გორის ყოფილი მერის და „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 49-ე ნომრის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ უბნებზე პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, თუმცა, „ქართული ოცნება” დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს.
„მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა პროვოკაციის საარჩევნო უბნებზე, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, იმიტომ, რომ არჩევნების პროცესი ჯანსაღ გარემოში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა, შესაბამისად, მათ მცდელობებს შედეგი არ გამოუღია.
ურთულესი არჩევნები იყო, მაგრამ მოლოდინი იყო გამარჯვების და ასეც განვითარდა მოვლენები – ქართველი ხალხი ბრძენია, ჩვენმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, კეთილდღეობა, ქვეყნის განვითარება. ჩვენ ვიცით, საით მივდივართ – მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.