„არ გაინტერესებთ, რა მოხდა? შემომხედეთ ერთ თვალში მაინც, მეორეში ვერ შემომხედავთ, მაგრამ… როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი, დავინახე, ახალგაზრდა ბავშვს რობოკოპები ითრევდნენ, მისკენ გავემართე, როცა „ხარებას“ დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ [ცემას]…“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს ის კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ეტლით მივიდა.
ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვა, კანონპროექტი უკან გაიწვიონ:
„როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ: „გრძელი ენა გაქვს და მუდმივად ხელისუფლებას აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“; ამბობდნენ: „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“; ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ „ჩმორი ვარ“ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ, ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი, პასუხი რომ მიიღეს, კიდევ უფრო მაგრად მომხვდა.
რასაც ჩემს ტანზე ხედავთ, არის რუსეთი და ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. თქვენ შეიძლება გაგიხარდათ, ხაბეიშვილს ასე რომ აქვს, მაგრამ ესენი იქ ჩვენს შვილებს დასდევდნენ. მე მახსოვს, აქ უმრავლესობის ლიდერმა განცხადება გააკეთა, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს, მინდა გთხოვოთ, იქნებ ეს კანონი გაიტანოთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ფოტო: ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია
ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილმა დაზიანებები 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მიიღო. ენმ-ის განცხადებით, „აქციაზე მყოფი ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს“. დაკავების მომენტში ლევან ხაბეიშვილი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა.