აშშ-ში, მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქში, გზებზე გამოჩნდა ახალი ტიპის სიჩქარის კონტროლის კამერები, რომლებიც დიზაინით Tesla Cybertruck-ს ჰგავს.
როგორც გამოცემა წერს, გზებზე უკვე ექვსი ასეთი მოწყობილობა მუშაობს. ისინი განსხვავდებიან უჩვეულო, ფუტურისტული კორპუსით, რის გამოც ვარსკვლავური ომების რეკვიზიტსაც ადარებენ.
მიუხედავად მასშტაბური გარეგნობისა, კამერები მობილურია – სამართალდამცავები მათ გადაადგილებას შეძლებენ იმ მონაკვეთებზე, სადაც ავარიების მაღალი რისკი და ხშირი დარღვევებია. მოწყობილობებზე დაკვირვება შესაძლებელია დისტანციურად, ხოლო სისტემა სრულად ავტონომიურ რეჟიმშიც მუშაობს.
კამერები შექმნილია გერმანული კომპანიის, Vitronic-ის მიერ. თავად სიჩქარის საზომი სისტემა Poliscan სტანდარტულ კამერას ჰგავს, ხოლო განსაკუთრებულ ვიზუალს მას სპეციალური მისაბმელი კორპუსი აძლევს, სადაც მოწყობილობაა განთავსებული.

დეველოპერების განცხადებით, კორპუსი დამატებით დაცულია ვანდალიზმისგან – გამოყენებულია დარტყმაგამძლე მასალები, რადგან ამ რეგიონში ადრე არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი ტექნიკის დაზიანების შემთხვევები.
მონტგომერის ოლქში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 40-დან 1000 დოლარამდე მერყეობს, დარღვევის სიმძიმისა და გარემოებების მიხედვით.