LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს დაბადებიდან მოზარდობამდე – მაია გაბუნია და მედეა ზირაქაშვილი მთავარ გამოწვევებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

889
მედეა-ზირაქაშვილი,-მაია-გაბუნია

23 აპრილს ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ნატა ხარაშვილის გადაცემას   „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ნევროლოგი, ცენტრ „გამას“ დირექტორი, მაია გაბუნია და ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი, მედეა ზირაქაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობაზე, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე, საყურადღებო სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრეს და მსმენელს ძალიან ბევრი საჭირო და გასათვალისწინებელი რეკომენდაცია გაუზიარეს.

23 აპრილი ჩვილების, ბავშვების და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ქალბატონო მაია, რატომ არის მნიშვნელოვანი და რას გვაძლევს ასეთი დღეების არსებობა?

მაია გაბუნია: დიდი ხანი არ არის, რაც ეს დღე დაწესდა, სულ სამი წელია. ეს არის მსოფლიო დღე, რომელიც ჩვილების, ბავშვების და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირების და ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.

სამწუხაროდ, საქართველოში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვილების ფსიქიკური ჯანმრთელობა, ძალიან დაბალია. ასეა ბავშვების შემთხვევაშიც. მოზარდების შემთხვევაში ასე თუ ისე ვიცით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, აქაც გავიგებთ შემდეგ ფრაზებს, „ახლა ისეთი ასაკი აქვს…. ვაცადოთ, გადაუვლის“. როგორც წესი, მშობლების უმეტესობა ამ საკითხს ისე უყურებს, რომ ეს ასაკობრივია და გაივლის. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა ასე არ არის. ხშირად, საჭიროა სპეციალისტის ჩართვა, რომ მან გვითხრას, ეს ყველაფერი მართლაც ასაკთან ერთად გაივლის თუ საჭიროა დროული ჩარევა. ეს დღე სწორედ იმისთვის დაწესდა, რომ საზოგადოების ინფორმირება გაიზარდოს.

ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ოქროს წესივით არის, გახლავთ ის, რომ არასოდეს არის გვიან მივხედოთ პრობლემას, მაგრამ ადრე ყოველთვის ჯობია და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. როგორც კი აღმოვაჩენთ რაიმე დარღვევას, მაშინვე უნდა დავიწყოთ ჩარევა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ასაკს თავისი თავისებურება აქვს, რომ კონკრეტულ ასაკში, შეიძლება, ესა თუ ის პრობლემა დარღვევად აღვიქვათ ან არ აღვიქვათ, რადგან გარკვეულ ასაკში ეს ყველაფერი შეიძლება, ასაკობრივი ნორმა იყოს, რაც ძალიან კარგად იცის სპეციალისტმა და სწორედ ამიტომ უნდა მივმართოთ მას აუცილებლად.

ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს და ძალიან მნიშვნელოვანია – თვითონ ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობა, ოჯახი, სადაც იზრდება, საზოგადოება და გარემო, სადაც ეს ბავშვი დიდ დროს ატარებს. ეს სამივე საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია და სამივეს აქვს როგორც დამცავი ფაქტორები, ისე რისკ-ფაქტორები.

აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 50% 14 წლამდე ასაკში იწყება, 75% კი 24 წლამდე ასაკში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია ჩვილობაც, ბავშვობაც და მოზარდობაც.

ბევრი პრობლემა, რომელიც თავიდან, შეიძლება, მსუბუქი ნიშნებით გამოვლინდეს, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება, რომ მძიმე პრობლემად იქცეს.

ქალბატონო მედეა, როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, რაც ადრე ვესტუმრებით სპეციალისტს, მით უკეთესია. ეს ადრე რა ასაკი შეიძლება იყოს, როდის შეიძლება, რომ მშობელმა ბავშვს გარკვეული პრობლემები შეამჩნიოს და მიხვდეს, რომ ბავშვი ფსიქიატრის, ნევროლოგის დახმარებას საჭიროებს, ასევე თავად დედას თუ შეუძლია, განსაზღვროს, ეს ყველაფერი ასაკობრივია თუ არა?

