ავსტრალიაში 33 წლის ტყუპმა დებმა შვილები ერთ დღეს გააჩინეს და მათზე ზრუნვაც ერთად დაიწყეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
რენე და ნიკოლ ბეილები ბავშვობიდან განუყრელნი იყვნენ. ისინი ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგვანან და სპეციალურად სულ ერთნაირი სამოსი აცვიათ. სკოლის შემდეგ გოგონებმა სამსახური სპორტის სფეროში დაიწყეს: ნიკოლი აერობიკის ტრენერი გახდა, ხოლო რენემ ცეკვის გაკვეთილები წამოიწყო. დები ერთმანეთისგან 15 წუთის მოშორებით დასახლდნენ და ოჯახებიც შექმნეს.
პირველი შვილები ბეილებს ნახევარი წლის სხვაობით ეყოლათ. მაშინ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთს ჩვილების მოვლაში დახმარებოდნენ: ნიკოლს შეეძლო რენეს გოგონა გამოეკვება, ხოლო რენეს ნიკოლის.
შემდეგი შვილების გაჩენაც გოგონებმა ერთად გადაწყვიტეს. ექიმები დებს ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილები 9 დღის სხვაობით დაიბადებოდნენ. მშობიარობა პირველი ნიკოლს დაეწყო და მაშინ როცა რენე მასთან სახლში დისშვილის მისახედად მივიდა, მოულოდნელად მშობიარობა მასაც დაეწყო. რენე სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბავშვი პალატაში შესვლამდე გააჩინა. მისი დისშვილი 22 წუთის შემდეგ დაიბადა.
დები იხსენებენ, რომ ასეთმა დამთხვევამ ისინი ძალიან გააბედნიერა. ისინი ფიქრობენ, რომ მათი შვილები არა დეიდაშვილები, არამედ ფაქტობრივად და-ძმანი არიან.