LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ქართველი რეპერის ახალი სერიალი, რომელმაც ინტერნეტსივრცეში რეკორდი დაამყარა – 600 000-ზე მეტი ნახვა პირველივე სერიას: „ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი… ყველა ამბავი ან ჩემი განცდილია, ან მინიმუმ, მოსმენილი…“

1111
უსაშველოები

ჯერ ორი კვირაც კი არ არის გასული, რაც „იუთუბზე“ ახალი ქართული სერიალი გამოჩნდა – „USAშველოების“ პირველივე სერიამ რეკორდი დაამყარა და ამ მომენტისთვის პირველ ეპიზოდს, რომელიც ზუსტად 11 დღის წინ გამოქვეყნდა, 658 000 ნახვა აქვს.

რეკორდსმენ სერიალს გულშემატკივრები პირველივე წუთიდან გამოუჩნდა. ეს არის ამბავი ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც ამერიკაში გამგზავრებას გადაწყვეტენ – აქედან იწყება ზუკას, ზაკას და სპარტაკას ფათერაკებით სავსე თავგადასავალი ნაცრისფერ ქართულ ყოველდღიურობაში.

რეალისტური ამბები ზაზა ნოზაძემ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ფურცელზე თავად გადმოიტანა – პოპულარული რეპერი, რომლისთვისაც „იუთუბზე“ რეკორდები ზოგადად, უცხო არ არის – მისი კომპოზიციები წლებია, მილიონობით ნახვას ითვლის, ამჯერად ფართო მაყურებელმა გაიცნო, როგორც რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ძალიან დამაჯერებლად გადმოგვცემს პერსონაჟების სახეებს – ყველა მათგანი ვიღაცას აუცილებლად მოგაგონებთ, ან თქვენს მეზობელს, ან უბნელს, ან უბრალოდ, გამვლელს, რომელთანაც ერთხელ მაინც გქონიათ შეხება…

სერიალის პირველი სეზონი ექვს ეპიზოდს მოიცავს, მაყურებელი კი უკვე ითხოვს გაგრძელებას. ზაზა ნოზაძემ თავის გუნდთან ერთად სერიალი ad hoc-ის დახმარებით გადაიღო, ახლა კი კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სპონსორებთან იმისთვის, რომ მეორე სეზონის გადაღება დაიწყოს.

ზაზა ნოზაძე fortuna.ge-ს სერიალის შესახებ უყვება.

ზაზა, როგორ გაჩნდა სერიალის გადაღების იდეა?

ეს იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როდესაც ჩავთვალე, რომ ქართველი რეპერის ცხოვრება ნამდვილად კინემატოგრაფიული იყო, ხოლო ის სამყარო, რასაც ვიღებ, ჩემთვის ძალიან ნაცნობია და ერთი სიამოვნებაა ამის გადმოცემა, იმ ფორმით, რა ფორმითაც გადმოვცემ…

სცენარისტიც თავად ხარ – ამბავი, რომელსაც სერიალში ჰყვები, ძალიან რეალისტურია. როგორ დაიწერა “უსაშველოები”?

სხვათა შორის, სცენარზე იმაზე დიდი ხანი ვმუშაობდი, ვიდრე თავიდან წარმომედგინა,  თითოეულ დიალოგზე, თითოეულ სცენაზე… როდესაც ვწერდი, შემდეგ მეგობრებს ვუზიარებდი დაწერილს და მათი ემოციის მიხედვით ვხვდებოდი, რამდენად „სწორად” მივდიოდი. ზოგჯერ ისეთმა ადამიანმა შეიძლება მოგცეს მაგარი რჩევა, ან მოგაწოდოს მაგარი იდეა, ვისგანაც ვერ წარმოიდგენ…

პირველივე სერიას ამ დრომდე 600 000-ზე მეტი ნახვა აქვს. ელოდი ასეთ წარმატებას?

მქონდა მოლოდინი, რომ ხალხამდე აუცილებლად მივიდოდა ფილმი, მაგრამ რომ არ დაგიმალო, ასეთ გამოხმაურებას ნაღდად არ ველოდი – ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ! მადლობა ყველას, ვინც შეგვიყვარა „უსაშველოები”.

მსახიობები და მათთან მუშაობა – ახალგაზრდა თაობის მსახიობებიც მონაწილეობენ და ვეტერანებიც, ზურა ყიფშიძე, გიორგი გურგულია… გაიხსენე მათთან მუშაობის პროცესი…

ძალიან სასიამოვნო იყო მსახიობებთან მუშაობა. იმხელა გამოცდილება დამიგროვდა ამ პერიოდში და იმდენად გავიზარდე, როგორც რეჟისორი, რომ უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ნდობისთვის.

რამდენი სერიაა უკვე გადაღებული, როდის სრულდება პირველი სეზონი და გაქვთ თუ არა გეგმები, რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს?

პირველი სეზონი შედგება 6 ეპიზოდისგან. მართალია, მეტი მსურდა, მაგრამ ასე ვთქვათ – რისი საშუალებაც მქონდა ფინანსურად, იმდენი გადავიღე. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, იდეალურად მიდის მოლაპარაკებები სპონსორებთან. უკვე დაწყებული მაქვს ახალი სეზონის სცენარის წერა და მეორე სეზონსაც მალე იხილავს ჩვენი მაყურებელი.

სერიალში თავადაც თამაშობ – რეპერს. არის ამ სერიალში ავტობიოგრაფიული მომენტები?

უმეტესად ყველა ამბავი, რასაც ვყვები ჩემი განცდილია, ან მინიმუმ მოსმენილი. ყველაფერი 100% ნამდვილია, უბრალოდ, ჩემებურად გადმოცემული. სულ მინდოდა ჩემი კინო, ჩემს რეპს დამსგავსებოდა და ვფიქრობ, რომ შევძელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g