მედეა ზირაქაშვილი: თუ წლების წინ, როდესაც ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წამოწევა საქართველოში,  ვამბობდით, რომ ბავშვის ასაკი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, 4 წლის ასაკიდან იწყება, ბოლო ათწლეულია, რაც ვამბობთ, რომ  დაბადებიდან უნდა ვიზრუნოთ ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

6 წლამდე ასაკის ბავშვი განიცდის იგივე შინაარსის და ინტენსივობის ფსიქიკურ პრობლემებს, რასაც შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვი და მოზარდი. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დაბადების პირველ თვეებში, როგორც მშობელი სწავლობს საკუთარი შვილის ტემპერამენტს და ქცევებს, ასევე დედის/აღმზრდელის შესწავლის პროცესშია ჩვილიც. შესაბამისია მათი დამოკიდებულება და პასუხი დედის/აღმზრდელის გუნება-განწყობასა და ემოციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არ მეტყველებენ და არ ესმით თითქოს შინაარსობრივად, არაჩვეულებრივად ფლობენ სახის გამომეტყველებით, ღუღუნით, ტირილით, ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს. მათ ჩვეულებრივ სწყინთ, განიცდიან შიშს და ზოგადად ზრდასრულებისთვის დამახასიათებელი ემოციების მთელ სპექტრს. ამ პერიოდში აღმზრდელის მხრიდან მზრუნველი, უსაფრთხო, დაცული, პოზიტიური ემოციური უკუკავშირი (მიჯაჭვულობა) ჩვილთან ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვილობის ასაკში ეყრება საფუძველი ადამიანის სოციალური ურთიერთობების უნარს, ემოციის ადეკვატურად მართვის და გამოხატვის შესაძლებლობებს, ასევე თუ რა ფორმით განვითარდება ზოგადად დასწავლის უნარი. ერთი შეხედვით საზოგადოებისთვის „უმნიშვნელო“ განვითარების სტადია, ბავშვის მომავალი კოგნიტური, ქცევითი და სოციალური კეთილდღეობის ბაზისური ეტაპია. თუ მე ჩვილობის ასაკიდან მყავს ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჩემზე, აკმაყოფილებს ყველა ჩემ საჭიროებას, ეს ნიშნავს, რომ გარემო არც თუ ისე საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მე შემიძლია, რომ გავუმკლავდე იმ სირთულეებს, რომელიც გარემოშია, რადგან ნებისმიერი ჩემი დახმარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. აღმზრდელი ადამიანის მხრიდან მხარდამჭერი გარემო ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ამ ბავშვს შემდეგ უსაფრთხო მიჯაჭვულობის ხარჯზე ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

მეორე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, გახლავთ ადრეული ბავშვობის პერიოდი. 1-დან 3 წლამდე ასაკი, ეს არის ის პერიოდი, როცა აქტიურად წარმოჩინდება ნეიროგანვითარებითი დარღვევების რისკები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის წინაპირობები, სახელზე რეაგირება, მზერითი კონტაქტი, ჟესტების აქტიური გამოყენება, სიტყვების წარმოთქმა.

წინა სასკოლო პერიოდი, დაახლოებით 3-დან 5 წლამდე ასაკი, ძალიან საყურადღებოა შფოთვითი აშლილობების ისეთი მდგომარეობის თვალსაზრისით, როგორიცაა განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა. 3 წლამდე,  მშობელი და ბავშვი როგორც ერთი მთლიანი ისე აღიქმება, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირი აღმზრდელთან, ამ პერიოდში ბავშვი ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს, თბილ და ემოციურად განსაკუთრებულად მზრუნველ გარემოში.  ამიტომაცაა, რომ ბავშვის ბაღში მიყვანის რეკომენდაციას სპეციალისტები, მხოლოდ 3 წლიდან გავცემთ. 3 წლიდან ბავშვთან უკვე შეგვიძლია შევამციროთ აქტიური ზედამხედველობა და ჰიპერმზრუნველობა და ნელ-ნელა საშუალება მივცეთ დამოუკიდებლობის. თუ ბაღში ან სკოლაში დარჩენა ბავშვისთვის ძალიან მტკივნეულია და ზღვარგადასულად სტრესული, შესაძლოა სპეციალისტის რეკომენდაციები გახდეს საჭირო.

სასკოლო პერიოდში აქტიურად არის გამოხატული ისეთი პრობლემები, როგორიცაა ქცევითი დარღვევები, აკადემიური მოსწრების სირთულეები. დაწყებით კლასებში განსაკუთრებით ხაზგასასმელია:  ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. სკოლა ხომ პირველი სტრუქტურული გარემოა, რომელთან შეხებაც ბავშვს  უხდება, შესაბამისად ჩარჩოებში მოქცევის სირთულე სწორედ ამ პერიოდიდანაა შედარებით შესამჩნევი.

დაახლოებით 12 წლიდან აქტიურად იშლება გუნება-განწყობის და შფოთვითი აშლილობების კლინიკა. საყურადღებოა კვებითი აშლილობები, სხვასდასხვა არასასურველი მიჯაჭვულობები.

აღნიშნულ პერიოდებს და სიმპტომების კლინიკურ გამოვლინებას მუდმივად უნდა აქცევდეს მშობელი ყურადღებას და ასაკობრივ ჭრილში განიხილავდეს სპეციალისტთან, თუნდაც პრობლემების პრევენციის მიზნით.

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ფრაზა „არა უშავს, კრიზისული, გარდატეხის ასაკია“. არსებობს კი ფსიქიატრიაში ცნება კრიზისული ასაკი, რომელიც ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურ მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ და რომელიც დროთა განმავლობაში გადაივლის?

მედეა ზირაქაშვილი: ბავშვთა მედიცინაში მომუშავე სპეციალისტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების ასაკობრივ ჭრილში განხილვას, ასაკობრივი განვითარების თავისებურებების ცოდნას.  ამიტომაც არის, რომ ერთი და იგივე ნიშანი განვითარების სხვადასხვა ასაკში აბსოლუტურად სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს. მაგალითად, 2-დან 3 წლამდე პერიოდში აგრესიის, გაღიზიანებადობის კომპონენტი ფიზიოლოგიურ გამოვლინებად ითვლება, რადგან ეს არის პერიოდი, როცა ბავშვი იყალიბებს დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს, ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, ამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს. ამ დროს ტანტრუმები/მანიპულაციური ქცევები, აგრესიული ქცევა, ოპოზიციურობა გარემოს მიმართ, აბსოლუტურად ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და როდესაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შფოთვით მოგვმართავენ მშობლები, ჩვენ ვამშვიდებთ მათ და ვეუბნებით, რომ 2-დან 3-წლამდე უნდა გავუძლოთ და გადავლახოთ ეს პერიოდი, რადგან ეს ბავშვისთვის თვითდამკვიდრების აქტიური პერიოდია და წინასასკოლო პერიოდამდე ნორმალიზდება.მაგრამ თუ აღნიშნული ქცევები სხვა ასაკობრივ პერიოდში გვხვდება, აუცილებლად ვიკვლევთ აღნიშნული ქცევების წინაპირობებს და მათ სამართავად, სათანადო ღონისძიებებსაც მივმართავთ ხოლმე.

არსებობს ასაკობრივი ნიშანსვეტები, ასაკობრივი მოთხოვნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად ვავრცელებდეთ ამის შესახებ ინფორმაციას, მინიმუმ, ისეთი დღეების წყალობით, როგორიცაა 23 აპრილი.

როგორც აღვნიშნეთ, გარკვეულ ასაკებს თავისი ფიზიოლოგიური კრიზისული მდგომარეობები აქვს, მაგრამ თუ ერთი და იგივე სიმპტომი სხვადასხვა ასაკში უშლის ხელს ბავშვს ყოველდღიურობაში და ეს უკვე შესამჩნევი ხდება, რა თქმა უნდა, ეს წინაპირობაა იმის, რომ აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს.

ქალბატონო მაია, რა არის ის, რასაც ისურვებდით, რომ გაკეთდეს თქვენს პროფესიულ სფეროში, რაც კიდევ უფრო წაგადგებოდათ თქვენც და თქვენს პაციენტებსაც?

