„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, მარკო რუბიოსთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს. დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს, მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ის ადმინისტრაციაზე.
სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს. მთავარი საკითხი, რაც ვახსენე, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ზოგადი პასუხი შემიძლია გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო ღია კომუნიკაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
