აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ცხელი თემაა და ის არა მარტო ოკეანის გაღმა, ევროპაშიც აწუხებთ. ინგლისში შეკრებილი ევროპელი ლიდერები იმაზე მსჯელობენ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან თუ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი დაბრუნდება. თავად აშშ-ში კი ავტორიტეტული ხალხი ცდილობს ჯო ბაიდენი დაარწმუნონ მოხსნას კანდიდატურა. თავის მხრივ ტრამპის პოპულარობა იზრდება ცნობილი ინციდენტის შემდეგ, თუმცა ამავე დროს არ მოეწონათ მის მიერ დასახელებული კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.
პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს პუტინის მხრიდან შესაძლო ზეწოლას არ აყვნენ და სამშვიდობი ხაზი რუსეთის ინტერესების მიხედვით არ გაავლონ.
ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„დუღს ევროპული და გლობალური პოლიტიკა და ასეც იქნება, რადგან აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომლის კამპანია სულ უფრო მეტად შედის აქტიურ ფაზაში. ბევრი ითქვა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე. ოფიციალური ინფორმაციით, სნაიპერული შაშხანით დამოუკიდებლად მოქმედებდა ახალგაზრდა, რომელსაც ჯერჯერობით არ უვლინდება კავშირები.
თავად ტრამპის პოზიციები კი გამყარდა და კიდევ უფრო გაძლიერდა, ასეთი ინციდენტის შემდეგ კიდევ მეტი პოპულარობა მოიმატა და საგრძნობლად უსწრებდა ჯო ბაიდენს, სანამ გამოაცხადებდა, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი არის 39 წლის ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯეიდი ვენსი. ის გამოირჩევა არათანმიმდევრული გამონათქვამებით, თავად ტრამპზეც აქვს ნათქვამი კრიტიკა. ცუდია ის, რომ მას ნეგატიური დამოკიდებული აქვს უკრაინის დახმარების საკითხზე და ისიც მომხრეა სწრაფად დასრულდეს ომი.
აშშ-ში ყოველთვის ტარდება კვლევები და მას მერე, რაც ჯეიდი ვენსი გამოცხადდა კანდიდატად, ოდნავ შეიცვალა ვითარება და შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ხმას აძლევდა ტრამპს, ხოლო სულ ცოტათი გაიზარდა ბაიდენის მხარდაჭერები. თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ეს დიდ გავლენას ვერ გამოიწვევს.
ამასობაში ბაიდენს კორონავირუსი შეეყარა. როგორც თავად ამბობს, მსუბუქი სიმპტომები აქვს და არ განიხილავს ჩამოსცილდეს საპრეზიდენტო რბოლას.
ავტორიტეტული დემოკრატი ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ ბაიდენი მოხსნას კანდიდატურა. მათ შორის ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი და სხვები. მოზრდილი ჯგუფი იყო მისული, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება და შესულიყო ისტორიაში როგორც დიდი პრეზიდენტი.
ბაიდენს ნათქვამი აქვს, რომ თუ იქნება ექიმების დასკვნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სათანადო დონეზე, მოხსნიდა კანდიდატურას. 19 აგვისტოს უნდა გაიმართოს დემოკრატიული პარტიის კონვენცია, სადაც ოფიციალურად დასახელდება კანდიდატურა.
ევროპა ამასობაში განიხილავს რა ნაბიჯები გადადგას და როგორ გაძლიერდეს თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ აცნობიერებენ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება რეალურია.
სამხრეთ ინგლისში მიმდინარეობს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტი, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა ევროპელ ლიდერებს, რომ ვლადიმირ პუტინი განაგრძობს და არ მოეშვება განხეთქილება შეიტანოს. მან პირდაპირ უთხრა, რომ ბევრ თქვენთაგანს შეგეხმიანებათ და შეეცდება მოახდინოს ზემოქმედება და ზეწოლა, რომ იქ გაატაროთ სამშვიდობო შეთანხმების ხაზი, როგორც ეს პუტინს აწყობს.
ამავდროულად ევროპელი ლიდერები ძალიან მკაცრად გმობენ ვიქტორ ორბანის მოქმედებებს, თან უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და მოსკოვში ასეთი სტატუსით ჩასვლამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ორბანმა კი განაცხადა, რომ არ მოქმედებდა ამ სტატუსით, რომ იმყოფებოდა სამშვიდობო სტატუსით. მისი თქმით, რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია და მას აქვს სწორი გზა, ეს არის სამშვიდობო შეთანხმების გზა. თუმცა შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული თუ ის მოიცავს უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას და ლეგიტიმაციას. ასევე უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
ფოტო: business-standard
economist
ukrweekly