LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Yesterday პირველი სიმღერაა, რომლის წყალობითაც უფროსმა თაობამ Beatles-ის შემოქმედება დააფასა – ერთი სიმღერის ისტორია

1737
Yesterday: ერთი სიმღერის ისტორია

ნიჭიერი მუსიკოსების სიმრავლის მიუხედავად, მაინც რთულია ჯგუფის მოძიება, რომელიც ბრიტანულ კვარტეტს გაეჯიბრება ჰიტების სიუხვით. სწორედ Beatles-ის მდიდარი მემკვიდრეობის ერთ-ერთი შედევრია კომპოზიცია Yesterday, რომელიც 1965 წელს გამოიცა სინგლად, 2019-ში კი, ფინანსური პორტალის 24/7 Wall Street-ის მიერ დასახელდა საუკეთესო სიმღერად კაცობრიობის ისტორიაში.

ლეგენდის თანახმად, ბრწყინვალე კომპოზიცია პოლ მაკარტნიმ სიზმარში მოისმინა. თუმცა, გაღვიძებულმა ჩათვალა, რომ მელოდია მანამდეც სადღაც ჰქონდა მოსმენილი და უბრალოდ ვერ იხსენებდა. მუსიკოსი რამდენიმე კვირა ღიღინებდა საკუთარ „მუსიკალურ ზმანებას“ ნაცნობ მელომანებთან და მუსიკალურ ექსპერტებთან, რათა მათ მაინც შეეხსენებინათ და მოსალოდნელი პლაგიატობისგან დაეღწია თავი, თუმცა მცდელობის მიუხედავად, მელოდია ვერავინ გაიხსენა. მართალია, მოგვიანებით რამდენიმე ვარაუდი გამოითქვა, მაგრამ დამაჯერებლობას მოკლებული ვერსიების განხილვა არავინ მოინდომა.

ბუნებრივად შექმნილი მუსიკისგან განსხვავებით, ბევრად რთული აღმოჩნდა მისთვის ტექსტის მოფიქრება. თავად მაკარტნის აღიარებით, იმდენად ბრიყვული აღმოჩნდა პირველი მცდელობა, რომ გახსენებაც რცხვენია. არ გაამართლა, არც რამდენიმეთვიანმა მუშაობამ და ერთი შეხედვით მსუბუქი მელოდია, მაკარტნისთვის ნამდვილ ტანჯვად იქცა. მუსიკოსი მაშინაც კი საკუთარ ქმნილებაზე ფიქრობდა, როცა Beatles-ის წევრები ერთობლივი კომპოზიციის დამუშავებას ცდილობდნენ, რის გამოც ხშირად იმსახურებდა მეგობრების წყრომას, მუსიკალური კომედიის Help-ის გადაღებებზე კი, მუდმივად როიალისკენ ეჭირა თვალი, რითაც ისე გააღიზიანა რიჩარდ ლესტერი, რომ რეჟისორი მუშაობის შეწყვეტით დაიმუქრა, თუ მაკარტნი თვითშემოქმედებას არ დაასრულებდა. 

მორიგი შემოქმედებითი კრიზისი ელოდა მაკარტნის, როცა პრობლემური ტექსტის შემდეგ ახალ გამოწვევად სიმღერის სათაური იქცა. მუსიკოსი მოკლე და ლაკონური სიტყვის მოძიებას ცდილობდა, თუმცა შესაფერისი ვერაფერი მოიფიქრა. კომპოზიციის საბოლოო ვერსია სათაურით Yesterday, ლისაბონში შეიქმნა მეგობართან, როკ-ჯგუფის The Shadows-ს წევრთან ბრიუს უელჩთან სტუმრობისას, როცა მაკარტნიმ პირველად შეასრულა დასრულებული კომპოზიცია  აკუსტიკურ გიტარაზე.

