„სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ წყენებზე მაღლა დადგომა და ერთმუშტად შეკვრა“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი განაცხადა და თქვა, რომ მიუხედავად მასსა და მამუკა ხაზარაძის შორის წარსულში არსებული კონფლიქტისა, „ძლიერი საქართველოსა“ და „მოქალაქეების“ ერთობა საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის სურვილმა განაპირობა.
ელისაშვილის თქმით, მხარეებმა დაპირისპირება უკანა პლანზე გადაწიეს, რათა ქართველი ხალხისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალური ალტერნატივა შეეთავაზებინათ.
მამუკა ხაზარაძე: მე და ალეკომ ჩამოვართვით ხელი – როცა ქვეყანას სჭირდება, პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია..ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია და მერე დავმეგობრებულვარ ამ ადამიანებთან, როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო
„დღეს ჩვენ ქვეყნის წინა პლანზე ქვეყნის საჭიროებები გვაქვს“
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა გაერთიანებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გუნდი თავს „ძლიერებს ესხმის და არა სუსტებს“.
„მთავარი დასკვნა ჩემთვის საქართველოს ისტორიის წაკითხვიდან და გააზრებიდან არის ის, რომ საჭირო დროს, სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ წყენებზე მაღლა დადგომა, ჩვენს ჯავრზე მაღლა დადგომა და ერთმანეთს ფეხი კი არ უნდა დავუდოთ, ერთმუშტად უნდა შევიკრათ.
როდესაც სამშობლოს უჭირს და დღეს ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია, ქვეყანას არუსებენ, თითოკაცად და გათითოკაცებულები წინააღმდეგობას გავუწევთ, მაქსიმუმს კი გავაკეთებთ, მაგრამ ვერ დავამარცხებთ. დამარცხებისთვის ერთმუშტათ შეკვრაა საჭირო და ერთმუშტად შესაკვრელად წყენებზე მაღლა დადგომა.
მე მოვძებნე ძალა, რომ ჩემს ჯავრზე მაღლა დავმდგარიყავი. მამუკა ხაზარაძემაც მოძებნა ძალა, რომ წყენაზე მაღლა დამდგარიყო. ამ კოალიციაზე დაიწყეს თავდასხმა უკვე, რადგან უტევენ ძლიერს და არა სუსტს.
სუსტს ყურადღებას არ აქცევენ. დაინახეს ძალა, გაოგნდნენ, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა ძალა და სიყვარული ამ ქვეყნის, რომ ამ ჯავრზე მაღლა დავმდგარიყავით და რა თქმა უნდა, გავაოცეთ. მტერს ვაწყენინეთ, მოყვარე გავახარეთ“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ძლიერ საქართველოს“ ახალი პოლიტიკური ერთობას – ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოფიციალურად შეუერთდა.