LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინი ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს… ელოდება უნგრეთის გეგმის დეტალებსაც“ – რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კრემლში და ჯოზეფ ბორელის განცხადება – „ორბანი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს“

144
ორბანი მოსკოვში

კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვიქტორ ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს, ასევე ელოდება უნგრეთის გეგმის დეტალებსაც.

„იმედი მაქვს, გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ აზრები ამ რთულ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობების მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ყველაზე დიდი ევროპული კრიზისის განვითარების პერსპექტივაზე, ვგულისხმობ უკრაინის მიმართულებას“ – აღნიშნა პუტინმა.

რუსული მედია წერს, რომ ორბანმა პუტინთან შეხვედრას განსაკუთრებული უწოდა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასის ცნობით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ორბანი რუსეთის დედაქალაქში „მისი სამშვიდობო მისიის ფარგლებში“ ჩავიდა.

ცნობისთვის, 2 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. კიევმა ეს წინადადება უარყო.

უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი კრიტიკულად განწყობილი ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, 1 ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.

ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, მისი თქმით ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში:

„უნგრეთი ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც, როტაციული პრინციპით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის გარე წარმომადგენლობას, ეს არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მინისტრთა დონეზე“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი არ მიუღია.

„ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით აისახება ევროპის საბჭოს არაერთ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს“ – განაცხადა ბორელმა.

ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა არავის აძლევს ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის უფლებამოსილებას. მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროპული საბჭოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა – მსხვერპლი და უკრაინის შესახებ მისი მონაწილეობის გარეშე არანაირი დისკუსია არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g