სხვათა შორის, 2013 წელს მუსიკოსმა სინანულით აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მართალია, ძალიან გვიან მიხვდა, მაგრამ სინამდვილეში სიმღერა დედას მიუძღვნა, რომელიც 14 წლის ასაკში დაკარგა.

Yesterday 1965 წლის 17 ივნისს ჩაიწერა ცნობილ სტუდიაში Abbey Road-ზე და ერთადერთ კომპოზიციად იქცა Beatles-ის შემოქმედებაში, რომელიც პოლ მაკარტნიმ ჯგუფის წევრების გარეშე გამოუშვა. არსებობს ვერსია, თითქოს მუსიკოსს თავიდანვე დამოუკიდებლად, მხოლოდ სიმებიანი ინსტრუმენტების თანხლებით უნდოდა კომპოზიციის შესრულება, რაშიც კომპოზიტორი და არანჟირების ოსტატი ჯორჯ მარტინი დაეხმარა, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, თითქოს სწორედ Yesterday იქცა ჯგუფში კონფლიქტის მიზეზი, როცა მისი ავტორობის სურვილი ჯონ ლენონმაც გამოთქვა მეუღლის, იოკო ონოს წაქეზებით. სხვათა შორის, ლენონი მართლაც გახდა სიმღერის თანაავტორი, მეტიც, ალბომის ქავერზე  სწორედ მისი სახელია პირველი მოხსენიებული.

მართალია, 1996 წელს, ალბომის Anthology 2 მზადებისას, რომელმაც ჰიტების რამდენიმე ნაკრებთან, დოკუმენტურ ფილმთან და ფოტოალბომთან ერთად  „Beatles-ის ანთოლოგია“ შეადგინა, მაკარტნიმ ონოს მიმართა სიმღერის ავტორების რიგითობის შეცვლის თხოვნით, მაგრამ, ლენონის ქვრივისგან არა მხოლოდ კატეგორიულ უარი, არამედ სასამართლოში ჩივილის მუქარაც მიიღო.

საბოლოოდ სიმღერა მაინც ჩაიწერა აკუსტიკური გიტარისა და სიმებიანი კვარტეტის თანხლებით, რომლის პარტიები თავად მაკარტნიმ შექმნა მარტინთან ერთად. აღსანიშნავია, რომ უჩვეულო არანჟირების წყალობით, Yesterday არა მხოლოდ რადიკალურად განსხვავდება ალბომის Help დანარჩენი კომპოზიციებისგან, არამედ ერთ-ერთ პირველ როკ-ბალადადაც ითვლება.

თუმცა, სწორედ ნოვატორობის გამო დაიწუნეს Beatles-ის წევრებმა მაკარტნის ნამუშევარი. მუსიკოსებმა მისი ალბომში შეტანაც კი არ მოინდომეს, რადგან აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა იმ სტილს, რომელსაც ჯგუფი წლების მანძილზე ინარჩუნებდა. ამასთანავე, ლენონმა და ჰარისონმა ბრიტანეთში მისი სინგლად გამოშვებაც გააპროტესტეს, თუმცა ამერიკაში სიმღერა მაინც გამოიცა. მეტიც, ორ თვეში Yesterday-მ ჩარტების ლიდერობა მოიპოვა და რამდენიმე წლით შეინარჩუნა ამერიკული რადიოსადგურების ყველაზე პოპულარული კომპოზიციის სტატუსი, ბრიტანეთში კი, ფირფიტა ჩანაწერით, რომელიც 3 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გავრცელდა მსოფლიოში, მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოვიდა.

სხვათა შორის, Yesterday პირველი სიმღერაა, რომლის წყალობითაც უფროსმა თაობამ Beatles-ის შემოქმედება დააფასა. მანამდე ჯგუფს მხოლოდ ახალგაზრდა ფანები, მეტწილად თაყვანისმცემელი გოგონები ჰყავდა, კონსერვატორობით ცნობილი ბრიტანული საზოგადოება კი, ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი ჯგუფის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები