LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ ურტიკარია და რა თანამედროვე მიდგომები არსებობს დაავადების სამართავად – ნინო მჭედლიშვილის რეკომენდაციები

1855
ნინო-მჭედლიშვილი

1-ლი ოქტომბერი – ურტიკარიის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი – ნინო მჭედლიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ურტიკარიის გამომწვევ მიზეზებზე, დაავადების მიმდინარეობაზე, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მეთოდებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. გადაცემის სტუმარმა არაერთი ძალიან საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

ნინო, რატომ არის მნიშვნელოვანი 1-ლი ოქტომბერი?

ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელს მსოფლიოში ურტიკარიის დღეს აღნიშნავენ. ჩვენი ცენტრიც ყოველთვის უერთდება ამ მნიშვნელოვან თარიღს, რათა  პაციენტებს აგრძნობინოს, რომ ისინი მარტო არ არიან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახის –  ალერგიის, ასთმის მართვის საუკეთესო გლობალური კავშირის წევრი. ჩვენ ორჯერ გავიარეთ სერტიფიცირება და მათი ოჯახის წევრობა დავიმსახურეთ. შესაბამისად, ყოველწლიურად გვეძლევა საშუალება, რომ მათ კონფერენციებში მივიღოთ მონაწილეობა, რომ მათ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება რთულად სამართავი პაციენტების შესახებ. რაც მთავარია, გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ინფორმაცია მსოფლიოში არსებული იმ ინოვაციების შესახებ, რომლებიც ჩვენს პაციენტებს ყოველდღიურობას შეუმსუბუქებს.

პირველ რიგში, განვმარტავ, თუ რა არის ურტიკარია.

ურტიკარია მოსახლეობაში ჭინჭრის ციების სახელით არის გავრცელებული. თუ ურტიკარია 6 კვირამდე გრძელდება, ეს მწვავე ფორმაა, თუ 6 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ქრონიკული. გამონაყარი შეიძლება, რომ ორივე შემთხვევაში მსგავსი იყოს. ამ დროს არის კანის ზედაპირიდან ამოწეული წითელი ელემენტები, რომელთაც ძლიერი ქავილი ახასიათებთ. მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის, რომ  შეიძლება, გამონაყარი სხვადასხვა უბანზე ვლინდებოდეს, შეიძლება, იყოს გენერალიზებული, ანუ მთელს სხეულზე გამოვლენილიც, მაგრამ 24 საათში ის უკუგანვითარებას განიცდის და ერთსა და იმავე უბანზე არ რჩება, რითაც განსხვავდება, დავუშვათ, ატოპიური დერმატიტისგან.

ატოპიური დერმატიტისას კანი უფრო უხეშია და რამდენიმე დღე, ერთსა და იმავე უბანზე გვაქვს გამონაყარი. როგორც უკვე აღვნიშნე, ურტიკარიის შემთხვევაში გამონაყარი 24 საათში ქრება და სწორედ ეს არის ის ნიშანი, რომლის მეშვეობითაც დიაგნოსტირებას ვახდენთ.

გაქრობის შემდეგ, რამდენ ხანში იწყებს გამონაყარი თავიდან განვითარებას?

შეიძლება ეს სპონტანურად ხდებოდეს, ერთ უბანზე ქრებოდეს და მეორეზე ჩნდებოდეს. ასევე შესაძლებელია, მას თან ახლდეს ანგიონევროზული შეშუპება. შეიძლება შეშუპდეს ტუჩი, ქუთუთო, ყური და სხვა ნებისმიერი უბანი. პაციენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ, რომ არ მოხდეს ხორხის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

რამდენად დიდია ხორხის შეშუპების რისკი?

ამის რისკი მინიმალურია და გააჩნია, თუ რისგან არის გამოწვეული ურტიკარია.

ასაკობრივად რომ დავყოთ, ბავშვთა, განსაკუთრებით, 1 წლამდე ასაკში, უფრო კვებითი ურტიკარია არის ხოლმე.

გვაქვს კვებითი ალერგენების დიდი ექვსეული, რომელზეც ყველაზე ხშირად ემართებათ ხოლმე ურტიკარიური გამონაყარი. ეს გახლავთ – ძროხის რძის პროდუქტები, ხორბალი, არაქისი, სოიოს პროდუქტები, კვერცხი, თევზეული. სიაში ერთ-ერთ დამატებით დიდ ალერგენად შევიდა სეზამიც. შესაბამისად, ბავშვის რაციონი ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. მნიშვნელოვანია, ბავშვს მცირე ულუფებით დავაწყებინოთ კვება, რათა ურტიკარიური გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, გამონაყარი მცირე ზომის იყოს. ბავშვს თავიდანვე არ ვაჭამოთ ერთი მთლიანი ულუფა, რასაც მართლა შეიძლება, მოჰყვეს ხორხის შეშუპებაც.

რომელია ურტიკარიის ყველაზე გავრცელებული ფორმა, შესაძლებელია თუ არა, ურტიკარიის მწვავე და მარტივ ფორმებად დაყოფა?

ყველაზე ხშირი და გავრცელებული სპონტანური, მწვავე ურტიკარიის ფორმაა. მისი უხშირესი მიზეზი ვირუსული ინფექციაა.

შესაძლებელია, რომ ვირუსული ინფექციის სხვადასხვა სიმპტომების, ცხელების, დიარეის ფონზე, თან დაგვერთოს ურტიკარიური გამონაყარი. უბრალოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, ეს ყველაფერი ინფექციით არის გამოწვეული თუ რაიმე მედიკამენტის მიღებით. ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ასპირინი, იბუპროფენი, რომლებმაც შეიძლება, რომ უფრო გაამწვავონ ურტიკარია და რომლებიც განსაკუთრებით სახიფათოები არიან ამ დროს.

შესაძლებელია, რომ ურტიკარია უფრო მარტივად დაემართოთ ალერგიულ ადამიანებს?

დიახ, მათთან შედარებით მაღალი რისკია, თუმცა ეს მწვავე, სპონტანური ურტიკარია ნებისმიერ, არა ალერგიულ ადამიანსაც კი შეიძლება დაემართოს, ნებისმიერ ასაკში. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ 80 წლის პაციენტს უთქვამს, რომ მას არასდროს არაფერზე ჰქონია ალერგია და ახლა დაეწყო. წინასწარ განსაზღვრა, თუ ვის დაემართება ურტიკარია, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია.

არაჯანსაღი, ემულგატორებით, ნიტრატებით, საღებავებით, კონსერვანტებით გაჯერებული საკვების გადაჭარბებით მიღება, ხშირ შემთხვევაში, არა ალერგიულ ადამიანთანაც ზრდის ფსევდო ალერგიული ურტიკარიის განვითარების რისკს.

მწვავე და ქრონიკულ ურტიკარიას, ხანგრძლივობის გარდა, თუ აქვს სხვა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, მწვავე ურტიკარია ქრონიკულ ურტიკარიაში გადასვლის შემდეგ, იგივე სიმპტომებით გრძელდება თუ ოდნავ განსხვავებული ფორმით მიმდინარეობს?

ქრონიკული ურტიკარიის შემთხვევაში გვაქვს ასეთი ფორმა, რომელსაც ფიზიკურ ურტიკარიას ეძახიან, რომლის დროსაც, მექანიკური გაღიზიანებით შეიძლება მისი გამოწვევა. გვაქვს ფრიკ ტექსტი, რომელსაც პლასტმასის ოთხ წვერიანი ხელსაწყოთი ვაკეთებთ და რომლის მეშვეობითაც კონსულტაციის პერიოდშივე შეგვიძლია დავადასტუროთ აქვს თუ არა პაციენტს დერმოგრაფიული ტიპის ურტიკარია, ანუ მექანიკურ გაღიზიანებას შეუძლია თუ არა ჭინჭრის ციების გამოწვევა. მოჭერილმა ტანსაცმელმა, ქავილმა, გაკაწვრამ შესაძლოა, რომ ფიზიკური ტიპის ურტიკარიის პროვოცირება გამოიწვიოს. ასევე, არსებობს ჰიდროგენური ურტიკარია, რომელიც წყლის შეხების შედეგად ემართებათ, რომელიც განპირობებულია მაღალი და დაბალი ტემპერატურით. აცივებასთან ერთად იწყება ეს ფორმაც, რადგან ზოგიერთ ადამიანს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსზე ქვემოთ ჩამოდის, გარეთ გასვლისთანავე ეწყება სახეზე გამონაყარი. მსგავსი გამონაყარი, სითბოში შესვლის შემდეგ, თვითნებურად ულაგდებათ ხოლმე. არსებობს ვიბრაციული ურტიკარიაც. მაგალითისთვის, თუ ადამიანს ხელში უჭირავს მიქსერი, რომელიც ვიბრირებს, ამან შეიძლება, გამონაყარი განაპირობოს. კიდევ არსებობს ქოლინერგული ფორმა, რა დროსაც, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ოფლის გამოსვლამ შეიძლება განაპირობოს ურტიკარია. ზოგჯერ რამდენიმე ფორმასაც კი ვხვდებით ერთად, ამიტომ ყველაზე დიდი დრო უნდა დავუთმოთ ანამნეზის შეკრებას, უნდა გავიგოთ, რა იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი, უნდა გავითვალისწინოთ ოჯახური ანამნეზი, მედიკამენტური ალერგიები, მწერის ნაკბენი.

