საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, „საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია, ვიდრე მოლდოვაში“. მისივე განცხადებით, „მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი ლიდერი და რა კურსით წავლენ“.
„საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა არის უპრეცედენტოდ ბევრად მაღალი, ვიდრე მოლდოვაში. რეფორმებითაც, მგონი, ეს საიდუმლო არ არის, მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი და ჭეშმარიტი ფაქტებია, რომ საქართველო ყველა იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს, აქვს ნამდვილად ბევრად მაღალი პოზიციები. საქართველოს ნამდვილად აქვს ლიდერის როლი და ყველა ამ სახელმწიფოსთან ერთად საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც იმსახურებს ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისათვის, მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.