლათს არ ქმნიან. მაგრამ საწინააღმდეგოს ადასტურებს კვლევები, მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ თუ 2025 წლისთვის 25%-ით შემცირდება ქალსა და კაცს შორის უთანასწორობა, მაშინ 8 ტრილიონით გაიზრდება მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ). ეს არ არის მცირე წვლილი. თან ნახეთ, უთანასწორობაზეა ლაპარაკი, ანუ ქალებს უნდა მიეცეთ მეტი ბერკეტი, მეტი ცოდნა, მეტი წვდომა ფინანსურ რესურსებზე, რომ მეტად აქტიური იყოს ეკონომიკურად და მოქალაქეობრივად, და შესაბამისად, მიიღოს მონაწილეობა თავისი თემის, საზოგადოების, ქვეყნის გაძლიერებაში. ქალს აქვს სამი როლი – ოჯახში, საზოგადოებაში და სამსახურში და ამ სამმაგ როლს იგი კარგად ართმევს თავს. და თუკი მას სურს, რომ საკუთარი ინტერესები განავითაროს, ვთქვათ, ხელსაქმის ნიჭი ჰქონდა ან შინამეურნეობით იყო დაკავებული და უნდა, რომ მეტი პროდუქცია შექმნას, უნდა, რომ თავი გამოიჩინოს, ბაზარზე გაიტანოს საკუთარი ნაწარმი და შემოსული თანხა ისევ ოჯახს და საზოგადოებას მოახმაროს, ამაზე კარგი რა იქნება? თან ესეც უფლებრივი ნაწილია. მას, თანაბრად კაცისა, ნებისმიერ საქმეში უნდა ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება. თუ ქალს აინტერესებს მეწარმეობა, ბიზნესი, ეკონომიკური დოვლათის შექმნა, მას ამ მიმართულებითაც უნდა მიეცეს საკუთარი თავის რეალიზების შანსი. კარგია, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ამგვარი საკითხების განხილვას უკვე ყურადღება ექცევა. პიროვნული განვითარება, ფინანსური განათლება, ბიზნესის მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, მარკეტინგი, კონკურენცია – ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც ქალმა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ფიქრი, ეს ცოდნა არა მარტო პროფესიულ, არამედ პიროვნული განვითარების საშუალებას იძლევა… იცით, რამდენ ნიჭიერ და სხვადასხვა ასაკის ქალს შევხვდით ამ პროგრამების ფარგლებში? 70 წლის ბენეფიციარიც კი გვყოლია. იცით, რამდენს შრომობენ, რა საოცრებებს ქმნიან? ჩვენ არა მხოლოდ სწავლებაზე ვიყავით ორიენტირებულები, არამედ მენტორინგზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს, რომ ბოლომდე ედგე გვერდში, ცოდნასთან ერთად მორალური მხარდაჭერა გაუწიო, ერთად გადალახოთ დაბრკოლებები.

– იმ პროგრამების, პროექტების საფუძველზე, რომლებშიც იყავით ჩართული და რომლებიც სხვადასხვა სფეროში ქალის როლის ზრდას უკავშირდებოდა, რა გეთქმით ქართველი ქალის პოტენციალის შესახებ?

– 20 წლის წინ, როცა ამ ტიპის პროგრამების და პროექტების განხორციელება იწყებოდა, გენდერულ თანასწორობაზე საუბარი ცოტა უჩვეულო იყო, მაგრამ ქვეყანამ ნამდვილად შეძლო სერიოზული მენტალური ბარიერების გადალახვა, რადგან მან დასავლურ ღირებულებებზე აწყობილი საზოგადოების მშენებლობა გადაწყვიტა. ქალები ყოველთვის იყვნენ მზად, ქვეყნის აღმშენებლობაში ყველა მიმართულებით მიეღოთ მონაწილეობა. აქამდე ძალიან აქტიურები არიან პოლიტიკაში, საარჩევნო აქტივობებიდან დაწყებული გადაწყვეტილების მიმღები დონეებით დამთავრებული, ყველგან გამორჩეულები არიან. ქალებს დღეს კიდევ უფრო კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი როლი. ამაზე კარგად იმუშავეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო სექტორმა, მთავრობების დონეზეც არაერთი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ – თუ ქალს ოჯახი, საზოგადოება, ქვეყანა მისცემს საშუალებას იყოს აქტიური, გამოავლინოს თავისი ნიჭი და პოტენციალი, ის ყველგან და ყოველთვის მიაღწევს წარმატებას და იქნება პროდუქტიული.

– თუმცა ქალი ბოლომდე თავისუფალი მაინც არ არის, რა არის ამის მიზეზი?

– ეს მდგომარეობა ტრადიციულ-კულტურული პატერნებითაა განპირობებული. რთულია არა მხოლოდ იმის შეცვლა, რაც საუკუნეების განმავლობაში ნორმა იყო, გაცნობიერებაც კი ძალიან რთულია. საზოგადოება ქალის როლს რომ შეეჩვიოს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროებში ამას დრო, კანონები და საზოგადოების მზაობა უნდა, რომ მისმა ყველა წევრმა, განურჩევლად ასაკისა, საკუთარი თავის რეალიზება ნებისმიერი მიმართულებით შეძლოს.

– როგორ ფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება დღეს ქმნის რაიმე ღირებულს?

– ბედია თუ ბედისწერა, ღმერთმა ამ პლანეტაზე რთული გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა გვარგუნა. ჩვენ რომ უძველესი ცივილიზაცია არ ვიყოთ, მრავალი მიღწევებით და კიდევ უფრო მეტი უბედურებებით, ჩვენ რომ ამ გამოცდილებით არ ვიყოთ როგორც ერი და როგორც გეოპოლიტიკური წარმონაქმნი, პიროვნულადაც არ ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ვართ, არ ვკითხავდით საკუთარ თავებს, ვქმნით თუ არა რაიმე ღირებულს. მთელი ცხოვრება მეც ამას ვეკითხები საკუთარ თავს, 30 წელია ვშრომობ და … კი, უკეთესი მინდოდა, თუნდაც სსრკ-ის ნგრევის შემდეგ, რამდენი ვიშრომეთ, რამდენი ვიბრძოლეთ… მეტი მინდოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ხელახლა დავიბადეთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ისე დიდი ხნის ისტორია გვაქვს, ახლა ვნერგავთ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ახლა ვიწყებთ საუბარს თანასწორობაზე, ემპათიაზე, კულტურების და ცოდნის და გამოცდილების მიმოცვლის მნიშვნელობაზე. ბოლომდე ვერ მოვიცილეთ ის მანკიერი თვისებები, როგორიცაა კლიენტელიზმი, ნეპოტიზმი, ფავორიზმი, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, რაღაცნაირი კლანურ-ნათესაური ურთიერთობებით. როცა ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად შენიან, გამოუცდელ ადამიანს მოიყვან, და იგი, ვთქვათ, ამ საქმის გაკეთებას 10 დღეს მოანდომებს, განათლებულ, გამოცდილ ადამიანს ამ საქმეში შეიძლება მხოლოდ 1 დღე დასჭირდეს. ამიტომაცაა, რომ ნელა მივდივართ წინ, ნელი ტემპით ვვითარდებით. ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ცივილიზაციების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ყველა, დიდი თუ პატარა, თუკი შეძლებს, აუცილებლად უნდა გავიდეს უცხოეთში, იცხოვროს, ისწავლოს, განვითარდეს იქ. ჩვენ დიდხანს ვიყავით ჩაკეტილი საზღვრებში, 70 წელი მხოლოდ 15 რესპუბლიკაში შეგვეძლო გადაადგილება. დიახ, უნდა გავცდეთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. ევროპაში ცხოვრება, უპირველესად, ქცევის კულტურაზე ახდენს გავლენას. ქართველმა ადამიანმა თვალსაწიერი უნდა გაიფართოოს, პატარა საქართველოში ჩაკეტილი ნიჭი ვერ გაიფურჩქნება. მთავარია, მერე არ დაავიწყდეს სამშობლო. დიდი მადლობა ევროკავშირს, საზღვრები რომ გაგვიხსნა. ძალიან მინდა, აშშ-მაც მიგვიღოს პირდაპირი ფრენებით და არა მექსიკის გავლით, მოგვცეს იმის საშუალება, რომ ჩვენი ახალი თაობა მის წიაღშიც განვითარდეს, იქ განათლდეს და უკან დაგვიბრუნდეს ძლიერი და ლაღი. ევროპული და ამერიკული მიდგომები და მეთოდოლოგია საქმის კეთებასთან მიმართებაში ფასდაუდებელია. როცა ჩვენი ახალგაზრდობა განვითარებული ქვეყნების ცხოვრების წესს შეინივთებს, იმ სამუშაო კულტურას, რომელიც არ გაგვაჩნია, აი, ამ ყველაფერს როცა ავითვისებთ და ამ აკუმულირებულ ცოდნას ჩვენს ქვეყანაში გამოვიყენებთ, შემდეგ შეგვეძლება პლანეტისთვის ჩვენს წილ სარგებელზე ხმამაღლა საუბარი. ახლა ჩვენ ჯერ კიდევ ვდუღვართ.

– რამდენად მნიშვნელოვანია მოთმინება ცხოვრებასა და საქმეში?

– მოთმინება არ არის თვითდამცირება, თუ ის არ ვნებს შენს პრინციპებს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიროვნულ ურთიერთობაში, ასევე საჭიროა საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც. მოთმინებაზე დგას დიპლომატიაც, მხარეები დიალოგიდან რაღაც დასკვნამდე, რაღაც გარიგებამდე რომ მივიდნენ. კონფლიქტოლოგიაში არსებობს ტერმინი ნდობის მშენებლობა, მის უკანაც სწორედ დათმენა დგას, თუმცა, ცხადია, არა საკუთარი თავის განადგურებისა და გაჩანაგების ხარჯზე. ამიტომ არის ცოდნა და გამოცდილება საჭირო, რომ ოქროს შუალედი დაიცვა და მიზანს დინჯად მიაღწიო.

– მეწარმეობის პროექტის ფარგლებში, თუ ესაუბრებოდით ამ თვისების მნიშვნელობაზე ბენეფიციარებს, რადგან ბიზნესში შედეგის მიღება, როგორც წესი, ყველას გვეჩქარება?

– პირველი ცდით ბიზნესი არავის გამოსვლია, ამ გზაზე ბევრი პრობლემაა, ყველამ ვიცით. ზოგჯერ რამდენიმე ცდაა საჭირო და თუ ინტერესთან ერთად არ გაქვს მოთმენის უნარი, ყველა საქმეს მიატოვებ და ისევ დიასახლისობას მიუბრუნდები. ბენეფიციარებთან პიროვნულ განვითარებაზე, თვითრეფლექსიაზე ხშირად ვსაუბრობდით. მნიშვნელოვანია, როდესაც საკუთარ თავში გახედებენ, აანალიზებ შენს ცხოვრებას, რა და როგორ გამოიარე და უფიქრდები მთავარს – გინდა კი ასე გააგრძელო გზა, გინდა კი ასე დაბერდე? და თუ ახალ გზაზე დადგომას, ახალი საქმის კეთებას გადაწყვეტ, მოთმინებითაც უნდა აღიჭურვო, დაბრკოლებების გადალახვა რომ შეძლო. უნდა იყო მიზანსწრაფული. შეიძლება დაიღალო, მაგრამ ხომ შეგიძლია დაისვენო და შემდეგ ისევ დაუბრუნდე საქმეს? არ უნდა იჩქარო, ცხელ გულზე არასდროს უნდა აკეთო საქმე. ყველაფერი თანმიმდევრობით და დინამიკაში უნდა აკეთო.

– ჰორიზონტის გაფართოების საფუძველთა საფუძვლად განათლება ითვლება, მაგრამ ინტერნეტის ეპოქაში მას ინფორმირებულობა ეპაექრება…

– ბოლო ორ დეკადაში მსოფლიომ ტექნოლოგიების მიმართულებით მართლაც დიდი ნახტომი გააკეთა, ხომ ხედავთ, ხელოვნურ ინტელექტზეც რამხელა იმედებს ამყარებენ. პროგრესი მართლაც თვალსაჩინოა ბევრი მიმართულებით. მაგრამ იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში რესურსების გადანაწილებისთვის ტანკებით არსად აღარ შეგრიალდე, სწორედ ცივილური დამოკიდებულება, ზნეობა და ფართო განათლება გჭირდება. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს, თავს არ აძლევს უფლებას განვითარდეს, ახალ იდეებს, ახალ მისწრაფებებს, გლობალურ განვითარებას მოერგოს. სრულყოფილად განათლებული ადამიანი ომს არასდროს იწყებს ყოფით ურთიერთობაშიც კი, არათუ სახელმწიფოებრივ დონეზე. საკუთარი ეგო უნდა დაიმორჩილო, დაანებო თავი საკუთარი გავლენების გაფართოებას. მეორე მხარეზე გავლენას არა იარაღით, არამედ განათლებით, კულტურით, პროგრესისადმი დამოკიდებულებით, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით მოიპოვებ, და, ბოლოს და ბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი იდეისადმი ერთგულებით – გადაარჩინო დედამიწა. რა თქმა უნდა, ინტერნეტში უამრავ საინტერესო ინფორმაციას იპოვი, მაგრამ აკადემიური, სისტემური განათლება და უბრალოდ ფაქტების ცოდნა აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. თუმცა განათლება მხოლოდ წიგნების კითხვა არ არის, ეს მუსიკის მოსმენაცაა, სპექტაკლებზე და გამოფენებზე სიარულია, წაკითხულის გაგებაა, სიტუაციის ანალიზის უნარია. განათლება მორალურ სტანდარტებსაც გიყალიბებს, თუმცა ზოგჯერ ეს სადავოა, განათლებული ადამიანიც შეიძლება იყოს ამორალური.

– ჩვენი საუკუნე თავისი ტემპით კონკრეტული უნარების გამომუშავებას გკარნახობს, რის საფუძველზეც განათლების მიღების ფორმები იცვლება, ისინი საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად ტრანსფორმირდება. დღეს როგორ უნდა მივიღოთ ისეთი განათლება, რომელიც ამ ქაოსურ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნის და იმ საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს, რომელიც მინიმუმ მოგვეწონება, არათუ გვეყვარება?

– ზოგჯერ უმაღლეს სასწავლებელში გატარებული ოთხი წელი დაკარგულად მიაჩნიათ, თუკი პროფესიას დაუფიქრებლად ან მშობლების გავლენით ირჩევენ. მე არ მიმაჩნია, რომ ეს წლები დაკარგულია, ყველგან შეიძლება გარკვეული ცოდნის მიღება, მაგრამ ასაკი რომ გემატება, ინტერესებიც გეცვლება. და რატომაც არა, შეცვლილი ინტერესების მიხედვითაც შეგიძლია გააგრძელო განათლების მიღება, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების გავლის გარეშე.  უცხოეთში ამ ხარისხების მოპოვების აუცილებლობა არ დგას, უფრო მეტიც, არავინ ფიქრობს, რომ სკოლას დაამთავრებს თუ არა, ყველამ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. ჩვენი საზოგადოებაც უკვე ხვდება, რომ პროფესია პროფესიულ სასწავლებელშიც შეგიძლია შეიძინო, პირდაპირ გადახვიდე საქმეზე, რომელიც შემოსავალს მოგიტანს და შემდეგ მიიღო აკადემიური განათლება, ხარისხები, შეიცვალო პროფესია. უწყვეტი განათლება (Lifelong learning) სწორედ მაშინაა საჭირო, როდესაც რაღაც ასაკში გადაწყვეტ ის ისწავლო, რაც გაინტერესებს, გარკვეული ცოდნა და უნარები შეიძინო დაწრეტილი სახით და შეუდგე ახალ პრაქტიკებს. ამ ბოლო დროს უწყვეტი განათლების ბევრი ცენტრი იქმნება უცხოეთშიც და საქართველოშიც, ისინი უფრო რაფინირებულ კურსებს გვთავაზობენ, ეს კურსები თვითკმარია – დონეების მიხედვით შეგიძლია გააფართოო შენი ცოდნა და პარალელურად ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო. გარდა ამისა, კოვიდპანდემიას მადლობას ვერ გადავუხდი, მაგრამ რა კარგი შესაძლებლობა გაჩნდა სამუშაო და სასწავლო პროცესების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის კუთხით. ამჟამად ჰიბრიდული სწავლებები უფრო პოპულარულია, რადგან საგანმანათლებლო პროცესი აუცილებლად უნდა იყოს ცოცხალიც, თუნდაც ენერგეტიკის გაცვლისთვის, უშუალო კონტაქტისთვის. ადამიანს უნდა შეხვდე, გაუღიმო, მოეფერო, პირისპირ აწარმოო დიალოგი, პირისპირ გაცვალო აზრები და ემოციები.

