საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები საარჩევნო გარემო და მასზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გავლენა იყო.
„წელს, საქართველოსთან მიმართებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, არჩევნებია, შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი“- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ნონა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამოწვევებზე.
„საუბარი იყო, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად საზოგადოება, როდესაც „რუსული კანონი“ საქართველოში უკვე მიღებულია და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ორგანიზაციები მონიტორინგის მსხვერპლებიც გახდნენ“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს საარჩევნო პროცესებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გავლენის შესახებ და ხაზი გაესვა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“:
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მათი მხრიდან არის მაღალია ინტერესი, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ჩვენც ვისაუბრეთ უკვე არსებულ გარემოზე. ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „რუსული კანონი“, მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე, იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“- განაცხადა ნინო დოლიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს:
„საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“- განაცხადა ეკა გიგაურმა.
სენატორი ჯინ შაჰინი შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ,ამის შესახებ კი საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს და ინფორმაციას ავრცელებს:
„სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერისადმი, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on შაბათი, 10 აგვისტო, 2024
შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. გუშინვე მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, დღეს კი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.