„საქმე ძალიან მარტივად არის. ამ წუთას აშშ-ს და დასავლეთს რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე ვცვლით, ჩვენი მეგობრები კი ცდილობენ, გამოგვაფხიზლონ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ზომები ქართველი ხალხის გამოსაფხიზლებლად საკმარისი იქნება.
„აქამდე თურმე სიცრუეში ვცხოვრობდით, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, გვეგონა, დასავლეთისკენ მივდიოდით და თურმე, შუა გზაზე გადაგვიხვევია, ამას ნიშნავს ჩემთვის ეს განცხადება…
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, მას უდგას არჩევანი, იხსნას საკუთარი ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რატომ არ ასახელებენ შეერთებულ შტატებში თუ ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს „მხოლოდ იმის ნიშანია, რომ უფრთხილდებიან არასრულწლოვანებს და ოჯახის წევრების ინტერესებს, თორემ თანამდებობის პირები, ვინც დასანქცირდება, ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ცნობილი და არ დაიმალება“.