„ნათელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მტრებისთვის, ქვეყნის გარე თუ შიდა აქტორები იგულისხმება, ნომერ პირველი სამიზნე. ეს შეიძლება ერთ შემთხვევაში იყოს საჯარო განცხადებები, მუქარები დასანქცირების შესახებ, თუ სხვა და სხვა სახის და მეორე შემთხვევაში შესაძლოა თავად ფიზიკური განადგურების რეალური რისკებიც იგულისხმებოდეს,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
გადაცემაში „დღის თემა“ წილოსანმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან რისკები მაქსიმალურად იქნება დაზღვეული.
„ჩვენ ვიცით 2012 წლიდან მოყოლებული რამხელა იყო რისკი იმ ადამიანებისა ვინც წინა ფლანგზე იბრძოდნენ ქვეყნის გადასარჩენად და იმ შემთხვევაში ნამდვილად გადარჩენაზე იყო საუბარი, რომ დაეხსნათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან ჩვენი ქვეყანა. ახლაც იდენტური და კიდევ უფრო გაძლიერებული რისკებია. ეს არის როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია და არეულობა, ასევე საგარეო ომის შემცველი ფაქტორები, რომელიც ძალიან ნათლად გამოჩნდა. ჩვენი მხრიდან იქნება რისკების მაქსიმალური გადაზღვევა და მაქსიმალური ინფორმირება საზოგადოების. მას შემდეგ რაც დეტალურად დავიწყეთ ყველაფერზე საუბარი, რა თქმა უნდა საზოგადოებაც კიდევ უფრო ინფორმირებული გახდა და ამ ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს 26 ოქტომბერს, სადაც ნამდვილად რეფერენდუმის მოცემულობაა და ეს რეფერენდუმი შეეხება ომსა და მშვიდობას“ – განაცხადა ნინო წილოსანმა პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია.
მან ასევე თქვა რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.
„ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა კობახიძემ.