გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz-ი აუქციონზე ლებრონ ჯეიმსის ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ ძვირად ღირებულ სედანს, Mercedes-Maybach S 680-ს გაიტანს. ავტომობილი კალათბურთელის პირადი მანქანის იდენტური ასლია, ხოლო მისი გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხა ლებრონ ჯეიმსის საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება.
აუქციონი ნოემბერში, ნიუ-იორკში, Retromobile New York-ის ფარგლებში გაიმართება. გაყიდვას Gooding Christie’s გაუწევს ორგანიზებას. თავად ლებრონ ჯეიმსის ავტომობილი მის პირად კოლექციაში დარჩება, აუქციონზე კი მეორე, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ეგზემპლარი გაიყიდება.
მანქანის დიზაინში კალათბურთელის პირადი სიმბოლიკაცაა ინტეგრირებული. ლებრონ ჯეიმსის ლოგო განთავსებულია სავარძლების თავის მისადებებზე, ბალიშებსა და იატაკის ხალიჩებზე. ტრადიციული V12 ემბლემაც კი სპეციალური ნიშნით შეიცვალა, რომელზედაც სპორტსმენის პირადი ლოგოა გამოსახული. სალონში ასევე დატანილია აკრონის – ოჰაიოს შტატში მდებარე ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატები. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა კალათბურთელი.

მიუხედავად ინდივიდუალური დიზაინისა, ავტომობილი ტექნიკური თვალსაზრისით Mercedes-Maybach S 680-ის საფუძველზეა შექმნილი. მას 6 ლიტრიანი, 12 ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომლის სიმძლავრე 621 ცხენის ძალას შეადგენს.

აუქციონიდან მიღებული თანხა ლებრონ ჯეიმსის საოჯახო ფონდს გადაეცემა და მისი I PROMISE პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება. ინიციატივა აკრონში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება, განსაკუთრებით განათლების მიღებისა და სკოლისა და კოლეჯის დასრულებისთვის საჭირო მხარდაჭერის მიმართულებით.

Mercedes-Benz-ისა და ლებრონ ჯეიმსის თანამშრომლობა აერთიანებს ავტომობილის ინდივიდუალურ დიზაინსა და საქველმოქმედო მიზანს. მყიდველი მიიღებს იშვიათ, საკოლექციო სედანს, რომლის შექმნაშიც უშუალოდ მონაწილეობდა NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კალათბურთელი, ხოლო გაყიდვიდან მიღებული თანხა მისი მშობლიური ქალაქის ოჯახების მხარდასაჭერად დაიხარჯება.