მწერის ნაკბენით განპირობებული ურტიკარია ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რასაც ხშირად თან ახლავს შეშუპება და რომლის დროსაც ყველაზე სწრაფად ვითარდება სისტემური ალერგიული რეაქცია.

შესაბამისად, ადრენალინის აუტოინექტორი ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს პაციენტს.

ანამნეზის შეკრება ურტიკარიის დიაგნოსტირების ერთ-ერთი ფორმაა თუ ერთადერთი?

ერთ-ერთი ფორმაა, რადგან როგორც ვთქვით, ფიზიკური ურტიკარიის შემთხვევაში ფრიკ ტესტირებას ვიყენებთ, ჰიდროგენური ურტიკარიის შემთხვევაში, გვჭირდება დავადგინოთ, რამდენად ვითარდება ის წყალთან შეხების შედეგად. ასევე, გვაქვს ტემპ ტესტი, აპარატი, რომელიც სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა ტემპერატურას წარმოქმნის, 4 გრადუსიდან 40 გრადუსამდე, რომ გავიგოთ, კონკრეტულ პაციენტს რომელ გრადუსზე ემართება ურტიკარია.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ის ზღვარი, რომელ გრადუსზეც ემართება პაციენტს ურტიკარია, რადგან მაგალითად, თუ არის დაბალ ტემპერატურაზე ასოცირებული ურტიკარია, პაციენტს აუზში ჩასვლის, ცივი სასმლის მიღების შემდეგ, სისტემური რეაქციის დამართვის რისკი აქვს. სიცხისმიერი ურტიკარიის შემთხვევაში, თუ პაციენტს 37 გრადუსის ზემოთ ემართება ჭინჭრის ციება, რა თქმა უნდა, ზაფხულში, როცა 40 გრადუსამდე იწევს ჰაერის ტემპერატურა, დაავადების გამწვავების დიდი რისკი აქვს.

როდესაც დაადგენთ კონკრეტულ ტემპერატურას, რომელიც პაციენტისთვის ურტიკარიის განვითარების რისკს წარმოადგენს, როგორ რეკომენდაციებს გასცემთ?

მკურნალობის მხრივ, ძირითადად ინიშნება ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური მედიკამენტები. ქრონიკული ურტიკარიის შემთხვევაში, საწყის ფორმაში, საწყისი დოზა არის ასაკობრივი 1 ტაბლეტი. თუ შედეგი არ იქნება, უნდა გაორმაგდეს ანტიალერგიული პრეპარატების რაოდენობა, უნდა განიხილოს კომბინაცია და თუ მაინც არ გვექნება ეფექტი ანტიჰისტამინური მედიკამენტების ფონზე, არის ბიოლოგიური პრეპარატი – ომალიზუმაბი, რომელიც შედარებით უფრო მაღალეფექტურია ქრონიკული ურტიკარიის მართვაში. ჩვენ ხშირად  სწორად ვსვამთ დიაგნოზს, ძალიან სწორად ვიცით მართვა, მაგრამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ყველა პაციენტს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოს მისთვის განკუთვნილი მედიკამენტი.

ურტიკარიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების წამოსვლისას, ადამიანები ძირითადად, ალბათ, მაინც თვითმკურნალობას მიმართავენ, სვამენ ანტიჰისტამინურებს და ა.შ. თან ისე, რომ შეიძლება, არც იცოდნენ, რა დაავადებასთან აქვთ საქმე. შესაძლებელია, რომ ასეთი მიდგომით მოულოდნელად ალაგდეს ურტიკარიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები? რომ გვითხრათ, ასეთ დროს, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი და დიაგნოსტირება, იმისთვის, რომ უფრო შორს არ წავიდეს პროცესი და არ გართულდეს?

ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია. მწვავე ფორმის ურტიკარია თვითლიმიტირებადი დაავადებაა და რამდენიმე დღეში, შეიძლება, რომ ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ალაგდეს, მაგრამ ადამიანებს, რაც ეშლებათ, არის ის, რომ თვითნებურად მიმართავენ ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომლებიც ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიშია, მაგალითად, დექსამეტაზონი, ჰორმონალური პრეპარატი.

ცოტა ხნის წინ, მყავდა პაციენტი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში თვითნებურად იღებდა დექსამეტაზონს და რომელსაც კუშინგის სინდრომი განუვითარდა. ჰორმონის გადაჭარბებით მიღების შედეგად, ენდოკრინული სისტემა თავის ფუნქციას კარგავს. ქალბატონს ჰქონდა შეშუპება, ალები, სიმხურვალე, მაგრამ ეს იყო მედიკამენტის გვერდითი ეფექტი და არა –  ალერგია. პაციენტი კი ამ ყველაფერს ისე ალერგიად აღიქვამდა და ამატებდა და ამატებდა დექსამეტაზონს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს სიტუაცია. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის არ არის საჭირო დექსამეტაზონი და ჰორმონალური მკურნალობა, რადგან ანტიალერგიული პრეპარატები გადასარევად შველიან პრობლემას, გარკვეული დროის შემდგომ.

მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს საშიშროების ნიშნები, მაგალითად, თანდართული ანგიონევროზული შეშუპება, განსაკუთრებით, სახის და ხორხის არეში, თუმცა ის ესე სწრაფად არ იწყება, არის გარკვეული წინაპირობები, სტვენა ჩასუნთქვისას, ხმის ტემბრის შეცვლა, მყეფავი ხველა. აღნიშნული ჩამონათვალიც ძალიან საყურადღებოა და უმჯობესია სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ ან მიმართოთ გადაუდებელი დახმარების კლინიკას, რომ სწორად მოხდეს სიტუაციის შეფასება, თუ რამ გამოიწვია პრობლემა, რა იყო მაპროვოცირებელი, რომ შემდგომ სწორი დიაგნოსტიკა და მართვა დაიგეგმოს. მწვავე ფორმის დროს ყოველთვის არ გვჭირდება ანალიზების გაკეთება. თუ პაციენტი ამბობს, რომ ცხოვრებაში პირველად დაემართა მსგავსი რამ და ეს, მაგალითად, ნიგვზიანი პროდუქტების ჭარბად მიღებას დაუკავშირა, ამ შემთხვევაში, ყოველთვის არ გვჭირდება ანალიზი. ანალიზი გვჭირდება, მაგალითად, მაშინ, როცა მწერმა უკბინა ადამიანს და გასარჩევი გვაქვს, ბზიკი იყო, ფუტკარი თუ კრაზანა. არსებობს ჰიპოსენსიბილიზაციის კურსი და თუ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია ეს ფუტკრის ნაკბენი, შესაძლებელია, რომ ის განიკურნოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორად დავგეგმოთ მკურნალობის სტრატეგია.

თუ ქრონიკული ურტიკარია ხანგრძლივი მიმდინარეობისაა, მაშინ მთელი რიგი ანალიზებია საჭირო, მაგალითად, პარაზიტულ ინფექციებზე, რაც ერთ-ერთი ხშირი მიზეზია საქართველოში, რადგან ძალიან არის გავრცელებული ასკარიდოზი, განსაკუთრებით, ბაღის და სასკოლო ასაკში.

ურტიკარიის გამოვლენის შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავიდან ავირიდოთ მისი ხელმეორედ გამეორება, როგორია პროფილაქტიკა, რა ტიპის საპრევენციო ზომებს შეიძლება მივმართოთ?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსევდოალერგიული პროდუქტების რაციონიდან ამოღებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სხვადასხვა პროდუქტებში, კონსერვებში, საწებლებში ხშირად იყენებენ ასპირინს და თუ ასპირინთან ასოცირებული ალერგია გვაქვს, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ შემადგენლობა, შეიცავს თუ არა კონკრეტული პროდუქტი ასპირინს, რადგან ამის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ასპირინი.

ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ბავშვს ერთი მოყუდებით მიურთმევია კომპოტი, რომელიც ასპირინს შეიცავდა. შესაძლებელია, რომ ურტიკარიის გარდა, სხვა მოგვიანებითი ტიპის, სიცოცხლისთვის უფრო მეტად საშიში რეაქციებიც განვითარდეს, მაგალითად, სტივენ ჯონსონის სინდრომი, როდესაც როგორც დამწვარი ისე აქვთ კანი და პრობლემაც, როგორც დამწვრობა ისე იმართება. ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკია, რომ პაციენტი დაიღუპოს, ამიტომ მედიკამენტების ასე, არაჯეროვნად გამოყენება, ყოვლად დაუშვებელია.

რადგან ალერგიებზე ვსაუბრობთ, მინდა ვისარგებლო და აღვნიშნო კვიპაროსი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ასე მასიურად ირგვება პარკების გამწვანებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ალერგენული ხეა. გარდა იმისა, რომ შეიძლება, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ასთმის შეტევა გამოიწვიოს, მას აქვს ჯვარედინი რეაქცია ატამთან და ციტრუსთან. მყავდა პაციენტი, რომელმაც მიირთვა ატამი, დაემართა ანაფილაქსიური შოკი, კლასიკური მიმდინარეობით, სუნთქვის გაძნელებით, ბრონქოსპაზმით, დიარეით, ღებინებით, წნევის ვარდნით. ამ ადამიანს მართლაც დროულად აღმოუჩინეს დახმარება და გადაარჩინეს. დიაგნოსტიკის შემდგომ აღმოჩნდა, რომ თვითონ ატამი კი არ იყო დამნაშავე, არამედ კვიპაროსის მოლეკულა, რომელიც მსგავსია ატმის, რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს, როგორც კვიპაროსის ცილას და ვითარდება ასეთი სისტემური რეაქცია. შესაბამისად, რაც ვიცით, რომ ძალიან ალერგიულია, კვიპაროსი, არყის ხე, ზეთის ხილის ხე, ასეთი მასიური დარგვებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ახლა, ძალიან პოპულარული გახდა კერძო დასახლებების გაშენება და იმის ნაცვლად, რომ ჯანსაღი გარემო შექმნან, პირიქით, სულ კვიპაროსებს რგავენ. ადრე თუ გვიან, 5-10 წელიწადში, მასიურად დაავადდებიან ეს ადამიანები. უნდა შევეცადოთ არ დავრგოთ მავნე ხეები, ასევე ვაკონტროლოთ გამონაბოლქვი, რათა დადასტურებულია, რომ ამ დაბინძურებას ალერგიული ფონის გამწვავება ნამდვილად შეუძლია. სამწუხაროდ, დღემდე იწვება სამშენებლო ნაწარმი და მე თავად ვარ იმის მომსწრე, რომ ჩემი შვილის კლასელს ამ სამშენებლო ნაგვის ჩასუნთქვის შემდგომ, ძალიან ძლიერი ურტიკარიური გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება დაემართა. შემოდგომაზე აქტიურად წვავენ ხოლმე ფოთლებს და მცენარის ნარჩენებს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა ნიადაგისთვის, არის ორგანული და ამიტომ ჯობია, სასუქად გამოიყენონ ან გადაყარონ, ვიდრე დაწვან და კიდევ უფრო დაგვიმძიმონ ეს ისედაც მძიმე ალერგიული ფონი.

გასული წლიდან დღემდე, შეიცვალა თუ არა მიდგომები მსოფლიოს წამყვანი ალერგოლოგ-იმუნოლოგების მხრიდან ურტიკარიის მკურნალობის ან დიაგნოსტირების ნაწილში, არის თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე?

ჯერჯერობით კვლევის ფაზაა. ჩვენც ვიღებთ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას და პროგნოზულად ძალიან კეთილსაიმედოა, რადგანაც იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ძალიან ურჩი ურტიკარია, რომელიც არ ემორჩილება არც ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, არც ომალიზუმაბს, რამდენიმე სხვა ბიოლოგიურმა პრეპარატმა, რომლებზეც კვლევა მიმდინარეობს, ეფექტიანობა გამოიჩინა. რაც მთავარია, მათ აქვთ ნაკლები გვერდითი ეფექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, არის ასეთი მედიკამენტი ციკლოსპორინი, რომელიც ქრონიკული ურტიკარიის დროს გამოიყენება, მაგრამ არ ხდება მისი ხანგრძლივად გამოყენება და მისი მრავალი გვერდითი ეფექტის გამო, მას ყოველთვის ვარიდებთ თავს. ახლა კი, გაჩნდა უკეთესი, უფრო უსაფრთხო მედიკამენტების მსოფლიო ბაზარზე გამოჩენის პერსპექტივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც ხელმისაწვდომი იყოს. ექიმისთვის ძალიან დამთრგუნველია, როცა იცის, როგორ ამოიცნოს დაავადება, როგორ მართოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, მედიკამენტი არ აქვს.

