ამერიკელმა ვირჯინია ჰისლოპმა უნივერსიტეტში მაგისტრატურა 105 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ NBC წერს.
ვირჯინია სტენფორდის უნივერსიტეტში 1936 წელს ჩაირიცხა. ბაკალავრიატი საკმაოდ წარმატებით დაასრულა და მაგისტრატურაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. თუმცა, მალევე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ვირჯინიას საქმრო გაიწვიეს და ქალს უნივერსიტეტის მიტოვება მოუხდა.
ომის დასრულების შემდეგ ვირჯინია ქმართან და შვილებთან ერთად სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად, მუშაობაც დაიწყო და მაგისტრატურის დიპლომის აღება გაურკვეველი დროით გადადო.
ცოტა ხნის წინ კი ვირჯინიას ოჯახის წევრები სტენფორდის უნივერსიტეტს დაუკავშირდნენ და ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ამერიკელისთვის წოდება დიპლომის დაცვის გარეშე გადაეცა. ვირჯინია ცერემონიაზე მივიდა და კუთვნილი წოდება 105 წლის ასაკში მაინც მიიღო.