– ახალგაზრდებისთვის განათლების ახალი ფორმებით მიღება ადვილია, რადგან ისინი თანამედროვეობის ტენდენციებს მარტივად უწყობენ ფეხს, მაგრამ როცა ვამბობთ, სწავლა სიბერემდეო, უფროსი თაობის ადამიანების შემთხვევაშიც გაამართლებს უწყვეტი განათლების ცენტრები?

– როგორ არა. იგივე იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც ვახორციელებდით, ტრენინგებზე ისეთი სიხალისით მოდიოდნენ ის ქალები, რომლებსაც შინ უამრავი საქმე ჰქონდათ, თან სამეწარმეო საქმიანობითაც იყვნენ დაკავებულნი. ჩვენ ვაძლევდით იმის უფლებას, რომ მცირეწლოვან შვილებთან ერთადაც მოსულიყვნენ. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტრენინგ კურსების მიმართ ინტერესი დიდია. ამიტომ, თუ ამ ხალხს მისთვის საინტერესო თემას შესთავაზებ, მისთვის მომგებიან უნარს შესძენ, რა თქმა უნდა, მოვა და ზუსტად იმ საგანს ისწავლის, რაც მას სჭირდება, შემდეგ წავა და მიღებულ ცოდნას გამოიყენებს. რამდენჯერაც ენდომება, იმდენჯერ მიუბრუნდება ამ ტიპის ცენტრებს. სხვათა შორის, ინტერნეტი უკვე მოცულია პიროვნულ განვითარებასთან, სპეციალური პროფესიული განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებული კურსებით, მათ შორის, ქართულენოვანი კურსებით, რაც ძალიან კარგია.

– თქვენი ცენტრი როგორ გაუწვეს კონკურენციას ამ ონლაინ კურსებს?

– ჩვენი ცენტრი თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს და მას სერიოზული ტექნიკური ბაზა აქვს. მისი უმთავრესი მიზანი საკუთარი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების მომსახურებაა, ანუ ის მათ სპეციფიკურ განათლებასაც აძლევს და იმავდროულად სხვა მიმართულებითაც განვითარების შესაძლებლობას. კურსები გარე აუდიტორიისთვისაც საგულდაგულოდ შეირჩევა. გამოცდილებით ვიცი, ჩვენს საზოგადოებას ამ ეტაპზე განვითარებისთვის და განათლებისთვის რა სჭირდება. ამ კურსებს ისეთი სპეციალისტები გაუძღვებიან, რომელთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა ყველა სასწავლებელს საამაყოდ მიაჩნია.

– ერთია, როცა შენ ასწავლი, მეორე – როცა თავად სწავლობ. რა შეგძინეს იმ პროგრამებისა და პროექტების მონაწილეებმა, რომლებსაც სათავეში ედექით?

– მადლიერებით სავსე უკუკავშირზე უკეთესი ენერგიის შემავსებელი არ არსებობს. გაკეთებული სიკეთე არ იკარგება. მე მათ სიყვარული ერთიორად დამიბრუნეს. აქამდე ვმეგობრობთ და ვურთიერთობთ, აზრებს ვცვლით, წარმატებებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

– და ბოლოს, რას მიჰყავს ადამიანი წინ?

– ალბათ, მაინც სიყვარულს და თანაგრძნობას. შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულები ვიყოთ, მაგრამ ადამიანები ვართ და ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია. მიზანზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია, ოღონდაც ისე არა, რომ ყველანი გადათელო და შენ წახვიდე წინ. მიზნის მისაღწევადაც თანალმობა და გუნდურობაა აუცილებელი. რადგანაც ერთ სოციუმში გვიწევს ყოფნა, ანგარიში აუცილებლად უნდა გავუწიოთ ერთმანეთს, ერთმანეთის ღირსების და პატივისცემის დაცვა უნდა ვისწავლოთ, უფრო მეტად ემპათიურები ვიყოთ და ვიშრომოთ, ვიშრომოთ თავდაუზოგავად, რათა ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ დავუმკვიდროთ ღირსეული ადგილი სამყაროში. 

mazda magti 5g