„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა გურამ ადამია დააკავეს.
მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გურამს საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება, რადგან მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ადვოკატის თქმითვე, გურამ ადამიაზე სამართალდამცავებმა ძალადობა დაკავების მომენტიდან დაიწყეს.
„მრავლობითი დაზიანება აქვს, თვალის მიდამოებში დიდი ჭრილობა აღენიშნება, ასევე დაზიანებები აქვს კისრის მიდამოშიც. მას სპეცრაზმის თანამშრომლები ურტყამდნენ, წაქცეულზე სხვადასხვა პოლიციელებმა ფეხზე გადაუარეს. ეს ადამიანი უკანონოდ დააკავეს, ახლა იზოლატორშია, ცუდადაა, ექიმს ვითხოვთ. იზოლატორმა სასწრაფო უნდა გამოიძახოს და საავადმყოფოში გადაიყვანონ, ამ მომენტისთვის, აღნიშნული არ ხდება, უკან უნდა შევიდე და დაშავებულის კლინიკაში გადაყვანა მოვითხოვო. ადამიანი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ითხოვს კვლევებზე გადაიყვანონ, თავის ტვინი აქვს გადასაღები, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, ამბობს, რომ პირის ღრუ სისხლით ჰქონდა სულ ამოვსებული, ცხვირიდანაც ბევრი სისხლი სდიოდა, ის აუცილებლად საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას“, – აცხადებს ტყეშელაძე.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“