მაია გაბუნია: აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო ათწლეულში, ზოგი მონაცემით 20 პროცენტით, ზოგით კი, 40 პროცენტით გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სიხშირე, როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებსა და მოზარდებში. ამიტომაც, ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღება ყველა ქვეყანაში მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭირო სერვისების შექმნა და არსებულის გაუმჯობესება და გაფართოება. არსებობს რაღაც სერვისები, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც სწორედ მშობლის გაძლიერებისთვის არის, თუმცა იქ არის სპეციფიკური კომპონენტი, უნდა იყოს ბავშვის განვითარების რისკი, რომ ის ამ პროგრამაში მოხვდეს. კარგი იქნება, რომ არსებობდეს პროგრამა, რომელიც ტიპური განვითარების მშობელს გააძლიერებს სწორედ იმიტომ, რომ მან უკეთ მოახერხო ბავშვის აღზრდა. ის, რომ ბავშვს  უპირობო სიყვარული სჭირდება, ყველამ ესეც არ იცის და თუნდაც ეს რომ უთხრას მშობელს პირველადი ჯანდაცვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა ან სხვამ, ესეც მნიშვნელოვანია. არსებობს გეგმა, რომ ეს ოდესმე გაკეთდეს, მაგრამ ამ წუთას, მსგავსი არაფერი გვაქვს. საჭიროა, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეზე არსებობდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელიც მშობელს დაეხმარება, რადგან უპირველესია მშობლის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რადგან თუ მშობელი არ არის კარგად, ბავშვი ვერასდროს კარგად ვერ იქნება. მშობლის გაძლიერება, მშობლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მშობლისთვის იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური მშობლობა, განსაკუთრებით საჭიროა. შესაბამისად, ასეთი პროგრამა აუცილებელია და იმედია ოდესმე შეიქმნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაა. სამწუხაროდ, კარგ ქვეყნებშიც კი ასეთი სტატისტიკაა, სულ ცოტა რამდენიმე წლით იგვიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოსტიკა და რამდენიმე წლით გვიანდება დახმარებაც. აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ა.შ.შ-ში დიაგნოზის მქონე ბავშვების მხოლოდ 20% იღებს იმ დახმარებას, რაც მათ სჭირდებათ, ხოლო დიდ ბრიტანეთში 25%. ახლა, წარმოიდგინეთ ჩვენთან როგორი სტატისტიკა იქნება, ალბათ, ბავშვების მაქსიმუმ 1-2% იღებს იმ სერვისს, რაც მას სჭირდება.

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რა ასაკში არის შესაძლებელი მისი დიაგნოსტირება?

მედეა ზირაქაშვილი: როდესაც აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომების განხილვა პოსტფაქტუმ ხდება, მშობელი იხსენებს, რომ ბევრად უფრო ადრე ფიქრობდა და ვარაუდობდა აღნიშნულ პრობლემაზე, უბრალოდ, ამ სირთულეებს სახელს ვერ არქმევდა. წლების მანძილზე, დიაგნოზის დასმა 2 წლის და მეტი ასაკის შემთხვევაში ხდებოდა, თუმცა სულ რამდენიმე წელია, აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტესტებს დაემატა მეხუთე მოდული, რაც ჩვილობის ასაკში აუტიზმის დიაგნოსტირების მოდულია. ის გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე 12 თვიდან მაღალი ალბათობით მივიტანოთ ეჭვი, აუტიზმის სპექტრის აშლილობის სხვადასხვა სიმძიმით გამოხატულ ნიშნებზე. თუ დავსვამთ კითხვას, რა პერიოდიდან შეგვიძლია მაღალი რისკით ვისაუბროთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, შემიძლია, თავისუფლად გითხრათ, რომ ეს არის 12 თვე, თუმცა 2 წელი და 7 თვე არის ასაკი, როდესაც სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტით ჩატარებული კვლევით ვსაუბრობთ კონკრეტულ დიაგნოზზე.

აუტიზმის ნიშნები თავისუფლად შეიძლება შეამჩნიოს დაკვირვებულმა მშობელმა შედარებით ადრეული ასაკიდან. თუ ჩახედავთ ლიტერატურას, ნახავთ, რომ წითელი დროშები დაახლოებით 9 თვიდან იწყება. პირველი, რაზეც არის გამახვილებული ყურადღება, არის ის, რომ 9 თვიდან ჩვენ ვამჩნევთ რომ ბავშვს არა აქვს სოციალური ღიმილი, არ აქვს სახელით დაძახებაზე ადეკვატური რეაგირება, 12 თვიდან არ იყენებს ჟესტებს, ინდიფერენტულია გარემოსადმი, ან რთულია მისი ყურადღების მობილიზება შეთავაზებებზე, მკვეთრად სელექციურია მისი ყურადღება, მზერითი კონტაქტი არ არის, იგვიანებს ენობრივი განვითარება. სოციალურ-კომუნიკაციური უნარები არის ის, რაზეც ყველაზე მეტად ვახდენთ აქცენტირებას. ვაკვირდებით თამაშის სტილს, საგნების ფუნქციურ გამოყენებას და ქცევებს.

აუტიზმზე ეჭვის მიტანა იწყება 9 თვიდან, 12 თვიდან უკვე ვამბობთ რომ არის აუტიზმის დიაგნოზის მაღალი რისკი, 2 წლის და 7 თვის ასაკში კი ჩვენ შეგვიძლია ძალიან მაღალი ალბათობით დავადასტუროთ ან გამოვრიცხოთ დიაგნოზი.

ბოლო დროს, ინტერნეტში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა, მეტყველების დაწყების გაიდლაინები შეიცვალა, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იმატებს იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც მეტყველებას აგვიანებენ. რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს?

მედეა ზირაქაშვილი: 2 წელი იყო ის ასაკი, როდესაც დაახლოებით 50-მდე სიტყვას და 2-3 , ორსიტყვიან ფრაზას ვითხოვდით ბავშვისგან. თუმცა, რადგან 21-ე საუკუნეში ჭარბია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, ბავშვები ძირითადად პასიური მსმენელები და მაყურებლები არიან და ნაკლებად უწევთ ვერბალური კომუნიკაცია გარემოსთან, შესაძლებელია  რომ გადავადდეს ენის განვითარების ნიშან-სვეტების ნორმები და  შესაბამისად 30 თვეზე მოვითხოვოთ ის, რასაც ვითხოვდით 24 თვის ასაკში ენის განვითარების კუთხით. თუმცა მეცნიერებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ შესაძლებელია ამ ცვლილების გათვალისწინებით, გამოგვრჩეს პრობლემები ან/და დავიგვიანოთ ჩარევა, რაც სავალალო შედეგს გამოიწვევს მომავალში.  

არსებობს  ტერმინი „გვიან მოლაპარაკე ბავშვები“, რასაც უწოდებენ 18-დან 30 თვემდე ასაკის იმ ბავშვებს რომლებიც აგვიანებენ ენობრივ განვითარებას, მაგრამ  აქვთ ასაკობრივი სოციალურ-კომუნიკაციური უნარები, თამაშის მრავალფეროვანი რეპერტუარი და მხოლოდ ენობრივი განვითარება ჩამორჩება თანატოლებისას და გამორიცხულია ენის განვითარების დარღვევის სხვა მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიის ბავშვების 80 %-ს 4 წლისთვის აღარ აღენიშნებათ ენის განვითარების დარღვევები, სპეციალისტთა რჩევაა, რომ არ დავიცადოთ და მივმართოთ ენობრივი განვითარების მასტიმულირებელ ღონისძიებებს.

აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული სირთულეები ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, ყველა ბავშვი საჭიროებს თუ არა შეფასებას სკოლისთვის მზაობის თვალსაზრისით?

