LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ იწყება – 21 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით თბილისი, ბათუმი და ბორჯომი შვიდ დაუვიწყარ კონცერტს უმასპინძლებს

393
ნინა ცაგარელი

21 აგვისტოდან XVI საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ იწყება. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 20 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს სამი ქალაქი შვიდ დაუვიწყარ კონცერტს უმასპინძლებს.

მუსიკალური საღამოები თბილისში, ბათუმსა და ბორჯომში გაიმართება. მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები წარდგებიან.

აღსანიშნავია, რომ „ღამის სერენადებს“ ლიანა ისაკაძის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა.

ლიანა ისაკაძის ღვაწლზე, ქართულ სახელოვნებო სივრცეში „ღამის სერენადების“ როლსა და ფესტივალის წლევანდელ პროგრამაზე რადიო „ფორტუნასთან“ ფესტივალის „ღამის სერენადების“ დირექტორმა, კომპანია „არტ ალიანსის“ დამფუძნებელმა ნინა ცაგარელმა ისაუბრა.

ლიანა ისაკაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი კლასიკური მუსიკის განვითარებაში, ისევე, როგორც შეუძლებელია მისი, როგორც მუსიკოსის მასშტაბის გადმოცემა სიტყვებით… „სინდისი ადამიანის თავისუფლების დეკლარაციაა ღმერთში“ – ლიანა ისაკაძის ეს ფრაზა მთელ მის ცხოვრებას გასდევდა ლაიტმოტივად, და ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების სინდისის ნაწილი იქნება მისი სახელის საამაყოდ შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.

„ღამის სერენადების“ შემოქმედებითი და საორგანიზაციო ჯგუფისთვის დიდი პატივია, ამავე დროს პასუხისმგებლობაც, ვიყოთ ამ ფესტივალის ნაწილი და თავდაუზოგავად ვიშრომოთ იმისთვის, რომ ლიანა ისაკაძის მიერ დაწყებული ისტორია გაგრძელდეს და ასე გამოვხატოთ მადლიერება დიდი შემოქმედის მიმართ.

გვესაუბრეთ „ღამის სერენადების“ წლევანდელი პროგრამის შესახებ. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ მონაწილეები და ვისი მოსმენა შეუძლია წელს კლასიკური მუსიკის მსმენელს?

წლევანდელი „ღამის სერენადები“ აღდგენიდან მეთექვსმეტედ გაიმართება. ბუნებრივია, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ყურადღებით ადევნებს თვალს მსოფლიო კლასიკური მუსიკის მოვლენებს, ეცნობა ახალ სახელებს და ამავდროულად, უკვე აღიარებული მუსიკოსების შემოქმედებით სიახლეებს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, წარვუდგინოთ მსმენელს მსოფლიო დონის შემსრულებლები, და ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართველ მუსიკოსებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ფესტივალმა გააერთიანოს მსოფლიოს და საქართველოს საუკეთესო შემსრულებლები და მათი ერთობლივი მუზიცირების შედეგი წარუდგინოს მსმენელს.

წლევანდელი ფესტივალიც არ არის გამონაკლისი. წელს პუბლიკა შეხვდება როგორც მათთვის ძალიან კარგად ნაცნობ და საყვარელ სახელებს განახლებული საკონცერტო პროგრამით, ასევე ახალგაზრდა, მსოფლიოში უკვე აღიარებულ და საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ უნიჭიერეს მუსიკოსებს.

უფრო მეტი მოგვიყევით ფესტივალის მონაწილეების შესახებ:

წლევანდელ მონაწილეებს შორის არის იტალიელი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი. იგი არის Orchestra Scarlatti Young-ის და „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორი, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, იტალიის კულტურის მინისტრის ჯენარო სანჯულიანოს მუსიკალური მრჩეველი. ის კონცერტებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასრულებს, როგორც საოპერო, ასევე ინსტრუმენტულ მუსიკას. ქალი დირიჟორი ევროპაში უკვე არაა გასაკვირი, თუმცა ქართველ მსმენელს, არც თუ ხშირად აქვს ქალი დირიჟორების მოსმენის საშუალება. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა მსმენელმა შარშან უკვე გაიცნო ბეატრიჩე და მან ქართველი პუბლიკის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ვფიქრობ, ეს სიყვარული ორმხრივია, ვინაიდან მან დიდი სიამოვნებით მიიღო ჩვენი შეთავაზება წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობის შესახებ. ვფიქრობ, მისი კონცერტი განსაკუთრებული იქნება, იმიტომ, რომ ის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს იტალიურ სიმფონიურ მუსიკას და რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს ჩვენს არაჩვეულებრივ პიანისტთან, სანდრო ნებიერიძესთან ერთად. სანდროს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მას საქართველოში ყველა ძალიან კარგად იცნობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც სანდრომ სწავლა განაგრძო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში, მის კონცერტებს ძალიან მონატრებულები ვართ, ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი ფესტივალის ფარგლებში სანდრო შეასრულებს რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც მას საქართველოში ჯერ არ დაუკრავს.

