LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი: „როცა მეუბნებიან, კარგად გამოიყურებიო, ვპასუხობ, რომ კონიაკივით ვარ… 55 წლის ასაკში ცხოვრება ფანტასტიკურია…“

167
მაია ბარათაშვილი

მაია ბარათაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა 55 წლის ასაკს:

„არ ვიცი, როგორ არის სხვის ცხოვრებაში, მაგრამ მე, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მომწონს ჩემი თავიც და ჩემი ცხოვრებაც. უფრო მეტად საინტერესოა ყოველდღიურობა, ბევრს ვმოგზაურობ, ბევრი საინტერესო ადამიანია ჩემ ირგვლივ, რომლებიც ძალიან მიყვარს. დროსთან ერთად, ადამიანი უფრო და უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდები, როგორც ფინანსური, ისე ემოციური თვალსაზრისით, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ემოციურად, რა თქმა უნდა, ახლობლების კარგად ყოფნაზე ვარ დამოკიდებული და ბუნებრივია, რომ მათი კეთილდღეობა მადარდებს, მაგრამ ვხუმრობ ხოლმე საკუთარ თავზე – როცა მეუბნებიან, კარგად გამოიყურებიო, ვპასუხობ, რომ კონიაკივით ვარ (იცინის).

მე ასე არ ვგრძნობდი თავს 20-22 წლის ასაკში. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ლამაზადაც ვგრძნობ თავს და ბედნიერადაც. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ. არ მერიდება იმის აღნიშვნა, რომ ბევრი რამ გადავაფასე, საკუთარი ეგო დავრთგუნე, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე მაინც და მოკლედ რომ გითხრათ, 55 წლის ასაკში ცხოვრება ფანტასტიკურია.

ღმერთმა გადაწყვიტა, რომ აქამდე მოვეყვანე და თუ გადაწყვეტს, რომ კიდევ უნდა ვიცხოვრო, მე კიდევ უფრო საინტერესოს გავხდი ჩემს ცხოვრებას. არ ვაპირებ ცხვირის ჩამოშვებას, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. სირცხვილია მოდუნება და დაღონება. არ შეიძლება ასე. როცა ადამიანი ცოცხალი ხარ, რა თქმა უნდა, გტკივა კიდეც, გტკივა საკუთარი თავის, ახლობლების თუ უცნობების გამო. ბევრი რამ გაწუხებს, ადამიანი კერკეტი კაკალი არ არის და გარკვეულ პრობლემებს ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ და ვუმკლავდებით, მაგრამ თუ ცოცხალი ვარ, ესე იგი, კარგად ვარ. იცით, სად დევს კარგად ყოფნის საიდუმლო? მადლიერების გრძნობაში. მადლიერების – იმის გამო, რომ გავჩნდით და ვარსებობთ, რომ ფეხზე ვდგავართ. მადლობა თითოეული ამოსუნთქვისთვის, თითოეული ადამიანისთვის ჩვენს ცხოვრებაში, თითოეული თეთრისთვის თუ გადადგმული ნაბიჯისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები