LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – „ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით, უამრავი ადამიანი შეიკრიბა ერთი მიზეზით, მსოფლიოს გააგონოს, რომ სამშობლოს, რწმენას, თავისუფლებას საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დათმობს“ 

208
კახა კალაძე

ამ ქალაქს სამშობლოს ერთგულება არასდროს შეშლია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც წყდებოდა ქვეყნის ბედი. თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშვიდობოს ქვეყანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო არ იქნება ვინმეს ვასალი, გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები.

„მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო, გულანთებულო ქართველებო, მივესალმები სრულიად საქართველოს, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს, მივესალმები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ურთიერთპატიებას, ნდობის დაბრუნებას და თანაცხოვრებას. გაუმარჯოს ერთიან, მთლიან, დამოუკიდებელ საქართველოს. ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით, უამრავი ადამიანი შეიკრიბა დღეს აქ ერთი მიზეზით- მთელ მსოფლიოს გააგონოს, რომ სამშობლოს, რწმენას, თავისუფლებას საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს არასოდეს. მეგობრებო, ამ ქალაქს სამშობლოს ერთგულება არასდროს შეშლია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც წყდებოდა ქვეყნის და დედა ეკლესიის ბედი. სამშობლო და სარწმუნოება განუყოფელია ქართველი კაცისთვის. თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშვიდობოს ქვეყანა. გიყურებთ და მახსენდება ის დრო, როდესაც 12 წლის წინ იმედით აღსავსეები შევიკრიბეთ ზუსტად ამ ადგილას და ერთმანეთს ვუთხართ, რომ აუცილებლად დავასრულებდით სისხლიან რეჟიმს, უსამართლობას და ბოროტებას, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ ეს შევძელით, რაც მთავარია, შევძელით უსისხლოდ და მშვიდობიანად. მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა ბიზნესი, აღარავინ აწამებს და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფოს სახელით. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, თავისუფლება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კი არ ჩაგრავს, შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ზრუნავს და მხარს უჭერს მათ.

ჩვენ, ყველამ ერთად, ამ 12 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ, უამრავი რეფორმა გავატარეთ და დღეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველა ობიექტური პარამეტრით იმსახურებს ევროპულ მომავალს. ვისაც ამის დანახვა სურს, თავისუფლად შეუძლია დაინახოს. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი, ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები, ღირსეული მეგობრები. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფვით ჩვენი ფასეულობებით, უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართული გავაღებთ ევროკავშირის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით. საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არახელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი. ასეთ საქართველოზე ვოცნებობთ ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად. რამდენიც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ. საქართველო უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა. ეს არის ჩვენი მიდგომა, ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უსამშობლო ადამიანებს ქვეყანას საჯიჯგნად ვერ დაუთმობენ.

„მინდა, გავიხსენო 2012 წელს რა გადამწყვეტი როლი იქონია თბილისმა ქვეყნის ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, სიცრუეს და სიყალბეს, რომელსაც ე.წ. საქართველოს მეგობრები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ და დღესაც, სამწუხაროდ, ასე ზეწოლით, შანტაჟით ცდილობენ ისინი დააბრუნონ ხელისუფლებაში. პირდაპირ ერევიან არჩევნებში, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარე ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ შეუერთდა სანქციებს. გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, ხოლო ლგბტპ პროპაგანდა ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის გამოვლინება. გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულ რადიკალებს უფლება აქვთ, მიიღონ თანხები, ეს ყველაფერი გამოიყენონ ხალხის დაპირისპირებაში, რევოლუციების მოწყობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში და თურმე ქართველმა ხალხმა ამის შესახებ არაფერი არ უნდა ვიცოდეთ. მინდა, მივმართო აქაურ წვრილფეხა რადიკალებს და მათ გარეთ წამქეზებლებს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ და ვერ მოხდება. უსამშობლო, გამყიდველი ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველო არ დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ გამარჯვებით წინ ევროპისკენ. მათმა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, რასაც არ დაივიწყებს ქართველი ხალხი და არ დაუშვებს, ისევ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში, გარე ძალების ინტერესების გამო. სამშობლო თუ არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს. ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს საჯიჯგნად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის დასაცავად.

„მეგობრებო, დღეს, ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ ან არ შეუძლიათ. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისე დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველამ ხელი აიღოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ ავ ზრახვებზე. ამისთვის საჭიროა, ქუდზე კაცი გამოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ საკუთარი ხმა, რომელიც საქართველოს მიიყვანს გამარჯვებასთან. დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენი ბრძოლა წყდება არჩევნებზე, დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი გასატანი, ჩვენი სამშობლოს გასატანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით შევქმნით ევროპულ მომავალს. 26 ჩვენი რიცხვია, ოქტომბერი ჩვენი თვეა. გაუმარჯოს გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g