„რუსეთს მოაქვს ომი სხვებისთვის, ახლა კი ომი მასთან სახლში მივიდა“, – თქვა უკრინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
6 აგვისტოს შუადღისას, უკრაინულმა არმიამ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი. მათ გაარღვიეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და თავდაცვის ორი ხაზი. უკრაინის შეიარაღებული ძალები სწრაფად დაწინაურდნენ. ბევრი რუსი ჯარისკაცი გაიქცა, ბევრი მაშინვე ჩაბარდა.
კიევი იმედოვნებს, რომ სამხედრო ოპერაცია შეცვლის ორწლიანი კონფლიქტის დინამიკას. გაჩნდა ვარაუდი, რომ რუსეთი ნაწილობრივ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან თავდაცვის გასაძლიერებლად.
უკრაინის კურსკის კამპანია არის გარდამტეხი მომენტი ომში, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მისი ტრაექტორია, ამტკიცებს ანალიტიკური ცენტრი ISW სპეციალურ მოხსენებაში.
მხარს გიჭერთ, მაგრამ ფრთხილად
პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ კიევმა არ გააფრთხილა აშშ-ს ხელისუფლება შეჭრის გეგმების შესახებ. თუმცა, ისინი ამას არ მიიჩნევენ უნდობლობის ნიშნად.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველ საჯარო კომენტარში აღნიშნა, ეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „ნამდვილ დილემას“ უქმნის.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჟოზეფ ბორელმა მთელი ევროკავშირის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ კურსკში შეჭრა მოწმობს პუტინის უუნარობაზე გატეხოს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარს უჭერს, დასავლეთმა უკრაინა პრობლემების შესახებ გააფრთხილა.
გამოწვევები ჯერ წინაა
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი გაკვირვებული არიან იმით, თუ რამდენად კარგად იყო მომზადებული უკრაინული ოპერაცია, მაგრამ ისინი ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, რომ უკრაინა შეძლებს შეინარჩუნოს პოზიციები რუსეთში. მეტიც, ამ კამპანიით უკრაინამ თავი უფრო დაუცველი გახადა, დასძენენ ისინი.
„უკრაინული კამპანია კურსკში დე ფაქტო სასარგებლოა”, – თქვა ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ჯორჯ ბაროსმა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კურსკის რეგიონზე თავდასხმის შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ამის შესახებ Wall Street Journal ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
„უკრაინის ძალები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან არეალი გაფართოვდება, ხოლო რუსეთი გადაჯგუფდება“, – ნათქვამია სიუჟეტში.
გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კურსკის რეგიონზე თავდასხმამ პოტენციურად შეასუსტა კიევის თავდაცვა, რადგან მან „მწირი ჯარები და სამხედრო ტექნიკა მთავარი ფრონტის ხაზიდან გადაისროლა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა კურსკის რეგიონზე უგუნურია, რადგან კიევი მძიმე დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლაილ გოლდშტეინმა განაცხადა, მის სიტყვებს Responsible Statecraft ავრცელებს.
„ღირს კითხვების დასმა შეჭრის მიზანშეწონილობის შესახებ. უკრაინის არმიისთვის დანაკარგები გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან უპირატესობას ცეცხლსასროლი იარაღით“, – აღნიშნა ექსპერტმა.
გოლდშტეინის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი შეტევით „მნიშვნელოვნად შეასუსტეს პოზიციები“ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, რაც რუსული არმიის უპირატესობაა”. მან შეაჯამა, რომ კიევის ასეთი ქმედებები გამოიწვევს „კონფლიქტის კიდევ უფრო დიდ ესკალაციას”.
