LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად“

115
პაველ ჰერჩინსკი

„ჯერ კიდევ ამ წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ძალიან მტკივნეული და დასანანია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში დაჩქარდა მათი გაწევრიანების პროცესი“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

კითხვაზე – „რა კავშირშია საქართველოსა და მის პარტნიორ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის ნორმალიზება უკრაინაში ომის დასრულებასთან და როგორ წარმოუდგენია ურთიერთობის ნორმალიზება პარტნიორების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე“ – ელჩმა თქვა, რომ ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიაში შეჯიბრია, ვინ მიაყენებს ყველაზე მეტად შეურაცხყოფას ევროკავშირს.

„გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო, მიღებულ იქნა როგორც იმ მიზანმიმართული ქმედებების, გადაწყვეტილებების და კანონმდებლობის შედეგი, რომელიც იქნა მიღებული აქ, საქართველოში. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, პრობლემა არ არის ვაშინგტონში, პრობლემა და შესაბამისად, გადაწყვეტა არ არის კიევში, პრობლემა და გადაწყვეტა აქ, საქართველოშია.

ეს შედეგია საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებების და განცხადებების, რომ 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს.

ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რომელიც გვქონდა ერთი წლის წინ გაფართოების პირველი ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის ნოემბერში, იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივის შეწყვეტა. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეჩერდა. პირიქით, მსურს გაგიზიაროთ, ვცხოვრობ რა აქ, თბილისში და ვუსმენ რა თქვენს ანგარიშებს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია. ეს მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს, შეუერთდეს ევროკავშირს,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g