„სიმღერის პარალელურად პოლიტიკაში ჩართვა რომ გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, შეგუებული ვიყავი, რომ ბევრი ტყუილი და სიბინძურე წამოვიდოდა ჩემ მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტყუილების უპასუხოდ დატოვებას ვაპირებ!“, – ამის შესახებ მომღერალი, ბათუმის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს , რითაც ეხმიანება მის შესახებ ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს.
„ჩემი სოლო კონცერტის იდეა სამი წლის წინანდელია, განხორციელებას თვეები, ბევრი შრომა და სოლიდური თანხაც დასჭირდა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მერიამ დააფინანსა, რისთვისაც კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.
ინტერნეტ გამოცემა ბათუმელებმა კი დაწერა „ის რაც დაწერა“.
არ შეიძლება ამისი კადრება. თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს, ნებისმიერს მივაწვდი ამ კონცერტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ჟურნალ „ბათუმელებს“ კი სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე – რა შუაშია „ოცნების“ კანდიდატი? წინასწარ უნდა გაგვეთვალა მეც და სახელმწიფოსაც, რომ მომავალში შეიძლება მმართველი პარტიის დელეგატი ვყოფილიყავი, დაფინანსებაზე უარი მეთქვა და კონცერტი არ ჩამეტარებინა?
იმავე წარმატებით შეუძლიათ დაწერონ: მმართველი გუნდის კანდიდატს სხვადასხვა დროს ბიზნესმენმა, იუბილარმა, სახელმწიფომ, ექიმმა, მეწარმემ, ლიდერმა და ასე შემდეგ, სიმღერაში ჰონორარი გადაუხადა…
ყველას ვთხოვ, მათი პოლიტიკური შეხედულებების და გეგმების გამო ტყუილებს ნუ დამაბრალებენ.
მოვითხოვ ჟურნალისტისგან ოფიციალურ ბოდიშს!“ – წერს აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.
სიმღერის პარალელურად პოლიტიკაში ჩართვა რომ გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, შეგუებული ვიყავი, რომ ბევრი ტყუილი და სიბინძურე…
Posted by Achiko Beridze on ხუთშაბათი, 22 აგვისტო, 2024
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 აგვისტოს წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. დელეგატებს შორის არის ანსამბლ „ალილოს“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძეც.