ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet, რომელიც 2025 წლის გაზაფხულიდან თბილისიდან ფრენებს იწყებს, სოციალურ ქსელში აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეორგოლს აქვეყნებს და მოგზაურებს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს აცნობს.
EasyJet საქართველოს დედაქალაქიდან ფრენებს ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტების მიმართულებითაც დაიწყება, ასევე კვირაში ორი სიხშირით.