ზოგადად, რამდენად ხშირი და გავრცელებული დაავადებაა ურტიკარია?

მსოფლიოს მონაცემებს გამოვიყენებ და გეტყვით, რომ დაახლოებით, 20 %-ს აწუხებს ურტიკარია. ის საკმაოდ გავრცელებულია.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, პაციენტი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება თუ მას მაინც ეზღუდება კონკრეტული საკვები, სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები?

რა თქმა უნდა, ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდოს იმ პროდუქტებს, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ მისთვის მაპროვოცირებელი იყო, მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ფსევდოალერგიულ პროდუქტებს, ასპირინის შემცველ პროდუქტებს… ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესიც. მე მყოლია პაციენტი, რომელთანაც დავამარცხეთ ურტიკარია, წლობით დავემშვიდობეთ, მაგრამ მის ცხოვრებაში მოხდა შემთხვევა, რამაც დიდი შფოთვა და სტრესი გამოიწვია, რამაც ისევ დაიწყო ურტიკარიის გამწვავება.

სტრესი ამწვავებს ურტიკარიას თუ თავად ურტიკარიამ შეიძლება გაამწვავოს სტრესი?

ორივე ურთიერთკავშირშია. ამასთან დაკავშირებით უამრავი კვლევაა ჩატარებული. ერთმანეთს შეადარეს ქრონიკული ურტიკარიის მქონე პაციენტების და ფსორიაზის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხი და აღმოჩნდა, რომ ქრონიკული ურტიკარიის მქონე პაციენტებს უფრო მეტი შფოთვა აქვთ და უფრო დაქვეითებული აქვთ სიცოცხლის ხარისხი, მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზის ელემენტები უფრო ცუდად გამოიყურება. წარმოიდგინეთ, სპონტანურად გიჩნდებათ წითელი გამონაყარი, მაშინ, როცა ანალიზები სრულ წესრიგშია, ეს ძალიან დამთრგუნველია.

ხშირად ნევროპათოლოგის ჩართვაც გვიწევს ურტიკარიის მკურნალობაში, რადგან თუ პაციენტს შფოთვა და სტრესი აქვს, ეს, რა თქმა უნდა, უფრო ამძიმებს სიტუაციას. ხშირად, რამდენიმე სპეციალისტის ერთად მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ამ დაავადებას გავუმკლავდეთ.

ბავშვების შემთხვევაში რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როდის უნდა მიიტანონ ეჭვი ურტიკარიაზე, სიმპტომების განვითარებიდან რამდენ ხანში უნდა მივიდეთ ექიმთან?

ბავშვების შემთხვევაში უკეთესად გვაქვს საქმე, რადგან მაინც უფრო დროულად ხდება ხოლმე ექიმის ჩარევა, რადგან უფროსები პატარების ჯანმრთელობაზე უფრო ღელავენ ხოლმე, ვიდრე საკუთარზე. ბავშვების შემთხვევაშიც რისკფაქტორი შეიძლება იყოს ის ალერგიული საკვები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ ბავშვს კვერცხის მიღების შემდგომ, ყოველთვის უვითარდება წითელი ლაქები, რომელსაც ახასიათებს ქავილი ან ერთვის შეშუპება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციფიკური იმუნოგლობულინების გამოკვლევა, რადგან ასეთი ტიპის ალერგია, სიცოცხლისთვის საშიშია. თუ არის ფსევდოალერგია, თუ ბავშვმა გადააჭარბა დოზას, მიირთვა ბევრი შოკოლადი, ჩიფსი, არაჯანსაღი საკვები, გავცემთ რეკომენდაციას, რომ ნაკლებად მიიღოს ასეთი პროდუქტი.

დღევანდელობაში, ასეთი პროდუქტების სრულიად აკრძალვა ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი შვილების მაგალითზე რომ გითხრათ, შეგიძლიათ, მაგალითად, 3 თვეში ერთხელ აჭამოთ ბავშვებს ისინი.

ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წახალისება, სპორტი, ჰიგიენა, ძილის რეჟიმი. თუ ბავშვებს თავიდანვე მივაჩვევთ სწორ კვებას, ბევრად ნაკლები პრობლემა გვექნება მომავალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები