გუშინ ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ გორგასლის ძეგლზე დროშა აიტანა და დაამაგრა. მის შესახებ სოციალურ ქსელში ბესიკ საბაშვილი წერს.
„პიონერთა სასახლეში დავდიოდი დიდხანს ბავშვობაში. ერთხელ სასახლის სხვადასხვა წრის ბავშვები ერთად სპექტაკლს ვდგამდით ჯავახიშვილის “ჩანჩურას” მიხედვით. იქ გავიცანი დათო ხუციშვილი.
ზუსტად ჩემხელა. შავგვრემანი, ვაჟკაცური სახით, რაღაცნაირი სპეციფიური წვრილი თვალებით. ერთერთი რეპეტიციის შემდეგ წამოდიო მითხრა. წავყევი. ჯერ მის დასთან ავედით მთაწმინდაზე (თურმე მშობლებს უმალავდა ალპინიზმში რომ ვარჯიშობდა და ფორმას დასთან ინახავდა) რაღაცა ჩანთა აიღო, მერე კი ბოტანიკური ბაღის კლდეზე მივედით. ჩანთიდან სპორტული შარვალი,მაისური და ჩემდა გასაკვირად კალოშები ამოალაგა, გადაიცვა და უსწრაფესად აძვრა კლდეზე. კი არ აძვრა,არამედ თითქოს აირბინა. ჩამოვიდა,ისევ აძვრა. მე გაშტერებული ვუყურებდი მას. ცოცხალი ალპინისტი პირველად ვნახე. რაღაცა გადაჭრილ მილზე ვიჯექი. მერე გვერდით მომიჯდა,მილში ხელი შეყო და სუხარის ყუთი გამოათრია იქიდან. ხომ არ აძვრები შენცო,შემომთავაზა. მისი კალოშები არ მომერგო, ამიტომ რაც მეცვა იმით დავიწყე აძრომა.
ბევრიც არაფერი, შედეგი მქონდა. მოკლედ იმის შემდეგ მონუსხულით დავდევდი დათოს კლდეზე. ჩემი უბნელი აღმოჩნდა, დავმეგობრდით. თითქმის ერთად ვატარებდით მთელს დღეებს. მერე სკოლა დავამთავრეთ. მერე ჯარი,უმაღლესი. ამასობაში დათო ძალიან სერიოზულ ალპინისტად ჩამოყალიბდა. ჰიმალაის ექსპედიციაშიც იყო. მერე ომი დაიწყო. დავმარცხდით. სამაშველო ჯგუფებს დევნილები გადმოყავდათ ჭუბერზე. დათოც მაშველებში იყო რა თქმა უნდა. მერე დევნილებით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა რომელშიც დათოც იყო.
სიკვდილის შემდეგ გმირის წოდებით დაჯილდოვდა. ბევრი ვიგლოვე, ვიდარდე. სულ თვალწინ მედგა დათოს პირველი არბენა კლდეზე. ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელივანი ეტაპი. და გუშინ დათო გაცოცხლდა ხალხო. ის ბიჭი რომელიც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე აძვრა და დროშა დაკიდა, დათოს შვილი, გურამ ხუციშვილი ყოფილა. მითხარით რომ ეს სასწაული არაა. მითხარით რომ გმირები ნამდვილად არ კვდებიან. მითხარით რომ კვიცი გვარზე არ ხტის! 31 წლის შემდეგ, სალამი დათო ხუციშვილო. შენს სულს და ხსოვნას ვენაცვალე მეგობარო. შენი შვილი შენს მსგავსად,სიმართლის მხარესაა და ლამაზად დაცოცავს სიმაღლეზე“, – წერს ბესიკ საბაშვილი ფეისბუქში.