„ამ მოძრობას აქვს განსხვავებული ეტაპები და ფორმები, თქვენ ნახეთ, რომ ქალაქის პარალიზება არის ერთი მიმართულება, რომელიც თსუ-თან პოლიციისთვის მოულოდნელად განვახორციელეთ“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გაფრთხილებაა რომ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება არ გაგრძელდება.
როგორც ხოშტარია აცხადებს, ხვალ საღამოს, 21:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია აქციაზე შეკრება, რომ მოვემზადოთ 25 რიცხვისთვის.
„სადაც და როგორც არ უნდა შეიკრიბონ, „ქართული ოცნება“ არის მარტო. დარჩებიან მარტო, იქ არცერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი არ იქნება, ისინი სრულ იზოლაციაში იქნებიან. ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მათი შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ!
ჩვენ ვართ ბევრად მეტნი, ამიტომ მნიშვნელოვანია მანქანებითა და ფეხით მსვლელობა, ღამე დარჩენა და 25 რიცხვში იმის თქმა, რომ საქართველო არის ეს და არა იქ შეკრებილი თვითმარქვია რაღაც პატარა ჯგუფი“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.