მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე, უსაფრთხოების ზომები გაიზრდება. ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განაცხადა.
სეთურიძის განცხადებით, ყველა გზაზე ვიდეორადარები დამონტაჟდება. რადარების შეძენა მაისში დაიწყება და ისინი პირველად ავტობანზე, გაზაფხულისთვის დაყენდება.
„ვიდეორადარების შეძენა უკვე მაისში დაიწყება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ეტაპობრივად დამონტაჟდება. პირველ რიგში რადარების დაყენება ავტობანზე იგეგმება“, – განაცხადა სეთურიძემ.
საუბარია რამდენიმე ათს სამეთვალყურეო კამერაზე, რომელიც ამავე დროს სიჩქარეს გამოთვლის. პროექტის მთლიანი ქსელი სავარაუდოდ, 20 მლნ ლარს გადააჭარბებს.
უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება განსაკუთრებით, ქუთაისი–სამტრედიის შემოვლით გზაზე.
სეთურიძის თქმით, ავტომობილების უმეტესობა ამ მონაკვეთზე დასაშვებ სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს, ამიტომ შსს–სთან ერთად დაიგეგმა უფრო მკაცრი ზომები, იმისთვის რომ გამოვლინდეს ყველა ის დამრღვევი, რომელიც არ ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს.
გზის ამ მონაკვეთზე სიჩქარის განსაკუთრებულ კონტროლზე დავალება უკვე გაცემულია.
„ამ გზაზე, ისევე როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, პატრული ახორციელებს მონიტორინგს და ავლენს სიჩქარის გადაჭარბებით მოძრავ მძღოლებს, ახლა იქ უფრო გაძლიერდება კონტროლი. საპატრულო პოლიცია უფრო კონცენტრირებული იქნება და დამრღვევებს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევთ. დავალება ამ საკითხზე უკვე გაცემულია“, – განაცხადა სეთურიძემ „ფორტუნასთან“.
თამთა უთურგაშვილი