რუსეთმა რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გადაისროლა კურსკის მიმართულებით, რათა დაუპირისპირდეს უკრაინის თავდასხმას მის ტერიტორიაზე, იუწყება CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
თუმცა, რუსული ჯარების გადაადგილება უკრაინიდან „არ ნიშნავს, რომ პუტინმა მიატოვა სამხედრო ოპერაციები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ან თუნდაც სამხრეთში“, – განაცხადა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საფრთხეს უქმნის უკრაინის ზოგიერთი თავდაცვითი პოზიციის შესუსტებას, კიევი იმედოვნებს, რომ მანევრმა შესაძლოა შეაფერხოს რუსული ჯარები, აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
ოპერაცია “კურსკის” წარმატება უნდა ვაღიაროთ, მაგრამ აშშ-სა და დასავლელი ოფიციალური პირები აფრთხილებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა უკრაინამ მოახერხოს ტერიტორიის დიდხანს შენარჩუნება და აღნიშნავენ, რომ ჯერ ნაადრევია ვიმსჯელოთ თუ რა გავლენას მოახდენს ეს ოპერაცია ომის საერთო შედეგზე“, – ასკვნის CNN.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რეკომენდაცია გაუწიეს კიევს, რომ წელს თავი შეიკავოს მსხვილი შეტევებისგან სამხრეთ ან აღმოსავლეთ მიმართულებით, გონივრულად შეაფასონ რუსეთის თავდაცვის სიძლიერე, წერს The New York Times.
გარდა ამისა, გაზეთი აღნიშნავს, რომ დონბასიდან კურსკის რეგიონში რუსეთის ძალების გადანაწილების შემთხვევაშიც კი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ საკმარისი ცოცხალი ძალა ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად.
„უკრაინამ თავადაც გამოიყენა ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა კურსკში და შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი რეზერვები“, აჯამებენ მასალის ავტორები.
რუსეთის პრიორიტეტი თავდაცვაა, უკრაინის – ხელსაყრელი მოლაპარაკება
პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრობს:
„რუსეთი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის ძალების გადასროლას, რათა შეჩერდეს უკრაინელების წინსვლა. ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ უკრაინელებს ტემპი შეუმცირდებათ. მათ უნდა გაამაგრონ პოზიციები და უნდა შეძლონ, რომ რუსებმა გაიყვანონ თავისი ძალები და გადაისროლონ საკუთარი ქვეყნის დასაცავად.
პუტინმაც განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა და უცხო ქვეყნის ძალებისგან გათავისუფლება.
თავად უკრაინამაც განაცხადა, რომ მათ პრიორიტეტს არ წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიების მიტაცება. თუ დადგება მოლაპარაკების მომენტი, უკრაინა გაცილებით კარგ ფორმაში მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას.“
რუსეთის მითი ჩამოიშალა
უკრაინა შეეცდება ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის დესტაბილიზაციისა და ფრონტზე სიტუაციის შესაძლო ცვლილების ფაქტორად შეინარჩუნოს, განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ევგენი მაგდამ პოლონურ PAP-თან ინტერვიუში.
„ვფიქრობ, რომ უკრაინული ძალები სწრაფად და მარტივად არ დატოვებენ ამ ტერიტორიებს, რადგან ჩვენთვის სასარგებლოა ამ ტერიტორიების კონტროლი“.
ექსპერტმა დაასკვნა, რომ უკრაინის თავდასხმამ ხელი შეუწყო უძლეველი, დიდი რუსეთის მითის ჩამოშლას.
”და მე ვფიქრობ, რომ ეს გაიგეს არა მხოლოდ დასავლეთში, რომელიც ყოველთვის ნელა რეაგირებს მოვლენებზე, საბოლოოდ ეს შენიშნეს ჩინეთშიც.
როდესაც ვუყურებთ პუტინს, ვხედავთ, რომ ის უბრალოდ არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის და ის, რაც ახლა ხდება, მისთვის სრულიად გაუგებარია.
ასევე გამოვლინდა კადიროველების, კრემლის რეჟიმის მხარდამჭერი ჩეჩენი ბოევიკების სისუსტე. ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიქცა, ნაწილი კი უკრაინის ტყვეობაში აღმოჩნდა. რუსეთმა აჩვენა საკუთარი უმწეობის მთელი მოზაიკა.
და, რა თქმა უნდა, პირველად თანამედროვე ისტორიაში, მოხდა სამხედრო შეჭრა მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც ახლა იძულებულია იბრძოლოს საკუთარ ტერიტორიაზე. არავინ ელოდა ასეთ განვითარებას“, – განაცხადა ევგენი მაგდამ.
თუმცა კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის ტერიტორიის ოკუპირებას და რომ მისი მთავარი მიზანია – უკრაინელების დაცვა რუსეთის ტერიტორიიდან თავდასხმებისგან და მოლაპარაკებების მომენტისთვის პოზიციების გაუმჯობესება.