მაია გაბუნია: სკოლა ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. როდესაც ის სკოლაში მიდის, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება და ბევრად მეტი მოეთხოვება, ვიდრე მოეთხოვებოდა ბაღში. რაღაც უნარები ბავშვმა უკვე ბაღშივე უნდა შეიძინოს, იქნება ეს ჯგუფური თამაშები, დათმობა, მეგობართან ურთიერთობა თუ სხვა. ჩვენი შეხედულება, რომ სკოლა განსაკუთრებულად აკადემიური უნარების განვითარებისთვისაა, სწორი არ აღმოჩნდა. მთავარი არის არა რაღაცის დასწავლა, არამედ სოციალურ-ემოციური განვითარება, თუნდაც ის, თუ როგორ შეუძლია, გაჩერდეს კლასში მშვიდად, გაკვეთილის დასრულებამდე. ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება უნდა იყოს შესაბამისი იმისთვის, რომ მან სკოლაში სწავლა შეძლოს. ადრე, ყველას გვეგონა, რომ მთავარი იყო, თუ როგორ ისწავლიდა ბავშვი, რამდენად „ფრიადოსანი“ იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ სასკოლო მზაობა სრულიად სხვა უნარია.

ენის განვითარების დარღვევაზე საუბრობდით და მინდა გითხრათ, რომ ადრე მართლაც ბევრი რამ არ ვიცოდით, ტერმინებსაც კი არასწორად ვხმარობდით ხოლმე, ხდებოდა ენის და მეტყველების ერთმანეთში აღრევა და ა.შ. ზოგჯერ, დღესაც კი არასწორად ხმარობენ ექიმები ამ ტერმინებს.

სტატისტიკურად აღმოჩნდა, რომ კრიმინალში ჩართული ადამიანების ძალიან დიდ პროცენტს ენობრივი განვითარების დარღვევა ჰქონია. აღმოჩნდა, რომ მათ უჭირთ რეალიზება, რადგან მათთვის რთულია საკუთარი აზრების გადმოცემა და უჭირთ სხვისი ლაპარაკის გაგება. შესაბამისად, ყველაფერი ურთიერთკავშირშია და არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე.

რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი გაკვეთილზე ვერ ჩერდება, ან აქვს აგრესიული ქცევა, უნდა მივმართოთ თუ არა სპეციალისტს?

მედეა ზირაქაშვილი: რამდენად შეძლებს ბავშვი სასკოლო გარემოში, ადეკვატურად ადაპტირებას, ამაზე ინფორმაცია წინასასკოლო პერიოდშივე აქვს დაკვირვებულ მშობელს. ამიტომაა აუცილებელი თანმიმდევრულად მუშაობა ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე. ქალბატონმა მაიამ ძალიან ზუსტად გაამახვილა ყურადღება სოციალურ-ემოციური სფეროს კომპეტენციებზე, სოციალურ- ემოციურ სიჯანსაღეზე ნაკლებად ფიქრობს ბავშვის აღმზრდელი გარემო. ბავშვების ძალიან პატარა ასაკიდან ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი ემოციების განსაზღვრა, მათი სწორად იდენტიფიცირება და სახელდება, მათი  რეგულირება, განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც აუცილებელია, რომ ბავშვს განვუვითაროთ, გახლავთ სოციალური უნარები. მაგალითისთვის, მათ უნდა შეეძლოთ კომპრომისზე წასვლა, რიგის დაცვა, საკუთარი ინტერესების დათმობა სხვისი ინტერესების სასიკეთოდ. ჩვენ სულ ვსაუბრობთ ხოლმე ემპათიის ნაკლებობაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი უზარმაზარი პრობლემაა. ბავშვს, რომელსაც აქვს ემპათიის უნარი, ის თანატოლს ისე არ გაიმეტებს, რომ არ ფიქრობდეს იმაზე, რომ შეუძლია ატკინოს, დააზიანოს. აქ შემოდის სოციალური შემეცნების ცნებაც ხომ? ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით ძლიერი უნარების მქონე ბავშვები საბოლოოდ აუცილებლად შეძლებენ დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც იმის წინაპირობაა, რომ ისინი თვითრეალიზებულ, საზოგადოებისთვის ქმედით და სარგებლის მომტან ადამიანებად შედგებიან.

რაც შეეხება  ქცევასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ქცევითი დარღვევებით ბავშვები არ იბადებიან, ქცევის დარღვევებით ისინი იმ გამოწვევებს პასუხობენ, რასაც გარემო უქმნით. გამოწვევებთან გამკლავების ალტერნატიული გზები, სამწუხაროდ მათ არ იციან.

