LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ – NGO-ები ე.წ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

168
NGO-ები

საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ, სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ.

დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე NGO-ების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კანონის მოქმედების შესაფერხებლად, შიდა და საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ.

ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად, კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება“, – აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

მათივე ცნობით, ამავდროულად, ისინი ევროსასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადებიან:

„საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შეუერთდეს მას.

„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ – ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს მხარი 84 ხმით დაუჭირეს.

📣 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ…

Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on Thursday 30 May 2024
mazda magti 5g