„სჯობს მამუკა მდინარაძე ვირეშმაკობას მოეშვას. შეგიძლიათ გადასცეთ, თუ რაიმე დასამალი არ აქვთ, ძალიან მარტივად, ნება იბოძონ და ცესკო-ს სიები, სრული ბაზა ნეიტრალურ პლატფორმას გადასცენ“, – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია თითოეული საარჩევნო უბნის მონაცემების გახსნა საგამოძიებო უწყებას მოსთხოვოს.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებების განადგურებაში წვლილს შეიტანენ, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან:
„გარშემო გვახვევია ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავები აღმოაჩინეს იმ უბნებზე მიწერილი, სადაც ფეხიც კი არ დაუდგამთ. ადამიანმა, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, თავი აღმოაჩინა მარნეულში, რომელიღაც უბანზე მიწერილი. ამ ადამიანს აქვს უფლება იცოდეს, ვინმე მივიდა თუ არა მისი სახელით არჩევნებზე. თუ დასამალი არაფერი აქვთ, საკითხი ძალიან მარტივად დგას – მტკიცებულებების განადგურებაში თუ წვლილს შეიტანენ, როგორც ვატყობ, აქეთ მიდის საქმე, ამაზე პასუხისმგებლობა დროის ამბავია, დღეს იქნება თუ ხვალ, ვერც მდინარაძე და ვერც „ოცნების” სხვა წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.