აღზრდის საერთო სტრატეგიების დეფიციტი, სახლში სტრუქტურის არ არსებობა, ავტორიტეტების დეფიციტი, აგრესიის გამოცდილება, ავტორიტარული ან ინდიფერენტული აღზრდის სტილი და ა.შ. ეს ყველაფერი არის წინაპირობა, რომ თავი იჩინოს პრობლემებმა სასკოლო გარემოში, რადგან სასკოლო გარემო ეს არის პირველი მკვეთრად სტრუქტურული გარემო ბავშვისთვის. თუ ბავშვს არ აქვს ინსტრუქციების შესრულების გამოცდილება, თუ მისთვის არ არსებობს ავტორიტეტული ადამიანები, თუ მასთან არავის უმუშავია ემოციების რეგულაციაზე, რა თქმა უნდა, მას შეექმნება სირთულეები საკუთარი ემოციების მართვის თვალსაზრისით. ქცევის დარღვევა სხვა არაფერია თუ არა ყველა ის წინაპირობა, რაზეც ვისაუბრეთ.

ამ ყველაფრის მართვა შესაძლებელია სპეციალისტთან მიმართვით და საჭირო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავებით.

მაია გაბუნია: თითქოს შევიცვალეთ, თითქოს უფრო მიმღებები გავხდით, თითქოს უფრო ვიტანთ განსხვავებულ ადამიანებს, მაგრამ არ არის ასე, სტიგმა მაინც რჩება და ეს სტიგმა განსაკუთრებით მაღალი არის და განსაკუთრებით ძლიერია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში ეს სტიგმა იყო ძალიან ძლიერი და შეიძლება, რომ იქიდან მოგვყვება, როგორც ნარჩენი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არავინ არაფრისგან არის დაზღვეული. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰყავდეს ოჯახის წევრი სხვადასხვა მდგომარეობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევით, ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ. ეს აღარ უნდა იყოს სტიგმა. როგორც ტიპური განვითარების ბავშვები არსებობენ, ისე არსებობენ აბსოლუტურად განსხვავებული განვითარების ბავშვები და ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვამენ სამყაროს, სხვადასხვა გამღიზიანებელზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დედების უმეტესობა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ფიზიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ როცა საქმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ეხება, ამას, თითქოს, რაღაცნაირად უყრუებენ, თითქოს, ვერ ხედავენ. მაგალითად, 23 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი სკოლებს ესტუმრა და ბავშვებს შეხვდა, რომ მათთვის აეხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობა. რამდენიმე ბავშვმა, იცით, რა თქვა?! მე მაქვს პრობლემა, მაგრამ დედაჩემს რომ ვეუბნები არ ესმის და არ მიჯერებს. ამის მიზეზი არის სტიგმა და ის, რომ ინფორმირება ძალიან დაბალია. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მით უფრო შემცირდება ეს სტიგმა. 

მედეა ზირაქაშვილი: 2024 წლის 23 აპრილის მთავარი თემაც ეს გახლავთ: „მათი სიტყვებით, გავდოთ ხიდები ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, მათი გამოცდილებიდან და გადასახედიდან, მათ დანახულ ჭრილში განვიხილოთ პრობლემები და შესაბამისად მეტად დავეხმარებით, მათ შორის სტიგმებსაც მეტად დავამსხვრევთ.

მშობლები ეკრანდამოკიდებულ ბავშვებთან მიმართებაში ხშირად აღნიშნავენ, რომ როგორც კი მათ მოხსნეს აქტიური კომპიუტერული თამაშები, ეკრანზე მუდმივი მიჯაჭვულობა, მათ აგრესია შეუმცირდათ. კავშირშია თუ არა ეს ორი კომპონენტი?

მედეა ზირაქაშვილი: ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ქცევის დარღვევები და აგრესია არასდროს არის პირველადი პრობლემა. ჩვენ შეიძლება ვიბადებოდეთ რაღაც გარკვეული ტიპის დარღვევებით, ისეთით როგორიცაა ნეიროგანვითარებითი დარღვევა, ენობრივი განვითარების დარღვევები, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, მაგრამ არ არსებობს ბავშვი, რომელიც ქცევითი დარღვევებით იბადება. ქცევითი დარღვევა ეს არის პასუხი გარე გამღიზიანებელზე, ანუ ეს არის ჩემი ადაპტაციური ქცევა, რომლითაც ვცდილობ თავი გადავირჩინო. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თუ ვხედავთ აგრესიას და ქცევის დარღვევას, ვუმკურნალოთ არა სიმპტომს, არამედ ვეძებოთ წინაპირობა, რომელიც იწვევს ამ ხილულ მახასიათებლებს. იმისთვის, რომ აგრესია ვმართოთ, მისი გამომწვევი მიზეზი უნდა ვიპოვოთ.

ნამდვილად, კვლევებით დასტურდება კავშირი ქსელურ თამაშებსა და აგრესიას შორის. ბავშვი თამაშის პროცესში ავლენს აგრესიას თამაშის პერსონაჟზე. მკვლევრები გვეუბნებიან, რომ ბავშვებს  ძალიან უჭირთ საკუთარი თავის გამიჯვნა თამაშის გმირისგან. ამიტომ ითვლება, რომ ამ ბავშვებს ეს აგრესია ყოველდღიურობაში გადააქვთ და ეს კვლევებით დადასტურებული ფაქტია.

წარმოადგენს თუ არა ქცევის პრობლემა, აგრესია დეპრესიის წინაპირობას თუ დეპრესია საერთოდ სხვა მიმართულებაა? როგორია ამ დროს გამოსავალი და მკურნალობის მეთოდი?

მედეა ზირაქაშვილი: დეპრესიას ძალიან მულტიფაქტორული წინაპირობები აქვს და ნამდვილად გაჭირდება, რომ ერთი ან ორი ფაქტორით მომავალში დეპრესიის პრედიქტირება გავაკეთოთ. 12-დან 17 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც იზრდება დეპრესიის განვითარების რისკი და სიხშირე. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ თუ მაგალითად, ბავშვებში დეპრესიის გავრცელება 4%-ია, მოზარდებში ის 12%-მდე ადის. ეს ასაკობრივი ჯგუფი ყველაზე მოწყვლადია იმისთვის, რომ მათ დეპრესიული გუნება-განწყობა ჰქონდეთ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ძალიან ადრეულ ასაკში მიაქციოს ყურადღება დეპრესიის ნიშნებს. დავასახელებ სამ ძირითად ნიშანს. ეს არის დაქვეითებული გუნება-განწყობა, ანჰედონია, ანუ ინტერესის დაკარგვა იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც მათ მანამდე სიამოვნებას ანიჭებდათ, და მესამე, გაღიზიანებადობა, არის ის ძირითადი კლინიკური ნიშნები, რომელიც ძალიან ხშირად ახასიათებს დეპრესიას. დამატებით უნდა დავაკვირდეთ ძილის რეჟიმს, აკადემიურ მოსწრებას, კვების კომპონენტს. ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი ზოგადი სიმპტომი ჩამოვთვალეთ, რომელიც ისედაც შეიძლება იყოს პრობლემა თინეიჯერულ ასაკში, მაგრამ ეს სირთულეები, რომლებზედაც ვილაპარაკეთ, ფონი კი არ უნდა იყოს და ფონად კი არ უნდა გასდევდეს ბავშვს, არამედ უნდა იყოს რადიკალური შეცვლილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომებს და ნიშნებს ვხედავდეთ სტაბილურად, დღეში ძალიან დიდი ხნით და მინიმუმ ორი კვირა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს მდგომარეობა დეპრესიად შევაფასოთ.

რაც შეეხება მძიმე ფორმებს, ჩვენ მკურნალობას არასდროს ვიწყებთ მედიკამენტური თერაპიით, ვიწყებთ რეაბილიტაციის პროცესით, ფსიქოთერაპიით. პირველი რიგის არჩევანია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და მხოლოდ მისი უეფექტობის შემთხვევაში ვამატებთ მედიკამენტურ მკურნალობას.