საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომლის თანახმად, სანამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში იქნება, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ გახსნის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ელჩის ქმედებების ფონზე, მის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს“.
„გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად წინასაარჩევნო კამპანიაზე რეგიონში დადიოდა, „ლელოს“ ლიდერებთან ერთად ბოლნისში იყო ჩასული, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ.
ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად, გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს…
ელჩი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, ჩვენთვის ღირებული არ არის”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.