ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, გაერკვეს მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს.
კერძოდ, საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
კალანდარიშვილი აღნიშნულს შემაშფოთებელს უწოდებს.
ამასთან, ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე წარმოება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით განახორციელოს.
„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ. მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო, მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში. მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხზე. მინდა, სამინისტროს ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს წარმოება, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ.
ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს, კენჭისყრის დღის მთლიანობას, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა.
კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.