LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფუძვლო შიში თუ რეალური შეშფოთება: რას უპირებს ტრამპის ამერიკა ევროპას

231
170704064628-02-trump-g7-file

აშშ-ს პრეზიდენტი კვლავ დონალდ ტრამპი გახდა. შესაძლოა ეს შედეგი ცოტა მოულოდნელიც იყო მიუხედავად იმისა, რომ ლამის ბოლო წუთამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის შანსები ოპონენტზე უკეთესად მაინც არ ფასდებოდა. პროგნოზები არ გამართლდა და ტრამპმა ე.წ. მერყევი შტატები მოიგო და კიდევ ერთხელ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი.

ჯერ კიდევ შედეგების ოფიციალურ გამჟღავნებამდე წავიდა მილოცვები ყოველი მხრიდან.

აშშ – დიდი, სტაბილური ქვეყანაა, სადაც ჩამოყალიბებულია პრინციპები, მიდგომები და წარა-მარა არ იცვლება ვითარება, მაგრამ ტრამპის ფიგურიდან, მოსაზრებებიდან, ნათქვამიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი მომავლის მოლოდინი გაჩნდა.

არადა, როგორი რთული სიტუაციაა: ევროპა და აშშ ერთობლივად ებრძვიან უკრაინაში რუსეთს, დასასტაბილურებელია ვითარება ახლო აღმოსავლეთში, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროპის ეკონომიკა საუკეთესო პერიოდს არ განიცდის… ტრამპი კი… შეცვლის მიდგომებს?! აი რა აშფოთებთ ევროპაში. რას შეცვლის და რას არა, რამდენს შეძლებს და რას ვერა?!
რთულად საპროგნოზირებადი ტრამპი და ევროპა – (შე)იცვლება თუ არა აშშ-ევროპის ურთიერთობა თუ ეს უბრალოდ ჭიქაში ქარიშხალია?

მოსაზრებები, პროგნოზები განსხვავებულია.

სიტყვის თუ საქმის კაცი

საკითხთან დაკავშირებით „ფორტუნა“ ესაუბრა ქართველ ექსპერტებს.

ირაკლი მელაშვილი
პოლიტიკის ანალიტიკოსი

„არის რაღაც მითები, რომელშიც ყველანი ვართ გახვეული. სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მიიღო უკრაინამ ყველზე დიდი სამხედრო დახმარება. უკრაინის არმია ვერ გაუძლებდა რუსეთის პირველ დარტყმას ტრამპის დროინდელი დახმარება რომ არა. არ ვფიქრობ, რომ ტრამპის მოსვლა უკრაინისთვის კატასტროფის მომტანი იქნება. აშშ-ში ვერ ხერხდება ასეთი მკვეთრი ცვლილებების გაკეთება, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის მკაფიო და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დოქტრინა. მისი შეცვლა ასე მარტივი არ არის, ერთი კაცის მოსვლით ვერ იცვლება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტებს აქვთ გავლენა, მაგრამ არიან ჩარჩოებში. არ ვფიქრობ, რომ მკვეთრი ცვლილებები იქნება“.

რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი

„ჩვენში გამჯდარია პოზიცია, რომ ამხელა ქვეყანას ისეთი სისტემა აქვს, რომ სისტემა იმარჯვებს. მგონი არ არის სწორი თუ გავიხსენებთ, რომ ბუში-უმცროსის ტენდეცია იყო ხავერდოვანი რევოლიციებით გასულიყო ავღანეთამდე, იმიტომ რომ იქ იმალებოდა ბინ ლადენი. მართლაც აშშ-მა ხელი შეუწყო რევოლუციებს საქართველოში, უკრაინაში. როგორც კი მიხვდნენ, რომ გამართლებული არ იყო მთელი კონტინეტის ხავერდოვანი რევოლუციებით მოცვა, აღმოაჩინეს, რომ აშშ რევოლიცებს აწყობდა, ხოლო რუსეთი თავის ფიგურებს სვამდა.
მაგრამ ეს ერთი კაცის პროექტი იყო, პრეზიდენტის. გამოდის, რომ პრეზიდენტს გარკვეული ძალა გააჩნია.
არა მგონია ტრამპმა მკვეთრად იმოქმედოს. მკვეთრად მოქმედების საბაბი მას პირველი პრეზიდენტობის დროს ჰქონდა. მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ტრამპი უფრო ხმაურის კაცია, ვიდრე საქმის“.

