LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები-რეფერენდუმი: არაფერი შეცვლილა! რა შეიცვლება?!

132
464571806_1000609795441371_423993500409299231_n

საქართველოში ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ორივე ძირითადი დაპირისპირებული მხარე რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები არ დასრულებულა შედეგების გამოქვეყნებით: გაგრძელება იქნება!

დამარცხებული ოპოზიცია შეიკრიბა, მოითათბირა და პრეზიდენტის პირით გამოაცხადა, რომ გაგრძელება იქნება… ქუჩაში!

ნაცნობი სურათი: არაფერი არ იცვლება.

სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი):

“მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“.

შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის თავმჯდომარე):

„გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის“.

არჩევნები ოფიციალურად მოიგო ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“, აიღო ხმების დაახლოებით 54% და დარჩა მმართველ ძალად. ანუ არაფერი შეცვლილა.
არაფერი შეცვლილა, რადგან ვერ მიიღო ნანატრი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ბევრად მეტის გაკეთების საშუალებას მისცემდა. თუნდაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოახერხებდა, ან „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და ა.შ.

მოკლედ, მოცემულობა დარჩა იგივე, რაც იყო არჩევნებამდე და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა: უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ (ოღონდ არასაკონსტიტუციო), რომელიც ჯამურ ოპოზიციას დიდად არ აღემატება.

ცხადია რჩება უკიდურესი პოლარიზაცია და ეს მარტივად არც შეიცვლება. მაგალითად, უცხოელი დამკვირვებლების ერთი და იგივე ინტერვიუ თარგმანში სხვადასხვა არხზე რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციით გადაიცემოდა.

არ იცვლება შეფასებები, პროგნოზები, მოლოდინი…

რას იტყვის და რა პოზიციას დაიკავებს ევროპა? რა შეიცვლება ამ თვალსაზრისით? ეს არის ახლა მთავარი კითხვა და მოლოდინი.
აქ არ იგულისხმება მარტო უახლოეს დღეებში გაკეთებული შეფასებები თუ პროგნოზი, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული პოზიცია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
მხოლოდ ევროპელი დამკვირვებლების საარჩევნო შეფასებებზე არ არის საუბარი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ევროპაზე.

როგორ განვითარდება მოვლენები თავად ევროპაში, ჩვენს რეგიონში, რას შეცვლის და რას არა ევროპა, აი ამას აქვს მნიშვნელობა.

როცა ყველა მოგებულია

პოლიტიკურ საქართველოში ბევრი რამ არ იცვლება და ვხედავთ ერთი და იგივე „კინოს“.
ცესკო-ს კრინტი არ ჰქონდა დაძრული შედეგებზე და „ქართულმა ოცნებამ“ ფეიერვერკები და შამპანურის საცობი გაუშვა ჰაერში, ცალკე იქით ოპოზიცია დახტუნაობდა, მოვიშორეთ ივანიშვილის რეჟიმიო… არც ეს არის სიახლე ქართველი ამომრჩევლისთვის, როდესაც ორივე მხარე საკუთარივე კვლევების შედეგებზე დაყრდნობით წინასწარ ზეიმობს გამარჯვებას.

იქნება აქციები და „ხმების დაცვა“: არაფერი არ იცვლება.
ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ უკვე გამოაცხადა პარლამენტის ბოიკოტირება, რაც ასევე უკვე ნანახი და აპრობირებულია და არც ამ მხრივ შეცვლილა რაიმე.

შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის თავმჯდომარე):

„ოპოზიცია როგორც 2020 წელს პუფებით შემოვიდა პარლამენტში, ახლაც ზუსტად ასე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან შემოვლენ, ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ხალხს“.

იქნებ დადგა დრო, რომ მხარეებმა დამდგარი შედეგების გამო ოდნავ მაინც საკუთარ თავსაც მოკითხონ პასუხი, დაფიქრდნენ, გაანალიზონ და ყველაფერი ოპონენტებს არ გადააბრალონ. „ოცნებას“ დასაფიქრებელი აქვს რატომ წააგო თბილისი, ოპოზიციამ კი საკუთარ სტრატეგიას, მიდგომებს გადახედოს, გადაახალისოს, სიახლე შესთავაზოს და არ იტრიალოს ერთი და იგივე წრეზე, რომელსაც საბოლოო ჯამში შედეგი დიდად მაინც არ მოაქვს.

