LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეაჩერა“ – თეა გოდოლაძე

121
თეა გოდოლაძე 1

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა“.

როგორც გოდოლაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარება გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო გუნდის სახელით.

ჩვენი სამეცნიერო გუნდისა და ა.შ.შ.-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგენელ უნივერსიტეტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობა დაახლოებით 25 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ა.შ.შ.-ის გადასახადების გადამხდელთა თანხით და უშუალოდ ა.შ.შ.-ის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა არაერთი, რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო და განავითარა რეგიონის როგორც სეისმური, ასევე გეოდეზიური მონიტორინგი; ა.შ.შ.-ის წამყვანი მეცნიერები დაგვეხმარნენ აღგვეზარდა და შეგვენარჩუნებინა ყველაზე ღირებული, მაღალკვალიფიციური კადრი მონიტორინგის სისტემების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის და სამეცნიერო კვლევების წარმოებისათვის; შეგვეძინა უძვირესი აპარატურა, რომლის შეძენაც ქართული სახელმწიფო დაფინანსებით შეუძლებელი იყო. 2002 წლის ცნობილი თბილისის მიწისძვრის დროს, ქვეყანას არცერთი ციფრული სეისმური სადგური არ გააჩნდა. გვქონდა მხოლოდ თბილისისა და ახალქალაქის ანალოგური, მოძველებული სეისმური სადგურები, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრის განსაზღვრის საშუალებას არ გვაძლევდა.
დღეს, ბევრი თქვენგანი, მიწისძვრის მოხდენის შემდეგ, სხვადასხვა უცხოური გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მიწისძვრის ეპიცენტრს გვაწვდის ხოლმე სოციალურ ქსელში. დიახ, ეს ჩვენი სეისმური ქსელის მონაცემებია, რომლებსაც უცხოური სააგენტოები იყენებენ და აქვეყნებენ. ჩვენ, დამსახურებულად გავხდით მსოფლიო სეისმური მონიტორინგის ნაწილი და ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სერვისი მაღალი ხარისხისაა, ზუსტია და ღიაა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ჩვენი სამთავრობო უწყებები მყისიერად იღებენ ინფორმაციას სატელეფონო გზავნილისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გვაქვს მაღალი ხარისხის სასერვერო სისტემა, რომელიც მთლიანად ა.შ.შ.-ს ენერგიის დეპარტამენტის მიზნობრივმა პროგრამამ დააფინანსა და დღემდე ფინანსურად გვეხმარებოდა შეგვენარჩუნებინა და მოგვევლო ამ მეტად რთული და კომპლექსური სისტემისათვის.

25 წლის განმავლობაში, ა.შ.შ.-ს გუნდთან ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა, მეტიც, ჩვენ მეგობრებიც ვართ და დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც ა.შ.შ.-ის მთავრობამ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით. დიახ, ჩვენი დახმარებაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

ამჟამად ვმუშაობდით სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც რა თქმა უნდა ა.შ.შ. აფინანსებდა. ა.შ.შ. აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება; ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინანსება გვაქვს სახელმწიფოსაგან. ჩვენ სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები. ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა ა.შ.შ. დღეს, საკმაოდ მძიმე რეალობაა. ჩვენი კომერციული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიმდინარე საჭიროებებს, მაგრამ საკმარისი არ არის. 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი კი არ გაგვეზარდა, ყოველწლიურად მცირდება. სეისმური სადგურის ერთი კომპლექტი 50 000$ USD-ია თანმდევი ხარჯით. ეს ხომ აპარატურაა, შესაძლებელია გაფუჭდეს, ჩვენთან მოულოდნელი არაფერია, მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. ჩვენს თანამშრომლებს მწირი ბიუჯეტის გამო, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არა აქვთ.

ჩვენ არასდროს გვისაუბრია ჩვენს პრობლემებზე, ვცდილობდით პირნათლად გვემსახურა ხალხისათვის. პირველ რიგში, ჩვენ ანგარიშვალდებულნი ჩვენი ხალხის წინაშე ვართ. ვეხმარებოდით უფასოდ ყველას, როგორც შეგვეძლო.

ამჟამად ვეძებთ გზებს, როგორ გადავარჩინოთ ის, რაც წლების მანძილზე შევქმენით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. მადლობა ჩვენს ამერიკელ კოლეგებს და ამერიკელ ხალხს საქართველოს გვერდში დგომისათვის. იმედია ეს დროებითია და სიტუაცია შეუქცევადად დამაზიანებელი არ გახდება“, – წერს თეა გოდოლაძე.

mazda magti 5g