LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობის ტრავმა და სიყვარული – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

137
თაკო-ნიკოლაიშვილი

ბავშვობის ტრავმა და სიყვარული – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თაკო ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.

რამდენად აისახება ბავშვობის ტრავმები სასიყვარულო ურთიერთობებზე?

ჩვენ ცხოვრებაში ბავშვობიდან გვასწავლიან როგორ მივიღოთ და გავცეთ სიყვარული. ამ მოდელს გვიყალიბებს გარემო რომელშიც ვიზრდებით. ზრდასრულობაში ქვეცნობიერად ვცდილობთ აღვადგინოთ სიყვარულის მიღება/გაცემის ის მოდელი, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია და კომფორტული. მიუხედავად მათი კომფორტისა ეს მოდელები ყოველთვის ადაპტური არ არის და ხშირად არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს. ერთ დროს თუ სიყვარულის მიღება/გაცემის მოდელები გვემსახურებოდა და დაცულ გარემოში გვამყოფებდა, ჩვენ ბრმად ვენდობით, რაც შესაძლოა აფერხებდეს და არაჯანსაღ ურთიერთობებს ქმნიდეს ამჟამინდელ ცხოვრებაში. სიყვარული არის ადამიანის ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც შეიძლება ბავშვობის ტრავმის გავლენის ქვეშ იყოს. ბავშვობაში ჩამოყალიბებული ტოქსიკური მექანიზმების ზრდასრულ ასაკში გამოვლინება შესაძლებლობას გვაძლევს ბავშვობის ტრავმის გაგებასა და განკურნებაში.

როგორ მოქმედებს ჩვენზე ოჯახური პატერნი?

ოჯახური პატერნი – ბევრი პრობლემა ურთიერთობაში არ მოდის ურთიერთობიდან, არამედ მოდის იმ არსებული შაბლონებიდან/მოდელებიდან რომლებიც გადმოგვეცა ბავშვობაში. ურთიერთობებში შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვობის ძველი ტრავმების გამოვლენა, რომელიც ვერ განიკურნა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ არ გვქონდეს ურთიერთობა, პირიქით ურთიერთობები შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენივე ტრავმების გადამუშავების საშუალებად, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი, ვიპოვოთ ბავშვობის ტრავმები თუ სად გაჩნდა მიჯაჭვულობა, ყურადღების დეფიციტი, ზრუნვის ნაკლებობა, ემოციური კავშირი…

 როგორ უნდა მოხდეს ბავშვობის ტრავმების გადამუშავება?

ბავშვობაში განცდილი გამოცდილებების გადამუშავების გარეშე ურთიერთობები შესაძლოა დამაბნეველი ან საფრთხის შემცველი გახდეს ჩვენთვის. ბავშვობის ტრავმული გამოცდილება არის ნებისმიერი მნიშვნელოვნად შემაშფოთებელი გამოცდილება. არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით რაც გაგვიკეთეს, არამედ ის, რაც არ მოგვცეს, რისი თვითმხილველიც ვიყავი ამ ქმედებების შედეგებით. გარემომ შესაძლოა გამოიწვიოს ინდივიდში ყურადღების დეფიციტი, უმნიშვნელობის განცდა, აზრი რომ საკმარისად კარგი არ ვართ იმისთვის რომ ვუყვარდეთ. ასევე დაუცველი მიჯაჭვულობა აღმზრდელსა და ბავშვს შორის ხშირად ზრდასრულ ასაკში იწვევს არაჯანსაღ მიჯაჭვულობას.

მნიშვნელოვანია ბავშვები შევაქოთ ხშირად და მოვუსმინოთ მათ ინტერესებს, სურვილებს, რათა შედეგში ჩვენი მხრიდან უგულებელყოფა არ აღმოჩნდეს ტრავმის მიზეზი, კერძოდ თავდაჯერებულობის, თვითშეფასების ნაკლებობის გამომწვევი. კოგნიცია როდესაც ზრდასრული ფიქრობს „არ შემიძლია, ვერ გავაკეთებ, არ შემწევს უნარი“, სწორედ ბავშვობაში ჩამოყალიბებული კოგნიციის ნაწილი შეიძლება იყოს, რომელიც ჯერ არ გაცნობიერებულა.

ასევე მნიშვნელოვანია თუ რა დროს ვაქებთ ბავშვებს, თუ ეს მათი წარმატებული ქცევის შედეგიდან მოდის ეს ზრდის მათ დაჯერებას რომ შეუძლიათ მიაღწიონ შედეგს, თუ ეს ჩვენი ნაკარნახები სურვილებია და ვაქებთ იმიტომ რომ ჩვენი პირობა შეასრულეს , ამ დროს იკარგება ბავშვის ნება და იწყებს ჩვენ სურვილებზე დათანხმებას იმისთვის რომ ჩვენი კმაყოფილება მოიპოვოს. ამით ბავშვი იმყარებს საკმარისობის, მნიშვნელოვნების განცდას, თუმცა ხდება ჩვენი ინტერესების მსხვერპლი და არა საკუთრის შემქმნელი. ხშირად გვაინტერესებს რატომ არ გამოდის ურთიერთობები ან რატომ ვაწყდებით იგივე პრობლემებს. ბავშვობაში ჩამოყალიბებული მოდელების გაცნობიერება გვეხმარება შევქმნათ ჩვენთვის სასურველი, ადაპტური, კომფორტული მოდელი.