არანაკლებ დაუვიწყარი იქნება მევიოლინე ანდრეს გაბეტას და ბლოკ ფლეიტისტის მორის შტიგერის კონცერტი. ბლოკ-ფლეიტა ბაროკოს ეპოქის ინსტრუმენტია, ასე ვთქვათ, თანამედროვე ფლეიტის წინაპარი, რომლის მოსმენის საშუალებაც საქართველოში ასევე, იშვიათი გამონაკლისების გარდა შეუძლებელია. ორივე სოლისტი ბაროკოს ეპოქის მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლადაა აღიარებული. ისინი თანამშრომლობენ ბაროკოს ეპოქის წამყვან ორკესტრებთან და შემსრულებლებთან. მაგალითად ჩეჩილია ბარტოლისთან. ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს გამართავენ ასევე ელვინ ხოჯა განიევი და მარიო სტეფანო პიეტროდარკი. ელვინი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მევიოლინეა, არა ერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და რომის პაპის მედლის მფლობელი. ელვინი უკრავს უნიკალურ, 1715 წლის ჯუზეპე გვარნერის ვიოლინოზე „filius Andreae“.

ამდენად კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას, მის არაჩვეულებრივ შესრულებასთან ერთად, ექნება საშუალება მოისმინოს, თუ როგორ ჟღერს უნიკალური 300 წლის წინ დამზადებული, უდიდესი ოსტატის მიერ შექმნილი ვიოლინო. რაც შეეხება იტალიელ ბანდონეონისტს მარიო სტეფანო პიეტროდარკს, ის ფესტივალის დიდი მეგობარია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბანდონეონისტი, რომელიც თითოეულ კონცერტზე დაუვიწყარ ემოციებს სჩუქნის მსმენელს. დარწმუნებული ვართ, რომ მის კონცერტებს ჩვენი მსმენელი განსაკუთრებულად ელოდება.

წელს გვექნება ასევე ორი თემატური კონცერტი. „ბრაზილიური მუსიკის საღამო“. ის გააერთიანებს ბრაზილიის აკადემიურ მუსიკას, რომელიც ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, თუმცა ქართველი პუბლიკისთვის თითქმის უცნობია. შევასრულებთ სხვადასხვა თაობის ბრაზილიელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს. გვეყოლება არაჩვეულებრივი ახალგაზრდა სოლისტები – ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი. ფესტივალის კიდევ ერთი საღამო დიდი ჩეხი კლასიკოსის – ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი და მევიოლინე გიორგი ხაინდრავა შეასრულებენ სმეტანას, დვორჟაკისა და იანაჩეკის მუსიკას. მუსიკოსებს დიდი ხნის მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებთ, ასეთი კონცერტები კი მოგეხსენებათ, განსაკუთრებულ უშუალობას და დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

წლევანდელი კონცერტზე ჩვენ კვლავ შემოგვიერთდება ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი), რომელიც გამორჩეულ ელფერს სძენს ბორჯომში გამართულ საღამოებს, მსმენელებს სპეციალურ სიურპრიზს უმზადებენ გიორგი და მარიამ ბუგიანიშვილები. პუბლიკა მოისმენს მამა-შვილის არაჩვეულებრივ დუეტს.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც 2023 წლიდან ფესტივალის პარტნიორია, გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ფესტივალის ფარგლებში ავაჟღეროთ სიმფონიური ორკესტრისთვის შექმნილი ნაწარმოებებიც. წელს ეს იქნება რესპიგისა და რახმანინოვის მუსიკა ბეატრიჩე ვენეცისა და სანდრო ნებიერიძის შესრულებით.

არ შემიძლია, განსაკუთრებული სიყვარულით არ აღვნიშნო ჩვენი საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ და ორკესტრის პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, რომლებიც ყოველთვის მაღალი დონის შესრულებით გამოირჩევიან და ღირსეულ პარტნიორობას უწევენ სოლისტებს. ამდენად ვფიქრობ წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად დატვირთული იქნება მუსიკალური აღმოჩენებითა და ემოციებით და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენს მსმენელზე.

სად და როდის გაიმართება კონცერტები?

წლევანდელი „ღამის სერენადები” გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში: ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 21 აგვისტოს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“, გალა კონცერტით, ღია ცის ქვეშ, გაგრძელდება ქალაქ ბათუმში – 23 და 25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ხოლო თბილისის კონცერტები გაიმართება 18 სექტემბერს – თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 15, 17 და 20 სექტემბერს კი – კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

რით იქნება გამორჩეული და განსხვავებული წლევანდელი წელი?

წელს შვიდი კონცერტი გვაქვს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად უდიდესი სიხარული. გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამა, ბაროკოს მუსიკით დაწყებული, მსოფლიო კინოკლასიკის ჰიტებით დასრულებული, არაჩვეულებრივი სოლისტები, ორკესტრები, ამდენად, ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით მსმენელს და მუსიცირებით გამოწვეულ ემოციას გავუზიარებთ ერთმანეთს.

შევაჯამოთ განვლილი წლები. თქვენი აზრით, რით იყო მნიშვნელოვანი გასული წლების პროგრამები და ზოგადად, „ღამის სერენადების“, როგორც კულტურული მოვლენის შესახებ რომ გვესაუბროთ…

როგორც მოგეხსენებათ, „ღამის სერენადები“ ლეგენდარულმა ქართველმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ ჯერ კიდევ 1982 წელს, აფხაზეთში დააარსა. ის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფესტივალია საქართველოში. დაარსების დღიდან მოყოლებული, ფესტივალმა არა ერთ ქარტეხილს გაუძლო, ბევრჯერ იცვალა სახე, გეოგრაფიული მდებარეობა, მაგრამ დღესდღეობით აგრძელებს ცხოვრებას, ვითარდება და სულ უფრო მეტად იზრდება.

ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა შექმნა საკუთარი ისტორია, უმასპინძლა მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, რომელთა შორის არიან ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ. დააარსა საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ – უნიკალური კოლექტივი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწე მუსიკოსებს საქართველოდან; მუდმივად იღვწოდა და საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქართული აკადემიური მუსიკის პოპულარიზაციაში.

„ღამის სერენადებზე“ ქართული მუსიკა ჟღერს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სოლისტების შესრულებით, სრულდება ქართველი კომპოზიტორების თხზულებების მსოფლიო პრემიერები, რომლებსაც ისინი სპეციალურად ფესტივალის დაკვეთით ქმნიან და მრავალი სხვ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ დროის განმავლობაში „ღამის სერენადებმა“ დაიმკვიდრა უნიკალური ადგილი ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში.

ჩვენთვის დიდი პატივია ვაგრძელებდეთ ლეგენდარული მევიოლინეს და ფესტივალის დამფუძნებლის ლიანა ისაკაძის დაწყებულ საქმეს, ამიტომ პირადად ჩემთვის, სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, ბატონი გიორგი ისაკაძისთვის და ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია ტრადიციების, ხელწერის შენარჩუნება და ფესტივალის მუდმივი განახლება და განვითარება.

ფესტივალის ფარგლებში წელსაც გაიმართება თუ არა დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები?

დიახ, „ღამის სერენადები“ ტრადიციულად განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, მათ შორის შშმ/ სსსმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორქშოპებს თბილისსა და რეგიონებში. საგანმანათლებლო სექციაში ჩართული იქნებიან მოწვეული უცხოელი სოლისტები, კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი. მოეწყობა ქართველი მხატვრების გამოფენები ბათუმის დრამატულ თეატრში და კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში.

ვფიქრობთ, ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკოსებისა და მსმენელისთვის, აგრეთვე ახალგაზრდა თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უწყვეტი პროცესის ხელშეწყობისთვის, რომელიც ასახვას ჰპოვებს ჩვენს ქვეყანაში კულტურულ-სახელოვნებო პროცესების წინსვლისა და სამომავლო განვითარების გზაზე, ამიტომ ფესტივალის ამ მიმართულების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”. ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, “პალიტრა ჰოლდინგი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g