ბუკა პეტრიაშვილი
პოლიტიკური მიმომხილველი

„ტრამპის პოლიტიკა იქნება უფრო იზოლაციონისტური, დაკავდება უფრო შიდა საქმეებით. ფოკუსი ექნება მიგრანტების პრობლემაზე. აცხადებს, რომ განათლების მხრივ აქვს სერიოზული გეგმები. ოვალურ კაბინეტში შესვლის პირველსავე დღეს მოაწერს ხელს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოკლედ, გეგმები არის დიდწილად საშინაო.
რაც ჩვენ და ევროპელებს გვაწუხებს, ეს არის ომი უკრაინაში. გვახსოვს ტრამპის განცხადებები, რომ ერთ დღეში განახორციელებდა ზარებს და დაასრულებდა ომს. მისი დევიზი იყო კიდეც – არ დაიწყებს ომებს, ის დასრულებს ომებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ როდესაც ახალ გუნდს მოიყვანს და სიღრმისეულად ჩაიხედავს ამ საკითხში, მიხვდება, რომ არ შეიძლება ახლა უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა“.

დახმარების შემცირება და ტარიფების ზრდა

ევროპის მთავარი თავსატკივარი ორი საკითხია: სამხედრო დახმარება და ეკონომიკური მიმართულება – ტარიფების ზრდა.
რა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა გადაწყვეტილებებმა?

შეშფოთება პირველი: ნატო

აშშ-ს ვალდებულება ნატოს ფარგლებში ერთობლივ თავდაცვაზე.

დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰპირდა, რომ შეამცირებს აშშ-ის ვალდებულებებს.

Goldman Sachs-ის ეკონომისტები აფრთხილებენ, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა ევროპას აიძულებს გაზარდონ სამხედრო ხარჯები.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რითაც ევროპას დაუტოვებს პასუხისმგებლობას დეფიციტის ანაზღაურებაზე.

იმის გამო, რომ აშშ ყოველწლიურად ხარჯავს 40 მილიარდ ევროს (ანუ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,25%) უკრაინის მხარდასაჭერად, ევროპის მთავრობები სავარაუდოდ იძულებული იქნებიან გაზარდონ საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი.

შეშფოთება მეორე: ეკონომიკა

თავდაცვის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ევროპასთან ეკონომიკური თანამშრომლობა. ტრამპი არაერთხელ აკრიტიკებდა გერმანიას (ევროკავშირის მთავარ ეკონომიკას) რუსეთის გაზზე დამოკიდებულების გამო. მისი პირადი ურთიერთობა გერმანიის მაშინდელ კანცლერ ანგელა მერკელთან დაძაბული იყო.

შიშობენ, რომ ტრამპი გააუარესებს ევროკავშირთან სავაჭრო რეჟიმს, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპულ საქონელზე ტარიფებს 10%-დან 20%-მდე გაზრდის. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს ევროპის ეკონომიკისთვის.

დაწესდება უფრო მაღალი ტარიფები ევროპულ ექსპორტზე ყველა კატეგორიაში, ფოლადითა და ავტომობილებით დაწყებული ყველითა და ღვინით დამთავრებული, რათა ისინი ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახადონ აშშ-ს ბაზრებზე. მაშინაც კი, თუ ტარიფები პირდაპირ ევროპულ საქონელზე არ არის გამიზნული, ევროპული კომპანიები მაინც დაზარალდებიან, თუ აშშ გადაწყვეტს სანქციების დაწესებას იმ პროდუქციაზე, რომლებიც იყენებენ ჩინურ ტექნოლოგიებს, ან ზეწოლას მოახდენს ევროპაზე სეპარაცია მოახდინოს ჩინეთისგან.

ჩინეთი კი არის ევროკავშირის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი შეერთებული შტატების შემდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობებმა შეანელონ ჩინეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური პროგრესი, შესაძლოა ევროპას ზიანი მიაყენოს, ასე ფიქრობენ ექსპერტები.

ისევ რუსეთისაკენ?..

