„ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო. ამ ფონზე კობახიძის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თანამდებობა დატოვოს“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას ბიზნეს ცენტრში უმასპინძლა
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში „ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის“.
ხვედელიანმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა შეაფასა:
„თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ვიზიტის ფარგლებში მთავარი შეხვედრა იყო ის შეხვედრა, რომელიც „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან გაიმართა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილმა ზოგადად, სახელმწიფო მართვის სისტემა დააკნინა. მან ამ შეხვედრით და იქ განვითარებული მოვლენებით, რაც კადრებში ვნახეთ, ფაქტობრივად, კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო. ეს იყო იმის ნათელი მაგალითი, როგორ არ სცემს პატივს კონსტიტუციურ წესრიგს. მაშინ,როდესაც „ოცნება“ სუვერენიტეტის დაცვის ტყუილი მოტივით ახდენს იმ ადამიანების კრიმინალებად გამოცხადებას, რომლებსაც კრიტიკული აზრი აქვთ, ასევე, არ აღიარებენ კობახიძის მთავრობას და იჭერენ მათ, ვხედავთ იმ კადრებს, რაც ამ ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ. ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილი ხან საკუთარი თანაშემწის ფუნქციას აკისრებს კობახიძეს, ხან არაბული კომპანიის სარეკლამო მენეჯერად აქცევს მას. ჩემი აზრით, ამ ფონზე ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება კობახიძის მხრიდან, თუ ის ოდნავ მაინც სცემს პატივს თავის დაწერილ კონსტიტუციას, არის ის, რომ მან საკუთარი თანამდებობა დატოვოს და გადადგეს. თუ ის პატივს სცემს თავისი დაწერილ კონსტიტუციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში დადებითად შეფასდება“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ხვედელიანის თქმით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უმოქმედოა:
„ვხედავთ, რა უფლებებიც მიანიჭა ივანიშვილმა კობახიძეს – მისი თანაშემწის უფლებების. შესაბამისად, ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის „კლანური“ გადანაწილება, „კლანური“ ბრძოლები იმიტომ, რომ იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში, არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. ღარიბაშვილი-ლილუაშვილის „კლანის“ ჩანაცვლება ხდება კობახიძე-კალაძის „კლანით“, მიმდინარე მოვლენები ამ ყველაფერს ადასტურებს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა
