LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბურჯანაძე: „მეხუთე ოპერაციას ვიკეთებ… ღმერთის იმედად ვარ“

529
გია ბურჯანაძე

გია ბურჯანაძე მძიმე სენს ებრძვის.

მსახიობი ამჟამად მეხუთე ოპერაციისთვის ემზადება და თურქეთში იმყოფება.

როგორც გია ბურჯანაძე აღნიშნავს, ახლა ღმერთის და პროფესიონალი ექიმების იმედადაა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმმა“ მსახიობთან თურქეთში გამგზავრებამდე ჩაწერა.

-ოპერაციას გავიკეთებ, 3 ნოემბერს კი სპექტაკლი ჩავანიშნინე. იმედია, ისე ვიქნები, რომ თამაშს შევძლებ. წელიწადი და ათი თვე გავიდა, რაც ამ დაავადებას ვებრძვი. მეხუთე ოპერაციას ვიკეთებ. თურქი ექიმები მეუბნებიან, რომ ამ დაავადების სამუდამო განკურნება ძალიან იშვიათია. დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო, ანალიზები, ცოტ-ცოტა ქიმია თერაპია. მეუბნებიან, რომ ვიმუშავებ და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან ყურადღებიანი ხალხია. თბილისშიც ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ, პროფესიონალები და ყურადღებიანები. ჩემმა თურქმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც კი დაამყარეს.

როგორია ამ ვერაგ დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება?

– მეგობრების და ოჯახის გვერდზე დგომით თანდათან შეგუებული ხარ. აქაური და თურქი ექიმები თავიდანვე მაძალებდნენ, რომ არ გავჩერებულიყავი სახლში და სპექტაკლები მეთამაშა. ამ პერიოდში ორ-სამჯერ გასტროლებზეც ვიყავი. ეს მეხმარება, რადგან ნაკლებად ვფიქრობ დაავადებაზე და მოტივირებული ვარ. რომ მეუბნებიან, ხუთი თვის შემდეგ გასტროლი გაქვსო, მე არ ვიცი, ხუთი თვის შემდეგ როგორ და რანაირად ვიქნები. ექიმები მეუბნებიან, არ მოახსნევინო გასტროლი, მოემზადე და რადგან მოემზადები, ისე იქნები, რომ წახვალ კიდეცო. ჯერჯერობით მათი ეს მიდგომა ამართლებს. რამდენჯერაც წავედი, დავაკვირდი, რომ სულ მოტივირებული ვიყავი.

ასეთ დროს გადაფასებები, პრიორიტეტების დალაგება ხდება. და მაინც, ამ სულიერი წრთობისას რა დასკვნა კეთდება, რა არის მთავარი?

– ახლობლების კარგად ყოფნა და ყოველი დღისთვის მადლიერება. ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ. მე სულ ჯანზე ვიყავი, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი; მეგონა, გვერდს ამივლიდა ეს დაავადება. ხშირად ვიმტვრეოდი, ხიფათიანი კაცი ვიყავი და ტრავმატოლოგიაში ვიწექი ხოლმე.

26 წლის ასაკში ისე დავიმტვრიე, ოთხი თვე ვიწექი; მერე, 37 წლის რომ ვიყავი, ექვსი თვე ფიცარზე დამაწვინეს, ისეთ დღეში ვიყავი. აი, იქიდან მივხვდი, რომ ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს. ყოველი გათენება, ორი ხელი და ორი ფეხი და საღი აზრი, უკვე ბედნიერებაა და უნდა დააფასო და გამოიყენო. თორემ ისე შეიძლება მოხდეს, რომ მერე ეს ყველაფერი აღარ გქონდეს, სამწუხაროდ.

მოტეხილი მიხორცდებოდა. ეს კი სხვა დაავადებაა, ვერაგია. სამწუხაროდ, მეგობრები გამომაცალა ხელიდან – სოსო ჯაჭვლიანი და ტრისტან სარალიძე.

მე ახლა ღმერთის და პროფესიონალი ექიმების იმედად ვარ. სატარებელი ჯვარი უნდა ატარო. ესე იგი ასე იყო საჭირო. უფალს ასე სურდა, რომ გამოეგზავნა განსაცდელი ჩემთან. და ასე ვარ რა, ვუძლებ რა (იცინის)…

ვრცლად ინტერვიუს გაეცანით აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g