იქნებ მართლაც ცვლილებების დროა, თან ბევრ რამეში და არა მარტო ერთ მხარეზე…


დასავლეთი ასეთ საქართველოს არ ცნობს და გამოძიებას ითხოვს

ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ ევროინტეგრაცია გაგრძელდება, რა და როგორ იქნება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რადგან დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, უარყოფითი, მეტიც მკვეთრად გამოხატული კრიტიკული შეფასებები ისმის.

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ:

  • “ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.
    ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას.

ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას მალე ლატვიაც შეუერთდა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ“. ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს.

  • „თუმცა, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო გარემო აღინიშნა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და ძირი გამოუთხარა საზოგადოების და საერთაშორისო ნდობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცლად ისაუბრა.

  • „ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით.“

მისი თქმით, აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე.


განცხადებას ავრცელებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI აქტის თანაავტორი ჯო უილსონიც.

  • „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. ასევე, შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს“.


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი:

  • „26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
    საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.
    გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ.
    საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი“.

რა შეიძლება შეიცვალოს?

საქართველო და რეგიონი ისეთ დღეშია, რომ მხოლოდ შიდა არჩევნები არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ბედზე. ბევრი რამ დიდწილად (შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს) დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის, იგივე რუსეთ-დასავლეთის ომის შედეგებზე.

რა მოხდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? ვინ მოიგებს და რა შეიცვლება? რა პოზიციას დაიკავებს აშშ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მიმდინარე მოვლენებზე?

მოახერხებს დასავლეთი და რუსეთი მძიმე, თითქმის შეუძლებელ, მაგრამ მაინც გარკვეულ კომპრომისამდე მისვლას, დასხდებიან თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთი და უკრაინა (ანუ დასავლეთი). ომის დასრულების და მოლაპარაკებებზე გარკვეული მინიშნებები ხომ უკვე გაისმის.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია რა მოხდება მოლდოვასთან მიმართებაში. ევროპა ერთიან პაკეტში განიხილავს სამ ქვეყანას (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) თუ საქართველოს გვერდზე გაწევენ.

რამდენად საჭირო იქნება საქართველო?

შესაძლოა სწორედ ამ პირობამ განსაზღვროს საქართველოს ბედი. თუ ჩვენი ქვეყანა აქტუალური იქნება ევროპისთვის, არ არის გამორიცხული მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აანონსებს კიდეც.

ირაკლი კობახიძე (საქართველოს პრემიერ-მინისტრი):

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც, ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება“.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად ახსენებს ფაქტს, (მიუხედავად მსოფლმხედველური განსხვავებისა), რომ სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში მოხდა ასოცირების შესახებ შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება…
შესაბამისად, თუ საქართველომ შეინარჩუნა საკუთარი როლის მნიშვნელობა და რაც მთავარია ფუნქცია ამხელა გეოპოლიტიკურ ორომტრიალში, მაშინ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საერთო წერტილის გამონახვა შეუძლებელი აღარ იქნება.

ბუნებრივია, თამაში მხოლოდ ცალ კარში ვერ იქნება, ამიტომ მიუხედავად „ღირსებით“ სიარულის სურვილისა, რაღაცეების გათვალისწინება-დათმობა ალბათ საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწევს.

ლევან დავითაშვილი (პირველი ვიცე-პრემიერი):

„საქართველო მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და ზოგადად პარტნიორებთან“.

საქართველოს სჭირდება ევროპა და ამ მხრივაც არაფერი არ იცვლება.
ევროპასაც სჭირდება საქართველო და იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიცვლება ვითარება და ევროპა წამოვა მოლაპარაკებებზე საერთო მიზნებისა და ინტერესების გამო.

უნდა შეიცვალოს ევროდამოკიდებულება და არ უნდა შეიცვალოს ევროპული მზერა, რადგან მიუხედავად ევროპული გადაწყვეტილებების მიმართ გარკვეული კითხვებისა, ქართული ოცნება (არა პარტია) მაინც ევროპაა!

ფოტო: cnbc
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
სალომე სარიშვილი/ფორტუნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g