ტრამპის ტარიფებმა შეიძლება მძიმე დარტყმა მიაყენოს ვაჭრობაზე დამოკიდებულ ევროპულ ეკონომიკას.
ყოვლისმომცველმა ტარიფმა იმპორტზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ისეთ ინდუსტრიებზე, როგორიცაა მანქანათმშენებლობა და ქიმიური მრეწველობა, რომლებიც დიდწილად დამოკიდებულია შეერთებულ შტატებში ექსპორტზე.

ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირმა 2023 წელს აშშ-ში 502,3 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც არაევროპული ექსპორტის მეხუთედს შეადგენს.

აშშ-ში ევროპული ექსპორტიდან წამყვანია მანქანები და სატრანსპორტი საშუალებები (207,6 მილიარდი ევრო), ქიმიკატები (137,4 მილიარდი ევრო) და სხვა სამრეწველო საქონელი (103,7 მილიარდი ევრო), რაც ჯამურად შეადგენს ბლოკის ტრანსატლანტიკური ექსპორტის თითქმის 90%-ს.

შესაძლოა, ევროპაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნები იძულებული გახდნენ გააძლიერონ თავიანთი ყოფნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და ეძიონ ეკონომიკური მხარდაჭერის ახალი პუნქტები. მეტიც, ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, უკრაინის კონფლიქტის გაყინვის შემთხვევაში, რუსეთთან თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობებსაც მიმართოს და სანქციების რეჟიმის შესუსტება დაიწყოს.

რეალური თუ გადაჭარბებული შიში?

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გავლენა შეიძლება იყოს ბევრად უფრო მცირე, ვიდრე ბევრი ელოდება.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის ბოლო მოხსენებაში შეფასებულია ევროზონის მშპ-ის უფრო მოკრძალებული კლება – სულ რაღაც 0,11%-ით.

„ტრამპის გამარჯვება დააჩქარებს სტრუქტურულ ძვრებს, რაც ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, მათ შორის მზარდი პროტექციონიზმი, ჩინეთსა და აშშ-ში ექსპორტის შესაძლებლობების შემცირება და დაძაბული ფინანსური ვითარების პირობებში თავდაცვაზე მეტი ხარჯის საჭიროება“, წერს Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტი ევროპის საკითხებში ენდრიუ კენინჰემი. ის მოელის, რომ ევროზონის მშპ 0,5%-ზე ნაკლებით შემცირდება.

თუმცა, ექსპერტმა გააფრთხილა, რომ ზიანი გაცილებით უარესი იქნება, თუ ეს გამოიწვევს ტრანსატლანტიკურ ან სავაჭრო ომს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის.

ტრანსატლანტიკური რღვევა: რა მოუვა მარტო მდგომ ევროპას

ჯერ კიდევ არჩევნების წინა დღეს, The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია „როგორ ემზადება ევროპა ტრამპის შესაძლო მეორე პრეზიდენტობისთვის“. ავტორები ევროკავშირის 5 ქვეყნის 15 დიპლომატს, პოლიტიკოსს და წამყვან ექსპერტებს ესაუბრნენ. მათ დაასკვნეს, რომ “ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირეები ევროპაში ემზადებიან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესაძლო რღვევისთვის”, თუ რესპუბლიკელი თეთრ სახლში დაბრუნდება.

დღეს არ არსებობს კონტინენტზე ლიდერი, რომელიც ტრამპის საპირწონეა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლიტიკურად დასუსტებულია, მან დაკარგა მმართველი უმრავლესობა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩაძირულია შიდა დაპირისპირებებში და ელის მემარჯვენეების აღორძინებას. სამი თვის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის რეიტინგი რეკორდულ დაბალია.

ევროპული ქვეყნები ზრდიან სამხედრო ხარჯებს, ოფიციალურმა პირებმა ნოემბრის არჩევნებამდე დახმარების პაკეტების გატარება წესად აქციეს.
ასევე გააქტიურდა საუბარი საკუთარი ევროპული არმიის შექმნაზე.

ევროპელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, „აშშ-ს თავდაცვის მხარდაჭერის დაკარგვა დამანგრეველი დარტყმა იქნება“ ევროპის უსაფრთხოებისთვის. უკრაინაში სამხედრო კონფლიქტმა აჩვენა, „როგორ გაუჭირდებათ ევროპელებს მარტო დგომა და რამდენად მაღალია ფსონები“.

გამოყენებულია euronews-ის მასალა
ფოტო: cnn
usatoday
nytimes
encompass-europe
Boell

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g